სიახლეები

მოსამართლე 4 თევზის დამჭერზე: ”ვფიქრობ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა”

29.10.2015 • 1298
მოსამართლე 4 თევზის დამჭერზე: ”ვფიქრობ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა”

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლემ სასამართლო პროცესის დაწყებისას ბრალდებულის ვინაობა დაადგინა, შემდეგ კი ბრალი განუმარტა: სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, მანქანის მართვა, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია… მოსამართლე თეიმურაზ ქათამაძეს პროკურორმა შეაწყვეტინა და მიუთითა, რომ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო თევზჭერას ნიშნავს. მოსამართლემ ამის შემდეგ კოდექსი გადაშალა და ბრალდებულს განუმარტა, თუ რას ითვალისწინებდა ეს მუხლი – მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2 კილოგრამი და 300 გრამი თევზი ჭოროხზე ე.წ. ეკრანბადით დაიჭირა, რითაც სახელმწიფო 47 ლარითა და 15 თეთრით აზარალა. ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის სახით გირაოს – ორი ათასი ლარის გადახდა დააკისრა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

 

ბრალდებული ამ თანხას ვერ იხდის, რადგან ის არ მუშაობს, მის ოჯახს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ, სავარაუდოდო, მას ისევ დააკავებენ.
როგორც სასამართლო პროცესზე საიას ადვოკატმა, პაატა დიასამიძემ განმარტა, ბრალდებულის დედა ავადაა, სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, თუმცა მას იმიტომ ვერ მკურნალობენ, რომ ოჯახს ფული არ აქვს. ადვოკატმა სწორედ ბრალდებულის სოციალური მდგომარეობის გამო მოითხოვა გირაოს გაუქმება: “ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ უცდია მიმალვა და საქართველოს საზღვრის დატოვება”.

 

მოსამართლემ და პროკურორმა სასამართლო დარბაზში განმარტეს, რომ ბრალდებულის დედის ავადმყოფობა ამ საქმესთან არავითარ შემხებლობაში არ არის. “თანაც შეუძლია ოჯახს უძრავა ქონება, სახლი დააყადაღოს”, – თქვა პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა.
მშობლების სახლის იპოთეკით დატვირთვა უკვე სცადა ბრალდებულმა, მაგრამ ქონება საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული, ამიტომაც ბანკებმა უარი თქვეს სახლის იპოთეკით დატვირთვაზე.
მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა ბრალდებული თავს დამნაშვედ? – ბრალდებულმა უპასუხა, რომ არა. ადვოკატმა კი განმარტა, რომ თევზჭერის ფაქტს ისინი არ უარყოფენ. `ჩვენ სადავოდ არ ვხდით თევზის დაჭერის ფაქტს. სახელმწიფოსთვს მიყენებული ზიანი, რომელიც შეადგენდა 47 ლარსა და 15 თეთრს, ბრალდებულმა უკვე აანაზღაურა. მისი ქმედება შესაძლოა შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული გადაცდომა, ის არ შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, არასწორად მინიჭებული კვალიფიკაცია კი ამძიმებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, ამიტომ ჩვენი თხოვნაა შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა”, – უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

 

“საფუძველს მოკლებულია ადვოკატის შუამდგომლობა”, – პროკურორის ეს შეფასება გაიზიარა და გაიმეორა მოსამართლე თეიმურაზ ქათამაძემაც. მისი აზრით, საქმის შეწყვეტა მტკიცებულების გამოკვლევის გარეშე არგუმენტს მოკლებულია. თუმცა, წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლეები ყოველთვის განიხილავენ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს, მაგალითად, გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ სწორედ წინასასამართლო სხდომაზე შეწყვიტა ბრალდებულის დევნა.

 

შემდეგი სასამართლო პროცესი 4 ნოემბერს ჩაინიშნა. მოსამართლემ სხდომის ბოლოს თქვა, რომ მისი ვარაუდით სასამართლო ამ საქმეზე გამამატყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: