განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ ისწავლა პასიურმა ბუბუმ ისტორია – ეროვნული ჯილდოს ათეულის პედაგოგი აფხაზეთის სკოლიდან

27.06.2019 • 4215
როგორ ისწავლა პასიურმა ბუბუმ ისტორია – ეროვნული ჯილდოს ათეულის პედაგოგი აფხაზეთის სკოლიდან

მიხეილ ცქვიტაია აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მისმა მოსწავლეებმა წარადგინეს. მიხეილ ცქვიტაია ამჟამად 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. როგორია დევნილი სკოლის ცხოვრება დღეს და რას და როგორ ასწავლის პედაგოგი მოსწავლეებს – პედაგოგი თავის გამოცდილებასა და მეთოდებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ბატონო მიხეილ, თქვენს სკოლას ჰქვია აფხაზეთის საჯარო სკოლა. სად არის ეს სკოლა, მოგვიყევით მის შესახებ.

ჩვენი სკოლა არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. როცა მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის მიერ და აფხაზეთის მთავრობა გადმოვიდა თბილისში, სკოლების სტრუქტუირებაც მოხდა ამ სახელწოდების ქვეშ. ჩვენი სკოლა იყო საერო გიმნაზია და გახდა აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლა. ომის შემდეგ სკოლას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და დახურვის საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა შედგა მოლაპარაკება აფხაზეთის სამინისტროსთან, რადგან პედაგოგიური კოლექტივი იყო ძალიან პროდუქტიული და სკოლა შევინარჩუნეთ. ამ სკოლაში იძულებით გადაადგილებული ბევრი ბავშვი სწავლობს, სულ 282 მოსწავლე გვყავს, მე ამ სკოლაში 23 წელია ვასწავლი.

  • მოგვიყევით თქვენი მეთოდების შესახებ, ალბათ გაქვთ თქვენეული მიდგომები სწავლებაში…

ძალიან რთულია წარადგინო თავი როგორც საუკეთესო მასწავლებელი, რადგან ჩვენ ირგვლივ ბევრი კარგი მასწავლებელია. თუმცა, ჟიურიმ ჩემს სააპლიკაციო ფორმაში დაინახა ინოვაციური მიდგომები, რომლებიც კავშირშია აკადემიურობასთან. ჩემს ერთ-ერთ მიგნებას, თუ შეიძლება ასე ითქვას, დავარქვი „ბუბუს თამაში“, რომელიც ძალიან სახალისოა და, ფაქტობრივად, მულტიფუნქციური გახდა, რადგან სხვა საგნის მასწავლებლებიც იყენებენ უკვე.

ბუბუ ჩემი მოსწავლეა. საკმაოდ პასიური იყო და არ მყვებოდა აქტივობებში. ვკითხე, რა აინტერესებდა. მითხრა, რომ ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები. ორი დღე ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა და ბოლოს ბანქოზე ამომესახა ისტორიული პირების სახეები, ფაქტები, მოვლენები, ელემენტები და საბოლოოდ მოვიფიქრე ბანქოს თამაში. თამაშის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ უდიდესს მიჰყავს უმცირესი ან თვისობრივად უკავშირდებიან ერთმანეთს.

ვთქვათ, გაქრისტიანება, ბუბუმ წაიყვანა გუბაზ მეორით, როცა შეეძლო წაეყვანა ისეთი თარიღით ან მოვლენით, რომელიც უფრო ახლოს იდგა ამ თემასთან. ეს თამაში ბუბუმ წააგო და გაკვეთილების შემდეგ მთხოვა, რომ მეთხოვებინა მისთვის ბანქო. მეორე გაკვეთილზე ბუბუმ 30 სრული ფაქტი იცოდა ზეპირად. ისევ ვითამაშეთ და მოიგო. ასე დაიწყო ბუბუმ ისტორიის სწავლა.

  • სხვა პედაგოგები დაინტერესდნენ ამ თამაშით?

რა თქმა უნდა. გეოგრაფიის მასწავლებელი შემხვდა და მითხრა, ბუბუ წიგნს კითხულობდა და გავოცდი, რა უქენი ასეთიო. მოვუყევი თამაშზე და ერთ თვეში ბუბუმ იცოდა ზღვების, ოკეანეების, ქალაქების და ასე შემდეგ მონაცემები და მათ შესახებ ცოდნას ფლობდა. ბიოლოგიამ თვისობრივი დაკავშირების მეთოდი გამოიყენა, ქართულის მასწავლებელმა, ავტორი და ციტატები დააკავშირა და შედეგიც ბევრად ეფექტურია. როგორ შეადგენს ბარათს, ეს მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

  • კიდევ რა მეთოდი მუშაობს კარგად?

ძალიან ამართლებს კლუბური მუშაობა. მე ვკურატორობ ეკოკლუბს, ინტელექტუალურ და სამოქალაქო კლუბს, ასევე გრაფიკოს-ანიმატორთა კლუბს, რომელიც წელს დავაფუძნეთ, მაგრამ ორი ანიმაციური ფილმი გვაქვს უკვე. ეკოლოგიაზე გავაკეთეთ ფილმები. ეს ეხმარება ბავშვებს ცოდნის გაღრმავებაში, ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაში. შესაბამისად, ცნობიერების ამაღლებაშიც.

ერთ-ერთი გასვლის დროს ქალაქში აღმოვაჩინეთ არალეგალური ნაგავსაყრელი. ეკოკლუბი თანამშრომლობს საქართველოს სტრატეგიული განვითარების ცენტრთან, რომელმაც დაგვიფინანსა ეკოპროექტი და ამის ფარგლებში დავდგით ოთხი სანაგვე ყუთი, შემდეგ მივმართეთ ქალაქის მერს და დასუფთავებულ ტერიტორიაზე დააგეს გზაც, 300-ათასლარიანი დაფინანსება გამოიყო ამისთვის. ახლა ეს ადგილი ერთ-ერთი სუფთა უბანია ქალაქში.

  • როგორ ფიქრობთ, ეს არის თაობა, ვინც  ქუჩაში, ტრანსპორტში, ღია სივრცეებში ნაგავს აღარ დაყრის?  

რა თქმა უნდა. ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ ერთია ასწავლო და მეორეა ის, რამდენად შეძლებენ ამ ცოდნის ტრანსფერს ეს ბავშვები ყოფით ცხოვრებაში. ჩემდა სასიხარულოდ, ბავშვებს აქვთ იმის კულტურა, რომ არ დაყარონ ნაგავი ქუჩაში და მიიტანონ ურნამდე.

ეკოლოგიური საკითხები ძალიან აინტერესებთ. ჩვენი მოსწავლეები გამოეხმაურნენ შვედ გოგონას – გრეტა ტურნბერგს, რომელიც გლობალურ დათბობას აპროტესტებს. გავაკეთეთ ეკობანერი და მოვაწყეთ მხარდამჭერი აქცია. გრეტა გამოგვეხმაურა და მოგვწერა – hello America. ჯორჯია ამერიკის ჯორჯიასთან გააიგივა, თუმცა ავუხსენით, რომ კავკასიიდან ვართ და საქართველოც ვასწავლეთ და აფხაზეთიც.

  • აფხაზ ბავშვებზე მინდა გკითხოთ. ერთმა მასწავლებელმა მითხრა, რომ დევნილი ბავშვების თაობამ არ იცის კარგად აფხაზეთის შესახებ, თითქმის არ იციან მათი ისტორია და ამაზე არც  სახელმძღვანელოებშია საუბარი.  თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, იციან  ბავშვებმა  მათი სკოლის სახელწოდების უკან რა ისტორიაა?

იყო პერიოდი, როცა ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს შორის კონფლიქტი გაჩნდა. იყო დამოკიდებულება, რომ „ისინი მოსულები არიან“, რომ ეს მათი არეალი არ იყო. ამიტომ ვეცადე, ინტეგრაცია უმტკივნეულოდ მომეხდინა. მუნიციპალიტეტში გვაქვს აფხაზეთისა და ოსეთის ომების დროს შინმოუსვლელთა მემორიალი და ეს მემორიალი ერთობლივად დავალაგეთ, დავრგეთ ყვავილები, მოვხატეთ კედელი. მემორიალთან ახლოს ცხოვრობენ ის ოჯახები, რომლებმაც დიდი ტრაგედია საკუთარ თავზე გადაიტანეს. ის ადამიანი, რომელმაც ორი შვილი და მეუღლე თვითმფრინავში ჩასვა და შემდეგ დაინახა, როგორ აფეთქდა თვითმფრინავი ცაში. როცა ამ საშინელ ტრაგედიაზე გიყვება ადამიანი, როგორ გადმოლახეს სვანეთი, როგორ დატოვეს სახლი და კარი და გიწევს ფიქრი, რა გრძნობა დაგეუფლებოდა, მათ ადგილზე რომ ყოფილიყავი, ეს ყველაფერი კარგად გაითავისეს ბავშვებმა.

  • აინტერესებთ რა ხდება აფხაზეთში, არსებობს რაიმე ბმა მათში?

მათ აქვთ ფოტოსურათები, ჩანაწერებიც კი, გუგლის საშუალებით შეუძლიათ მოძებნონ ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ. ბათუმში ან ფოთში დაგვყავს ხოლმე ზღვაზე და უთქვამთ – „ბიჭვინთაში მაინც სულ სხვაა“. არ უნახავთ, მაგრამ ინსტინქტის დონეზე ეს სიყვარული მაინც არსებობს მათში. აფხაზეთის დღეები როცა იყო, ბავშვები საზღვრამდე მივიყვანეთ. ძალიან რთულია იმის ყურება, რომ გაღმა ნაპირი შენია, მაგრამ ვერ მიდიხარ.

  • თქვენ ორ ისეთ საგანს ასწავლით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის და ა.შ.  ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არ ვიცით კარგად ჩვენი ქვეყნის ისტორია, რის გამოც ხშირად ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომებს. თქვენ როგორ ასწავლით ისტორიას და თუ ახერხებენ ბავშვები ისტორიის პარალელების გავლებას თანამედროვეობასთან?

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება იწვევს იმდენად დიდი ინფორმაციის შემოდინებას, რომ ბავშვებს უჭირთ ხოლმე კრიტიკული ანალიზი. ინფორმაციის დახარისხება და ამით სარგებლის მიღება. რა თქმა უნდა, ვასწავლი ეროვნულ საკითხებს. ძალიან სტკივათ ბავშვებს ის, რომ ეროვნული დღესასწაულის – 26 მაისის აღნიშვნის ტრადიცია არ გვაქვს. ერთმანეთს არ ვულოცავთ. ჩვენ მერვე წელია ვაკეთებთ აქტივობებს – ვბეჭდავთ ბუკლეტებს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესახებ და ვარიგებთ ქალაქში, ვუყურებთ ფილმებს, გვაქვს დისკუსიები პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებით. ამავე დროს ახლობლებს ვუგზავნით მილოცვას სმს-ითაც და პირადადაც ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, რომ ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას შევუწყოთ ხელი.

  • ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დღემდე არ აქვს გააზრებული ის ბოროტება, რასაც საბჭოთა ტოტალიტარიზმი ჰქვია და ხშირად, დამოუკიდებელ საქართველოშიც კი იჩენს ხოლმე ნოსტალგია, რაც პრორუსულ სენტიმენტებში გამოიხატება და ხან – რაშიმომავალ თაობას რა ცოდნა აქვს ამის შესახებ?

ვიცით, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლებაა და როცა თავისუფლების ხარისხი ეცემა სახელმწიფოში, ბუნებრივია, იქ სხვა ნებისმიერი მიღწევა არის გაუფერულებული. საბჭოთა პერიოდში ჩვენი განვითარების მუხრუჭი იყო და ამაზე ვსაუბრობთ კიდევ სკოლაში.

არის მომენტები, როცა მცირე, მაგრამ ბავშვების გარკვეულ ნაწილში ოჯახის წევრების გავლენით ჩნდება დამოკიდებულება, რომ მაშინ კარგი ცხოვრება იყო, არ გვშიოდა, სახლი მაშინ აშენდა და ა.შ მაგრა საბედნიეროდ, ძალიან ცოტაა ის, ვისაც მხოლოდ მატერიალური ყოფა ხიბლავს. ის, რომ მატერიალური კეთილდღეობა შეიძლება ერთ დღეში დაინგრეს, როცა მას არ ასაზრდოებს თავისუფლება, ამის მაგალითია საბჭოთა კავშირი და 90-იანი წლების შემდგომი პერიოდი, როცა წარსული კეთილდღეობის კვალიც აღარ დარჩა და ჩვენ ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ამიტომ სახლი უნდა ააშენო თავისუფლებაში, როცა შენს საკუთრებას წარმოადგენს ეს სახლი და შექმნი შენ თვითონ.

ჩვენ ვსაუბრობთ გასაბჭოებაზე, მოვიწვიეთ რეპრესირებული ადამიანები და მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხებზე. ჩვენთა ახლოს არის ის ადგილი, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრეები დახვრიტეს და იმ ადგილის ხშირი სტუმრები ვართ. ასევე მოვიძიეთ იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, ვინც ჩვენი მუნიციპალიტეტიდან პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს აწერდა ხელს.

  • როგორ უყურებენრავალფეროვნების საკითხებს თქვენი მოსწავლეები. ეს თემა ხშირად ხდება სპეკულაციის საგანი დღეს სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან.

შეიძლება ამ ჯგუფების აგრესიის შედეგია ის, რომ ახალგაზრდებში ათეისტური შეხედულებები თითქოს უფრო მოდური გახდა. მრავალფეროვნება მეტი კომფორტია, ჩვენს ახალგაზრდებს კი უყვართ კომფორტი, უფრო გლობალურად აზროვნებენ და ვფიქრობ, განსხვავებულის მიმღებლობაც აქვთ.

საქართველოს ისტორიაში მრავალფეროვნების და განსხვავებულის მიღების იმდენი მაგალითი არსებობს, მარტო ეს არის საკმარისი ამის გასააზრებლად, რამდენად კარგია მრავალფეროვნებაში ცხოვრება. საქართველოს ისტორიაში ასევე ბევრი მაგალითია იმის, როცა ეთნიკურად არაქართველს არანაკლები სიკეთე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ახალ თაობას მრავალფეროვნების მიღების პრობლემა არ აქვს.

  • რა სჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ იყოს აღიარებული?

ტრივიალური ფრაზაა, მაგრამ არის ამაში ჭეშმარიტება – მასწავლებლად უნდა დაიბადო. ამ პროფესიას მატერიალურად ვერ გადმოსცემ, ეს უნდა იგრძნო. ქართულ ისტორიოგრაფიაში მასწავლებელი ასოცირდებოდა აღმზრდელთან.  აღმზრდელი მარტო არ ასწავლის, ზრდის და ეს ფუნქცია თუ ჩემს პიროვნებაში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი, რაც არ უნდა კვალიფიკაცია ამიმაღლონ, გადამამზადონ, რთული იქნება. მე მიყვარს ჩემი პროფესია და ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ვარ მასწავლებელი და ამას არც ერთ პროფესიაში არ გავცვლი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: