მთავარი,სიახლეები

პარლამენტარის პარტნიორის კომპანია სასტუმროს გონიოში უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს

18.06.2019 • 2721
პარლამენტარის პარტნიორის კომპანია სასტუმროს გონიოში უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს

შპს „გონიო 5 მგზავრებისგან“ გონიოს პირველ ზოლში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმროს უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს. სამშენებლო ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული  სამშენებლო ღობით და არც უსაფრთხოების ბადითაა შეფუთული აშენებული კარკასი. გარდა ამისა, მშენებლობა პირდაპირ სასეირნო პრომინადის გასწვრივ მიმდინარეობს, რაც დისკომფორტს უქმნის დამსვენებელს. ამ სამშენებლო მოედანზე ვერც საინფორმაციო დაფას ნახავთ, რაც კანონით სავალდებულოა.

კომპანია „გონიო 5 მგზავრებისგან“ დავით ცერცვაძეს ეკუთვნის. მან კომპანია „ბათუმი ბულვარ საიდთან“ ერთად თავისი სასტუმროების ქსელში საერთაშორისო ბრენდი „ბესტ ვესტერნი“ შემოიყვანა. „ბათუმი ბულვარ საიდის“ ერთ-ერთი აქციონერი კი დეპუტატი ბექა ოდიშარიაა.

„მგზავრები“ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეული სასტუმროს მფლობელია, სადაც ნომრებს ყიდიან, თუმცა კომპანია მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ სასტუმროებს თავად მართავს.

„მგზავრებმა“ კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გონიოში 2019 წლის მაისში მიიღო. ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხეველობის განყოფილების ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა გაცილებით ადრე, უნებართვოდ დაიწყო.

2019 წლის იანვარში კომპანია ჯერ უნებართვო მშენებლობისთვის, შემდეგ კი უნებართვო მშენებლობის შეუჩერებლობისთვის დააჯარიმეს.

დღეს, 18 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიშა ბოლქვაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აშენებს კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევით. „ბათუმელები“ ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით მერიის ზედამხეველობის სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებიდან მოგვიანებით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანია ისევ დააჯარიმეს, ამჯერად მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით  წარმოებისთვის. გარდა ამისა, სამსახურმა გამოსცა აქტი სამუშაოების იძულებით შეჩერებაზე.

სასტუმროების ქსელ „მგზავრების“ წარმომადგენლის ინფორმაციით, მშენებლობა შემოფარგლული იყო ღობით, მაგრამ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მისი უფრო გამართული ღობით შეცვლა გადაწყვიტეს – „ამიტომაც იყო მოხსნილიო“. გვითხრეს ისიც, რომ კომპანია ტურისტულ სეზონზე არ იმუშავებს. მათივე ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პროექტში პარლამენტარი ბექა ოდიშარია მათი პარტნიორი არ არის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: