მთავარი,სიახლეები

როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება საგარეოს მიმართვას გაბუნიას საქციელზე

08.07.2019 • 1851
როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება საგარეოს მიმართვას გაბუნიას საქციელზე

გამოეხმაურა თუ არა საერთაშორისო საზოგადოება და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვას „გაბუნიას საქციელზე?“ – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით სამუშაო დღის ბოლოს სამინისტროს მიმართა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამის შესახებ თვითონ გააკეთებენ განცხადებას.

„დაგიკავშირდებით, როცა გვექნება განცხადება“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, თავისი გადაცემა რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო.

პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა, „რუსთავი 2“-ის წამყვანის საქციელის სათანადოდ შეფასება.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულვებელყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები”, – ეს არის ამონარიდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან.

იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტმა: „ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოების მხრიდან. ამ ტიპის გამოვლინებებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: