განათლება,მთავარი,სიახლეები

ევროპაში სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო – სამინისტროს პროგრამა

19.06.2019 • 1896
ევროპაში სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო – სამინისტროს პროგრამა

აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სტაჟირების პროგრამა – „ევროოდისეა“ განაახლა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე პირებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული ან უმაღლესი განათლება და ფლობენ რომელიმე უცხო ენას.

როგორც სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა პროფესიის ადამიანს. „ვაკანსიებზე შეზღუდვა არ არის, ვებგვერდზე ინფორმაცია რომ მოვიძიოთ, ყველაფერს ვნახავთ, დაწყებული ვებგვერდის დიზაინერიდან, სასტუმროს რეგისტრატორის ჩათვლით“.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, განათლების სამინისტრო გამარჯვებულ კონკურსანტს აფინანსებს 1000 ლარით, რომელშიც შედის მგზავრობის და ვიზის ხარჯები. თუკი ამაზე ძვირი ეღირება მონაწილეობა, ეს უკვე კონკურსანტის გადასახდელი იქნება. „ამ პროგრამას სხვა ოფიციალური ხარჯი არ აქვს. შეიძლება გარკვეული ხარჯი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება მოგიხდეს გარკვეული დოკუმენტის გადათარგმნა ან რაიმე ტექნიკური საკითხების მოგვარება“, – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისი თქმით, „ევროოდისეა“, ანუ პარტნიორი ორგანიზაცია ანაზღაურებს უკვე ადგილზე სტაჟიორის დაბინავებას, ყოველთვიურ სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ენის კურსებს.

წელს პროგრამა სამ გამარჯვებულს გამოავლენს, მომავალ წელს კი, როგორც ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე გვეუბნება, პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და ათი სტაჟიორის შერჩევა იქნება შესაძლებელი. პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი 7 ათასი ლარია.

უცხოეთში გასაგზავნი სტაჟიორები კონკურსის წესით შეირჩევიან. კონკურსის პირველ ეტაპს ატარებს აჭარის განათლების სამინისტრო. პირველ ეტაპზე გამარჯვებულ მონაწილეს უფლება აქვს, „ევროოდისეას“ ვებგვერდის მეშვეობით აპლიკაცია შეავსოს და გაუგზავნოს მიმღებ რეგიონებს.

სამინისტროს განმარტებით, სტაჟიორის შერჩევასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორი რეგიონის კოორდინატორი (კონკურსის მეორე ეტაპი),  აპლიკანტთან სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე.

სამინისტროში განაცხადების მიღება 2019 წლის 17 ივნისიდან 31  დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებგვერდზე: www.eurodyssee.eu

გადაბეჭდვის წესი


ასევე: