მთავარი,სიახლეები

„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს

15.07.2019 • 3555
„ორბი“ ბათუმის სასპორტო სკოლასთან მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს

„ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასპორტო სკოლის მიმდებარედ მესამე ცათამბჯენსაც ააშენებს. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ეს არის ერთიანი პროექტი, რომელიც თავის დროზე შეთანხმდა ქალაქის მერიასთან. „ორბი“ მესამე მაღალსართულიან ნაგებობას იმ ტერიტორიაზე ააშენებს [ჟიული შარტავას ქუჩის მიმდებარედ], რომელიც მის საკუთრებაშია. მიწა [ასევე სასპორტო სკოლის ორი ფლიგელი] კომპანიას აჭარის მთავრობამ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით მიჰყიდა. სასპორტო სკოლასთან კომპანიის საკუთრებაში დღეს 28 945 კვ/მ მიწის ნაკვეთია.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე „ორბი ჯგუფი ბათუმი“ ოთხი ბლოკისგან შემდგარ კომპლექსს ააშენებს. აქედან სამი ბლოკი 50-სართულიანი უნდა იყოს, ხოლო ერთი [რომელიც ამ სამ ცათამბჯენს ერთმანეთთან დააკავშირებს] – სამსართულიანი. მშენებარე ნაგებობების საერთო ფართობი ჯამში 389 255 კვ/მ იქნება. მესამე მაღალი შენობა, რომელიც უნდა აშენდეს, სიმაღლეში იმ ორი შენობის ტოლი იქნება, რომლებიც უკვე აშენებულია, თუმცა მოცულობით – მათზე მცირე. „ორბის“ ინფორმაციით, აქ განსახორციელებელი ინვესტიცია 350 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

სასპორტო სკოლის მიმდებარედ [ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ] „ორბს“ იჯარით აქვს აღებული ტერიტორია, რომელიც აჭარის საკუთრებაშია. „ორბი“ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ნიადაგის კვლევას ატარებდა. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს, ეს სამუშაოები არ იყო შეთანხმებული სამინისტროსთან, ამიტომ „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას [„ორბი ჯგუფი ბათუმი“] ეცნობა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე“.

ასევე „ორბს“ აღებული აქვს ვალდებულება, რომ ააშენოს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე [„მშენებარე კომპლექსსა და არდაგანის ტბას შორის]. ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ კი, კომპანია ვერაფერს ააშენებს და არც რაიმე შეთანხმება არსებობს ამ კუთხით“, – გვითხრეს სამინისტროში.

პროექტი ORBI CITY /რენდერი / სამი ცათამბჯენი [მარცხნივ] ბათუმის სასპორტო სკოლასთან, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე] / ფოტო: „ორბი ჯგუფი“

„ორბის“ მშენებარე კომპლექსი – ORBI CITY, ბათუმის სასპორტო სკოლასთან, სადაც ერთი ცათამბჯენი კიდევ აშენდება [ამ ორი შენობის მარჯვნივ] / ხედი ფიროსმანის ქუჩიდან / ფოტო: „ბათუმელები“ / 25.06.2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: