კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

15.08.2019 • 3151
იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

გაიზრდება თუ არა საფრთხეები ბათუმის კონცხისთვის მას შემდეგ, რაც მის მიმდებარედ დაგეგმილ მრავალსართულიან 5 კოშკს ააშენებენ – ეს იყო საკითხი, რომელმაც დღეს გამართულ შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს ტერიტორია შპს „რივიერა ბათუმს“ ეკუთვნის.

შეხვედრას დაინტერესებული მოქალაქეები და „ბათომის“ წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც დაგეგმილ პროექტს რამდენიმე მოტივით ეწინააღმდეგებიან. მათთვის საკმარისი არ არის ამ დრომდე  წარმოდგენილი კვლევები და შესაბამისი დასკვნები. ისინი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი პროექტს ეწინააღმდეგებიან კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისითაც, გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორია ისტორიული ბათუმის  საზღვრებშია მოქცეული.

პროექტის მოწინააღმდეგეებს კითხვები აქვთ ბათუმის კონცხთან არსებულ კანიონთან მიმართებაში. ისინი შიშობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღლივი სახლების მშენებლობა კიდევ უფრო გაზრდის კანიონთან დაკავშირებულ რისკებს.

ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებმა  2013 წელს გაეროს დაფინანსებით ჩატარებულ კვლევაშიც დაწერეს. 

„1999 წელს, როცა მიწისძვრა  იყო, ჩავარდა იქ 200 მეტრი. მაშინ იყო სამბალიანი მიწისძვრა, ბათუმი არის რვაბალიან ზონაში, ღმერთმა დაგვიფაროს, ბათუმში შვიდი ბალი მიწისძვრა რომ იყოს, თქვენ იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი?“ – ეს კითხვა დღეს გრგ-ს საჯარო განხილვისას  შპს „რივიერა ბათუმის“ დირექტორს გიორგი კაპანაძეს ნოდარ ჩხეიძემ დაუსვა. მანამდე მან  კომპანიის წარმომადგენელს და აუდიტორიას განუმარტა, რომ სპეციალობით ტექნოლოგია და ამ მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა, იცნობს ამ საკითხთან დაკავშირებულ კვლევებს და სხვა  სპეციალისტების დასკვნებსაც. თუმცა თქვა ისიც, რომ არ იცნობს პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ბურუნთაბიე ყალიბდებოდა კანიონში ქვიშის დაგროვებით, დაახლოებით ათი ათასი წლის განმავლობაში. არავინ  იცის, დაახლოებით რა ფენაა იქ სამოცდაათი მეტრის ქვემოთ. რაც იქ არის, მცოცავია“, – განაცხადა ნოდარ ჩხეიძემ შეხვედრაზე.

ნოდარ ჩხეიძე

„იქ რომც ჩაცოცდეს რაღაც, ვერ ექნება გავლენა ჩვენს შენობებზე და არც ჩვენს შენობებს ექნება გავლენა ინერტული მასალის ჩამოშლაზე,“ – უპასუხა მას გიორგი კაპანაძემ. მისვე თქმით, სწორედ ამას ამტკიცებს იტალიური კვალიფიციური კომპანიის გაანგარიშებები.

შეხვედრაზე უპასუხოდ დარჩა ჰაერის ცირკულაციასთან დაკავშირებული საკითხიც. კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ მიმართულებით კომპანია ახლა მუშაობს და წარმოადგენს დეტალურ პროექტს, თუ როგორ აპირებს კომპანია ჰაერის, ასევე ხელოვნურ ლაგუნასთან მიმართებაში წყლის ცირკულაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრას.

„აქ რასაც თქვენ აშენებთ, ამისი ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. თქვენ, უბრალოდ, გინდათ ზღვასთან ააშენოთ სახლები, მაგრამ გამეცით პასუხი კითხვაზე, იქ, სადაც ბურუნთაბიე იყო, ფორმირდება ქარის ორი ნაკადი, ერთია მთიდან და მეორე თურქეთიდან მომავალი. თქვენ გექნებათ ძალიან დიდი პრობლემები, თუ ამ ორი ნაკადის გადაკვეთის საკითხი არ გექნებათ შესწავლილი,  ეზოს შიგნით წარმოიქმნება უზარმაზარი ქარბორბალას ნაკადი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ბათუმში ქარბორბალა, რაც იშვიათია, სულ გვექნება, “ – განაცხადა ნოდარ ჩხეიძემ.

მხარეებს ცხარე დებატები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებითაც, დაფარავს თუ არა 5 მაღლივი კოშკი ისტორიულ ბათუმს. კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ არ დაფარავს, რისიც არ სჯერათ პროექტის მოწინააღმდეგეებს.

გარდა ამისა, კომპანიას დაუწუნეს დაგეგმილი შენობების არქიტექტურაც: „ეს არის „სპიჩკის“ ყუთები, თუ წარმოადგენთ ისეთ პროექტს, როგორიც ეკადრება ქალაქს, მაშინ სხვანაირად განვიხილავთ. არსებობს ასევე ეკოლოგიური არქიტექტურაც. ის, რომ შენობას ექნება მწვანე ფერი, ეს არ ნიშნავს, რომ ეკოლოგიური არქიტექტურაა, რაც არ უნდა მიმტკიცოთ ახლა, რომ გამწვანებული შენობა არის ეკოლოგიური პროექტი, ეს არ არის ასე. მე გეტყვით ეკოლოგიური არქიტექტურა რა არის, რადგან არქიტექტურაში ეკოლოგია არსებობს. ეს არის ბუნებრივი შეთავსება ხელოვნურთან“,  – ნოდარ ჩხეიძის ამ შეფასებას გიორგი კაპანაძემ სუბიექტური უწოდა.

შეხვედრაზე დაისვა კითხვები ასევე ტერიტორიაზე დაგეგმილ ხელოვნურ ლაგუნასთან დაკავშირებითაც – როგორ აპირებს კომპანია ტექნიკურად იქ წყლის ცირკულაციის მიღწევას.  რივიერას წარმომადგენელმა თქვა ისიც, რომ ის პასუხისმგებელია პროექტზე და კონცხის მდგრადობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. თუმცა ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ პროექტს კონცხთან დაკავშირებულ ბუნებრივ პროცესებზე უარყოფითი ზემოქმედება არ ექნება.

„ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა, შეხვედრაზე განაცხადა ისიც, რომ მერიის წარმომადგენლებთანაც ჰქონდათ კითხვები და არგუმენტირებული პასუხები სწორედ მათგან სჭირდებოდათ, თუმცა ასეთი პასუხები ვერ მიიღეს:

„არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ უნდა ანაცვალოს სახელმწიფომ უსაფრთხოება ბიზნესპროექტს, რატომ უნდა შესწიროს კონცხი?“

ნინო ინაშვილი და ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი მირიან მეტრეველი

ასევე „ბათომის“ წარმომადგენელმა შოთა გუჯაბიძემ შეხვედრაზე წაიკითხა ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას შეფასება, სადაც ის საუბრობს პროექტზე კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში და ეს შეფასება დადებითი არ არის.

დღესვე მერიაში დარეგისტრირდა მიმართვა „რივიერა ბათუმის“ პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც ხელს  650 ადამიანი აწერს.

მთავარი ფოტო: შოთა გუჯაბიძე და გიორგი კაპანაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: