მთავარი,სიახლეები

რატომ ღირს თხილი სამეგრელოში 6 ლარი და აჭარაში 3 ლარი – ფერმერების აქცია მთავრობასთან

30.08.2019 • 2703
რატომ ღირს თხილი სამეგრელოში 6 ლარი და აჭარაში 3 ლარი – ფერმერების აქცია მთავრობასთან

ქობულეთის სოფლების – ქაქუთის, ლეღვას, მუხაესტატეს, წყავროკას, ჩაქვის მცხოვრები ფერმერები დღეს, 30 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ. ფერმერებთან ერთად იყვნენ ქობულეთის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გუშინ, 29 აგვისტოს, განაცხადა, რომ  სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და თხილის მოსავლის ჩაბარების საკითხის კოორდინირება დაავალა.

ფერმერები მთავრობის სახლთან იმის გასაგებად შეიკრიბნენ, კონკრეტულად რით დაეხმარება მთავრობა მათ.

“სოფელ ქაქუთში ვცხოვრობ, დიდი ბაღი არ მაქვს, 5 ათასი მეტროა სულ. 300 კილო თხილი  მოვიდა წელს. ჯერ არ გამიყიდია. ფასი არ აქვს, არ იყიდება. 1 კილო თხილი 3 – 3,50 ლარი ღირს. მაშინ, როცა სამეგრელოში თხილი ღირს 6 ლარი. გვაინტერესებს, რატომაა ასეთი  განსხვავება. აქციები რომ გავმართეთ, საერთოდ დაიკეტა თხილის მიმღები პუნქტები და აღარ იღებენ თხილს,” – ამბობს  ემზარ მართალიშვილი, სოფელ ქაქუთის მცხოვრები.

მიმღები პუნქტების დაკეტვაზე ჩივის ლეღვაში მცხოვრები ბიჭიკო ჯინჭარაძეც.

“ორ ჰექტარზე მაქვს ახალი ბაღი გაშენებული. წელს ტონა თხილი მოვკრიფე, ჩემმა  მეზობელმა 5 ტონა მოკრიფა. ვერ ვყიდით ვერც ერთი. ტელევიზიით გამოვიდა მთავრობა, დააბრალეს მიმღებ პუნქტებს და თქვეს, ჩვენ ხვალიდან მოვაგვარებთო. მოვედი, მაინტერესებს რას გვეტყვიან. თან ვერ გავიგეთ, შევინახოთ ეს თხილი, არ შევინახოთ, 3 ლარად რანაირად გავყიდოთ. თან სექტემბერი მოდის და უფრო დავარდება ფასი,” – ამბობს ბიჭიკო ჯინჭარაძე.

რით დაეხმარება სამთავრობო ჯგუფი მეთხილე ფერმერებს იმ ფონზე, როცა მთავრობა თხილის მოსავლის კომპენსირებას არ გეგმავს? – ამის შესახებ  სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ “ბათუმელებთან” 29 აგვისტოს ისაუბრა.

„ეს ჯგუფი დაეხმარება ფერმერებს მწარმოებლებთან კომუნიკაციაში, თუ როგორ უნდა ჩააბარონ თხილი, რადგან თხილის ჩაბარებასაც თავისი მეთოდი აქვს. ნედლ თხილს, ზოგადად, ტენიანობა აქვს უფრო მაღალი. გამომშრალი თხილის ტენიანობა კი დაახლოებით ექვსი პროცენტია. ასეთი თხილის ფასი უფრო მაღალია. რადგანაც ფასის დარეგულირებაში ვერ ვერევით, ფერმერებს მივაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვან ტექნოლოგიები მოსავლის ჩაბარებისას, რომ ფასი იყოს ხარისხის შესაბამისი. მწარმოებლები, რომლებსაც შემდეგ პროდუქტი ექსპორტზე გააქვთ, მშრალ თხილს ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი უნდა ფლობდნენ ინფორმაციას, თუ რა ფასი დახვდებათ ადგილზე“, – განმარტა მინისტრმა.

აქციის მონაწილეები 12 საათზე შეიკრიბნენ მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. ისინი, ჯერჯერობით ისევ იქ დგანან. ამ დროისთვის [13:00] ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხვდება.

 

როგორ დაეხმარება სამთავრობო კომისია თხილის ჩაბარების მსურველებს – ფასი და პირობები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: