მთავარი,სიახლეები

დეისაძისა და Vinda Folio-ს ტურნე საფრანგეთში – ფრანგული ლეიბლი მათ ალბომს უშვებს

22.08.2019 • 2768
დეისაძისა და Vinda Folio-ს ტურნე საფრანგეთში  – ფრანგული ლეიბლი მათ ალბომს უშვებს

ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია – Eko & Vinda Folio 2019 წლის პირველ დეკემბერს პარიზში კონცერტს გამართავენ. ეს მუსიკოსების პირველი ტურნე იქნება საფრანგეთში, სადაც შეასრულებენ სიმღერებს მათი პირველი ერთობლივი ალბომიდან – „თერაპია“ / Therapy. ალბომში ათი კომპოზიციაა შესული და ყველა მათგანი ქართულ ენაზეა.

Eko & Vinda Folio-ს საფრანგეთის კონცერტების აფიშას გამოცემა, Le parisiene-ი აქვეყნებს.

კონცერტზე ასევე დაუკრავს პოპულარული რუსული პანკ-როკ ჯგუფი Motorama, რომელიც, ძირითადად, ინგლისურად მღერის.

Eko & Vinda Folio-ს ალბომი „თერაპია“ ცნობილ ფრანგულ ლეიბლზე, Talitres-ზე, წელს, სექტემბერში გამოვა. ჯგუფის კონცერტები ტურნეს ფარგლებში საფრანგეთის ოთხ ქალაქში: პარიზში, ლიონში, ტურკუინსა და ნანტში ჩატარდება ნოემბერ-დეკემბერში.

როგორც თემო ეზუგბაია, იგივე  Vinda Folio ამბობს, ტექსტსა და მუსიკაზე ის და ერეკლე ერთად მუშაობდნენ. თავიდან მათი პრინციპი პერიოდული შეკრებები, ერთ სიმღერაზე მუშაობა და ინტერნეტში გამოქვეყნება იყო. 2016 წელს მათ სინგლი – ,,შენ ანათებ“ ჩაწერეს. ჯგუფ Motoramaს ფრონტმენმა სინგლი ფრანგული ლეიბლის, Talitres-ის წარმომადგენლებს მოასმენინა. მალე  ეკოს და ვინდას ფრანგულმა ლეიბლმა კონტრაქტიც გაუფორმა.

„აღმოჩნდა, რომ ჩემი საყვარელი ბენდების ხმისჩამწერმა ლეიბლმა გაგვიფორმა კონტრაქტი, სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, 2016 წლის მერე 3 წლით გამოვიკეტეთ და 10 სიმღერა ჩავწერეთ. ჩემი და ეკოს მთავარი პრინციპი გულწრფელობაა, რასაც ვაკეთებთ, ნამდვილი უნდა იყოს. რაზეც ვმღერით, მართლა გვეხება. ბუნებრივი და ორგანული ჩვენთვის ქართულ ენაზე სიმღერაა. ფრანგები, როგორც თავად ამბობენ, ჩვენი ეგზოტიკური ჟღერადობით მოიხიბლნენ,“ – ამბობს  Vinda Folio.

ერეკლე დეისაძისთვისაც ქართულ ენაზე სიმღერაა მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც თავად ამბობს, ენის მსახურად აღიქვამს საკუთარ თავს და ყველაზე ნამდვილად ქართულ ენაზე გამოსდის თვითგამოხატვა.

„სასიამოვნო ამბავია ფრანგული ტურნე, მაგრამ ამაზე არ შევჩერდებით, ჩემი მიზნები შორსმიმავალია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,” – ამბობს ერეკლე.

„თერაპია“ რომანტიკული და საკუთარ თავში ჩაღრმავებული სიმღერებისგან შედგება. ეკო და ვინდა ფოლიო ჯადოსნური ტექსტებით სამყაროს პოეტურობას გვაგრძნობინებს. ეს სიმღერები საკუთარ თავში მოგზაურობაა. მათი მუსიკა დრიმ პოპის, პოსტ-პანკის და საცეკვაო რიტმების ნაზავია, ხანდახან ბნელი და ცივი, მაგრამ ძალიან ემოციური,“ – წერია ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლზე  Talitres – რომელზეც Eko & Vinda Folio-ს  ალბომი ,,თერაპია“ / Therapy  20 სექტემბერს გამოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: