მთავარი,სიახლეები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე?

06.09.2019 • 2066
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე?

„რა შუაშია მიხეილ ჩინჩალაძე? იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიჰყავს პროცესი. ეს არის ერთი ადამიანის დისკრედიტაციის სურვილი. რატომ არის და როგორ არის, მე ჩემი ახსნა მაქვს ამაზე. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომ ადამიანი, რომელიც მართლა ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში, ხდება თავდასხმის ობიექტი იმ პირების მიერ, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილები,“ – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე საბჭოს წევრს – ნაზი ჯანეზაშვილს.

გიორგი მიქაუტაძე იმ 20 ადამიანს შორისაა, რომელიც იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლო მოსამართლეობის კანდიდატად შეარჩია. ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს, თქვა: „20 კანდიდატიდან 10 არის სააპელაციოს მოსამართლე, რომლის თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეა, ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი“

გიორგი მიქაუტაძე დადებით ტენდენციად მიიჩნევს იმას, რომ შერჩეული 20 კანდიდატიდან 10 სააპელაციო სასამართლოს წევრია. იგი პოლიტიკურ ან სხვა სახის ჩარევებს გამორიცხავს და ირწმუნება, რომ ეს „კარიერული წინსვლის პრინციპია“.

„არსებობს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკა, როცა 99 პროცენტ შემთხვევაში დაწინაურება ხდება კარიერული ზრდის პრინციპით. ეს არის ძალიან ბუნებრივი და სწორი მოვლენა. ეს ასე უნდა იყოს. ასე ჩვენთან კი არ ხდება მარტო. კონკრტულ კანდიდატებზე ვერ ვისაუბრებ, მეც თვითონ კანდიდატი ვარ,“ – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ „ბათუმელებთან“.

გიორგი მიქაუტაძეს „გონიოს პლაჟის ინციდენტზეც“ ვკითხეთ, რომელიც 2016 წელს მოხდა და ამ დრომდე საქმის გამოძიება დასრულებული არ არის. პლაჟზე ნაცემი არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა.

ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე.

2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბიჭის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა.

ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან. მათ უკვე მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი და მათთან ერთად არის არასრულწლოვანი ბიჭიც, რომელიც მოსამართლეს პლაჟზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.

„გამოითხოვეთ ეს ინფორმაცია პროკურატურისგან. იცით, რატომ არ არის დასრულებული გამოძიება? გაქვთ ამაზე პასუხი? – არასრუწლოვანი პირი საერთოდ არ მივიდა, არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში,“ – გვითხრა გიორგი მიქაუტაძემ. მას ასევე ვკითხეთ, თუ რატომ არის მისთვის მისაღები პროკურატურის ეს პასუხი, როცა არსებობს ადამიანის დისტანციური დაკითხვის შესაძლებლობა და იგივე „გიორგი მიქაუტაძის საქმეზე“ გამართულ სასამართლო პროცესზე არასრულწლოვნის ბრალდებული მშობლები სკაიპის საშუალებით ჩართეს.

„ეს კითხვები ჩემ მიმართ არ უნდა არსებობდეს. ეს უნდა იყოს პროკურატურისკენ მიმართული… მე არ მაქვს არანაირი ინტერესი ამ საქმის მიმართ. ვერავინ დამისახელებს მიზეზს, რატომ შეიძლება ვყოფილიყავი დაინტერესებული ამ საქმის მიმართ“, – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

რატომ გამორიცხავს მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომ ბრალდებული შესაძლოა თავად გახდეს არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობისთვის?

„ეს გამორიცხულია. ეს მოხდა დღისით, მზისით, 50 მოწმის თვალწინ. რა ძალადობაზე მელაპარაკებით. ორი მცირეწლოვანი შვილი მახლდა მე,“ – დასძინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: