ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი

01.08.2019 • 4161
„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ იმ პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. პრეზერნტაციის დროსთან დაკავშირებით მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დეტალები ზუსტდება. პრეზენტაციის დღე და საათი ჯერ ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“.

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 550 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას გეგმავს.

აჭარის მთავრობის მიერ შექმნილმა სამუშო ჯგუფმა კი, 2019 წლის პირველი აგვისტოსთვის, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 594 ოჯახი უკვე აღწერა. პროცესი პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება აღწერილი ოჯახების მონაცემთა შესწავლა და სიის გაცხრილვა [სამუშაო ჯგუფს 1 727 ჯიხური/სახლი აქვს აღწერილი „ოცნების ქალაქში].

„ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში ე.წ. „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა – სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“ – 2019-2022 წლებში უნდა განხორციელდეს. პროგრამის მთლიანი ღირებულება 48 750 000 ლარია.

პროგრამის მიხედვით, საცხოვრებელი ბინებით უნდა დაკმაყოფილდეს –
2020 წელს – 528 ოჯახი ;
2021 წელს – 500 ოჯახი;
2022 წელს – 522 ოჯახი.

შესაბამისად, სახლების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს –
2019 წელს – 3 750 000 ლარით;
2020 წელს – 20 000 000 ლარით;
2021 წელს – 16 000 000 ლარით;
2022 წელს – 9 000 000 ლარით.

რაც შეეხება პროექტს, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ის თითქმის მზადაა: „პროექტის არქიტექტურული ნაწილი მთლიანად დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა და როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, აგვისტოს პირველ დღეებში მოგვაწვდიან საბოლოო ვერსიას“.

პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

„ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი / რენდერი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე, ხელშეკრულება, 2019 წლის 25 მარტს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ 320 001 ლარზე აქვს გაფორმებული [სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო].

პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს ჩაბარებული მესამე ეტაპის სამუშაოები. პირველი ორი ეტაპის დროულად შეუსრულებლობისთვის კი კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მესამე ეტაპი გულისხმობს კომპანიის მხრიდან „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის  სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენას“.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, კომპანიისთვის ჯერ თანხა გადახდილი არ არის. სატენდერო პირობის მიხედვით „ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის, ხოლო ავანსის შემთხვევაში შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2019 წლის პირველი აგვისტოსთვის [13:00 სთ.] არც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტია გაფორმებული კომპანიასთან და არც ავანსია გადახდილი.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან 3,75 მილიონი ლარით დაფინანსდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: