მთავარი,სიახლეები

ანაკლიიდან-ქობულეთამდე მდინარეებზე ნატანდამჭერების მოსაწყობად კვლევა ჩატარდება

18.07.2019 • 1600
ანაკლიიდან-ქობულეთამდე მდინარეებზე ნატანდამჭერების მოსაწყობად კვლევა ჩატარდება

შავი ზღვის აუზის მდინარეებზე, სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე მონაკვეთში, ნატანდამჭერების მოსაწყობად ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 400 ლარია.

„შავ ზღვაში სანაპირო აკვატორიები ხშირ შემთხვევაში სავსეა მცურავი ნატანით [მათ შორის საყოფაცხოვრებო ნაგავით], რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ზღვის ეკოსისტემაზე. დანაგვიანების სხვა წყაროებთან ერთად, მნიშვნელოვანი წილი მოდის წყალდიდობების დროს მდინარეების მიერ ჩატანილ ტივტივა ნატანზე. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მნიშვნელოვნად ვითარდება ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა და ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ ზემოთ აღნიშნული პრობლემა მეტად აქტუალურია. ერთ-ერთ შემარბილებელ პრევენციულ ღონისძიებად განიხილება ტივტივა ნატანდამჭერების მოწყობა შავი ზღვის აუზის მდინარეებზე სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

აჭარის ზღვისპირა ზოლში კვლევა ჩატარდება მხოლოდ სამ მდინარეზე: ჩოლოქზე, კინტრიშსა და დეხვაზე. ანალოგიური კვლევა ამ ტენდერის ფარგლებში არ ტარდება სარფიდან ქობულეთამდე მონაკვეთში მდინარეებზე [მაგალითად: ჭოროხი, ბარცხანა, ყოროლისწყალი, ჩაქვისწყალი], რომლებითაც არანაკლებ ბინძურდება ზღვა მცურავი ნატანით.

განმარტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს დავუკავშირდით. ფონდში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ეს მონაკვეთი არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან, აქაც ჩატარდება ცალკე წინასწარი კვლევები და გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა“.

ამ ეტაპზე კვლევა მოიცავს შემდეგ მდინარეებს: პატარა ენგური; ხობისწყალი; რიონის დელტა; რიონის არხი; კაპარჩხა; სუფსა; ურეკის არხი; სეფა; ნატანები; ჩოლოქი; კინტრიში და დეხვა.

ტექნიკური დავალება მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას ნატანდამჭერი ნაგებობების და საჭიროების შემთხვევაში, მცურავი გამწმენდი საშუალებების ტიპების შესარჩევად, ასევე, შემსყიდველის მოთხოვნების და სპეციფიკაციების მომზადებას ნატანდამჭერი ნაგებობების და მცურავი საშუალებების მოწოდება-ინსტალაციის შესყიდვის ტენდერისთვის. ჩატარდება ჰიდროლოგიური, ტოპო-გეოდეზიური, ბათიმეტრული, საინჟინრო-გეოლოგიური, იხტიოფაუნის კვლევები.

„ამ კვლევების შემდეგ გადაწყდება ნატანდამჭერების მოწყობა აღნიშნულ მდინარეებზე; სამუშაოები კი შემდგომში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით დაფინანსდება“, – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მდინარეების – კინტრიშისა და დეხვას ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის დასამონტაჟებლად, 2018 წლის მარტში, ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება შპს „მარდისთან“ გააფორმა 27 499 ლარზე. „მდინარე კინტრიშზე სწრაფი დინება იყო და მოწყობილობა დააზიანა მდინარემ, დეხვაზე კი დღესაც მუშაობს“, – გვითხრეს კომპანიაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბადეები, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან საჩუქრად გადმოეცათ, წყალდიდობისას მდინარემ წაიღო,  სამაგრები კი, რომლებიც ტენდერით გაკეთდა, არ დაზიანებულა.

ადიდებული მდინარე კინტრიში / ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი

2017 წელს კი, მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უნდა დაემონტაჟებინა. დამჭერი მოწყობილობა უნდა განთავსებულიყო ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან. დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან  მაშინ 180 ათას 776 ლარი გამოიყო.

„ჩვენ შევიძინეთ თავის დროზე მოწყობილობები და გადავეცით ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს“, – გვითხრეს სამმართველოში.

ამ თემაზე: 

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მთავარი ფოტო: მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობება მდინარე ნატანებზე / ფოტო არქივიდან /თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: