მთავარი,სიახლეები

მოქალაქეები: მაისურებზე საპროტესტო წარწერით სასამართლოში არ შეგვიშვეს

27.08.2019 • 1766
მოქალაქეები: მაისურებზე საპროტესტო წარწერით სასამართლოში არ შეგვიშვეს

„მანდატურმა გვითხრა, რომ ამ მაისურით პროცესზე ვერ შეგვიშვებდა,“ – აცხადებს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც დღეს „20 ივნისის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ დაესწრნენ. აქტივისტები სასამართლოში წარწერიანი მაისურით მივიდნენ: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმრებს“.

„მანდატურმა მითხრა, ასე რომ შეგიშვათ, გამოდის, სასამართლო სხდომის დარბაზში აქცია იქნება და აქციის გამართვის უფლებას ვერ მოგცემთო. დავთანხმდი, რომ მაისურს ჩავატრიალებდი და წარწერა აღარ გამოჩნდებოდა, მაგრამ მერე მეორე მანდატურმა თქვა, მაინც ვერ შეგიშვებთო. არ განუმარტავთ, რატომ. მე პროცესს ვერ დავესწარი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რომან თაილანმა, ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა.

კიდევ ერთმა აქტივისტმა, ნინი დანელიამ კი სასამართლო სხდომის დარბაზში შეაღწია – ჩაბრუნებული მაისურით. „ჩავთვალე, რომ რაც მანდატურმა მითხრა, მართალი იყო. ამიტომ მაისური ჩავატრიალე და ისე შევედი. მოგვიანებით გავიგე, რომ მოთხოვნა უსამართლო იყო და ჩვენი გამოხატვის თავისუფლება დაარღვიეს,“ – ამბობს ნინი დანელია.

„ჩვენ არ ვადასტურებთ მსგავს შემთხვევას,“ – აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრში. აქ კატეგორიულად უარყოფენ იმ ინფორმაციას, რასაც აქტივისტები ჰყვებიან.

„თუკი ამ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, – განმარტავს საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე. იურისტი ამბობს, რომ წარწერა მაისურზე „პასიური გამოხატვის ფორმაა“ და ის არ შეიძლება ჩაითვალოს საპროტესტო აქციად.

„შეზღუდვა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქმე გვაქვს სასამართლოს უპატივცემულობასთან, მაგრამ ამას აფასებს თავად მოსამართლე ან სასამართლოს თავმჯდომარე, რომლის მითითებითაც მოქმედებს მანდატური. ამას ამბობს კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“. მანდატური მსგავს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. აქტივისტებს შეუძლიათ გაასაჩივრონ მანდატურის გადაწყვეტილება სასამართლოს თავმჯდომარესთან, მაგრამ მათ მოუწევთ ფაქტის მტკიცება,“ – გვითხრა გიორგი გოცირიძემ.

საპროტესტო აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

ნინი დანელია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: