ბათუმი,მთავარი,სიახლეები

აჭარაში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს დარღვევების გამო რეგისტრაცია გაუუქმეს

09.09.2019 • 1104
აჭარაში ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს დარღვევების გამო რეგისტრაცია გაუუქმეს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებით, აჭარის რეგიონში განხორციელებული შემოწმების ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის” მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 77 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით,  სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან, მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ  სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ. ასევე,  მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ პერიოდულად შეამოწმებს და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ეროვნული ბანკი ამავე განცხადებაში მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე: – 2 406 406


ამავე თემაზე: სებ-ი სავალუტო ჯიხურებს ამოწმებს – 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 10 დააჯარიმა

 

გადაბეჭდვის წესი