მთავარი,სიახლეები

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

23.08.2019 • 2169
ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

„სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას – უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების შემთხვევაში.

თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის/გაფართოების/აღჭურვის/რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს: 300 000 (სამასი ათასი) ლარს ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში, 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს – აშშ დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ევროს – ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

____________

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: