სიახლეები

ქონება საპატრიარქოს მოქმედი ხელისუფლებისგან 40 ლარად

15.11.2015 • 2102
ქონება საპატრიარქოს მოქმედი ხელისუფლებისგან 40 ლარად

 

მთავრობამ ზემოაღნიშნულ პერიოდში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად საკუთრებაში გადასცა მსუბუქი ავტომანქანა „Toyota Landcruiser LC 200“ [გამოშვების წელი – 2010, ფერი – შავი, მაღალი გამავლობის, ძრავის მოცულობა – 4700]; ასევე 1 ლარად – ავტომანქანა „Mercedes-Benz S 500“ [გამოშვების წელი – 2012, ფერი – შავი, ტიპი – სედანი, ძრავის მოცულობა – 4700]; ეკლესიას 1 ლარად გადაეცა აგრეთვე ორი ავტომობილი: „MERCEDES-BENZ 310 და „ნივა“; ასევე 1 ლარად – ორი ავტობუსი, ხოლო უფასოდ ორი ტრაქტორი – „SAME SOLARIS 55“; ეკლესიას 1 ლარად მიჰყიდეს სახელმწიფოს კუთვნილი 97 ძირი კრიპტომერიის ხის მორიც.

 

გარდა მოძრავი ქონებისა, საპატრიარქოს 1 ლარად გადასცემდნენ [მიმდინარე წლის მაისიდან კი სრულიად უფასოდ] უძრავ სახელმწიფო ქონებასაც – მიწას და შენობა-ნაგებობებს. მოქმედი ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოს 917 504 კვ/მ ფართობის ათეულობით მიწის ნაკვეთი გადაეცა თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში. მათ შორის ოცზე მეტი ნაკვეთი, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით.

 

აღსანიშნავია, რომ იმ შენობა-ნაგებობების ფართობების დადგენა, რომლებიც საპატრიარქოს მიწასთან ერთად გადაეცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს შენობა-ნაგებობები რეესტრის ამონაწერებში ხშირ შემთხვევაში მხოლოდ დანომრილია და ფართობი არ არის მითითებული. საპატრიარქოსთვის გადაცემული შენობების  საერთო ფართობის შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მისმა ქვემდებარე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოთხოვნის მიუხედავად, არ მოგვაწოდა.

 

სამინისტრომ არც იმ სახელმწიფო ქონების საბალანსო ღირებულების [რომ არაფერი ვთქვათ საბაზრო ღირებულებაზე] შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც საპატრიარქოს 1 ლარად ან/და უსასყიდლოდ გადასცეს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაცემული ქონების უმეტესობა სახელმწიფოს შეფასებული არც აქვს.სამინისტრომ დაზუსტებით არც ის ინფორმაცია მოგვაწოდა, საპატრიარქომ გადაიხადა თუ არა ზემოაღნიშნულ პერიოდში გადაცემული სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო ღირებულება _ ჯამში 40 ლარი.

 

უმეტეს შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული თუ რის საფუძველზე, რა მოტივითა თუ პირობებით გადასცემენ [ფაქტობრივად ჩუქნიან] საპატრიარქოს სახელმწიფო ქონებას.

 

დოკუმენტებს თუ გადავხედავთ, მექანიზმი ერთი შეხედვით  მარტივია – მთავრობაში შედის საპატრიარქოს წარმომადგენლების შუამდგომლობა, რომლითაც საპატრიარქო ამა თუ იმ ქონების 1 ლარად პრივატიზებას, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, ან უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემას ითხოვს.

 

დოკუმენტებიდან ისიც ჩანს, რომ მთელი ეს შუამდგომლობა-დაკმაყოფილება ფორმალობაა და წინასწარი მოლაპარაკებებით ყველაფერი გარკვეულია. ანუ, როცა საპატრიარქოს შუამდგომლობა შედის ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში, გარკვეული ქონების გადაცემის თხოვნით, ამ ქონების ბედი იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილია. მთავრობა საპატრიარქოს თითქმის ყველა შუამდგომლობას ქონების გადაცემაზე  აკმაყოფილებს, ეკლესიის სასარგებლოდ.

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპატრიარქოსთვის გადაცემის შუამდგომლობებს კი საპატრიარქოს მხრიდან ხელს ძირითადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, ასევე ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერენ.

 

მოქმედი ხელისუფლების მიერ საპატრიარქოზე უსასყიდლო უზუფრუქტით კი შემდეგი სახელმწიფო ქონებაა გადაცემული: ქ. ახალქალაქში 2207 კვ/მ და ქ. ქობულეთში 11 810 კვ/მ [ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე პლაჟი] მიწის ნაკვეთები ამ ნაკვეთებზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად.

 

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, ეკლესიას მთავრობამ თავშესაფრისთვის 1 ლარად ინვენტარი და აღჭურვილობა გადასცა. თუმცა მთავრობის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 43 დასახელებისა და სხვადასხვა რაოდენობის ინვენტართან ერთად, იმ ერთ ლარში, საპატრიარქოს ჯამში 1127 კვ/მ ფართობის სამი მიწის ნაკვეთიც გადაეცა თბილისში.

 

სამინისტროს მხრიდან ვითხოვდით ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რა უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემა იყო დაგეგმილი საპატრიარქოსთვის და რა ფორმით. ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპატრიარქოზე გადაცემული ქონების ნუსხა 4 ნოემბერს მოგვაწოდა, თუმცა მასში არ არის საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული შემდეგი ქონება: 14 ტრაქტორი, 1 სათიბელა, 7 ცალი სამფრთიანი და ერთიც ხუთფრთიანი გუთანი, დისკებიანი ფარცხი, 5 კულტივატორი და სამი სიმინდის სათესი.

 

აღსანიშნავია, რომ ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა საპატრიარქოსთვის გადაცემული იმ უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი, რომელიც ადრე სახელმწიფო საკუთრებაში იყო. შესაბამისად, რა უძრავ-მოძრავ ქონებას გადასცემენ მუნიციპალიტეტები მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში თუ სარგებლობაში, ეს ცალკე საკითხია.

 

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში  საჯარო რეესტრში საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ 633 სხვადასხვა შინაარსის განცხადებაა შეტანილი, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებებით საპატრიარქო, ძირითადად, საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს ამა თუ იმ ქონებაზე.

 

საქართველოს საპატრიარქო

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: