მთავარი,სიახლეები

შსს: ბათუმში ოთხ არასრულწლოვანს დედა და დეიდა მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ

22.07.2019 • 1401
შსს: ბათუმში ოთხ არასრულწლოვანს დედა და დეიდა მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს დედა და დეიდა, რომლებიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს, იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

„ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა“ – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: