მთავარი,სიახლეები

კონცერტი ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის – ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე

02.09.2019 • 3184
კონცერტი ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის – ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის მეორე დღე

დღეს, 2 სექტემბერს ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალის მორიგი კონცერტი გაიმართა დრამატულ თეატრში.

დავით მუქერიას დირიჟორობით, კონცერტი ბათუმის ფესტივალის ორკესტრმა აზარშვილის სიმებიანი ორკესტრის ნოქტიურნით გახსნა, შემდეგ კი მსმენელმა იტალიელი ფლეიტისტის, ლუიზა სელოს შესრულებით ფესტივალის ორკესტრთან ერთად, ვივალდის კონცერტი ფა მაჟორი და ფილიპ ემანუელ ბახის რე მინორი მოისმინა.

ფლეიტის კონცერტები შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტით გაგრძელდა,  იტალიელი პიანისტის, ალექსანდრე გაჯიევის შესრულებით.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების რიგით მეშვიდე ფესტივალი, ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტით საზეიმოდ გაიხსნა გუშინ, პირველ სექტემბერს.
კონცერტზე მსმენელის წინაშე გახსნის დღეს ფესტივალის საპატიო სტუმარი და მონაწილე, იტალიელი გიტარისტი კლაუდიო პიასტრა წარსდგა.

ფესტივალი წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მსმენელს კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების და ახალგაზრდა ვირტუოზების მოსმენის შესაძლებლობა ბათუმში პირველიდან ათ სექტემბრამდე ექნება.
ფესტივალი 10 სექტემბერს კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით დასრულდება.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი, ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც UNESCO-ს მაღალი პატრონაჟით უკვე მეშვიდე წელია იმართება.

ხვალ, 3 სექტემბრის საკონცერტო პროგრამაშია ბეთჰოვენის უვერტიურა ,,ეგმონტი“, მოცარტის კონცერტი კლარნეტისთვის ლა მაჟორი და ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი #5. ორკესტრს 3 სექტემბერს იტალიელი დირიჟორი ჯანკარლო დე ლორენცო უდირიჟორებს, კლარნეტის პარტიას ასრულებს იტალიელი კლაუდიო მანსუტი. ორკესტირის პიანისტი კი 3 სექტემბერს დავით ალადაშვილი იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: