მთავარი,სიახლეები

შსს: უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და გაწევრიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17.06.2019 • 1608
შსს: უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და გაწევრიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს ინფორმაციით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.

ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება,“-ნათქვმია შსს-ს განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ შექმნის — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

ვასაძემ 16 ივნისის გამოსვლაში ახსენა ქვიარაქტივისტების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის შესაძლო მკვლელობაც, რაც, მისი თქმის, მას უნდა დააბრალონ და თქვა, რომ ეს ინფორმაცია უშიშროებისგან ჰქონდა. შსს-ის განცხადებაში ამ ნაწილზე არაფერია ნათქვამი. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ნაწილზე გამოძიებას.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/372339/?fbclid=IwAR20N52YyEzO_0-aMWAj4GWzdk131omqimbOpCfzBNk1_nUdjsD9Yk7sUWY

https://netgazeti.ge/news/372576/?fbclid=IwAR0ChJsu9wJJEKi1XNGVCUps2dOYa1rkaFEmXLlqE5rHG4zb9QNMMczheAM

გადაბეჭდვის წესი


ასევე: