მთავარი,სიახლეები

„რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ პოლიცია დაიცავს – როდის ჩაიბარებს ახალ შენობას მთავრობა

19.05.2019 • 2066
„რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ პოლიცია დაიცავს – როდის ჩაიბარებს ახალ შენობას მთავრობა

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობის დასაცავად შპს „სტადიონი“ 50 400 ლარის გადახდას გეგმავს. ამ თანხას დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხდიან. პროექტი, რომელიც ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებს, ბოლო შეთანხმებით, 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად როდის დასრულდება იგი. ასევე გაურკვეველია, თუ რომელ უწყებას გადაეცემა საბოლოოდ ახალი საავადმყოფო.

„სტადიონის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში 17 მაისს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ახალი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა არის სავარაუდო, შესაბამისად, დაცვითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადად განისაზღვრება ობიექტის სხვა უწყებაზე საბოლოოდ გადაცემამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი“.

„170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო შედგება სამი ბლოკისაგან, რამდენიმე დამხმარე ნაგებობებით. რომლებშიც დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის ძვირადღირებული სხვადასხვა მოწყობილობები. ტერიტორიის ფართობი შეადგენს 22 107 კვ.მ-ს, შენობების მოშენების ფართობი 4733 კვ.მ-ს და წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას. შესაბამისად, ობიექტის მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე მასში დაცული თანამედროვე ტიპის ძვირადღირებული სხვადასხვა მოწყობილობების გათვალისწინებით აუცილებელია დაცვითი მომსახურება განხორციელდეს შეიარაღებული [ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით] დაცვით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად იქნას აღკვეთილი კანონდარღვევა და დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი“ – აღნიშნულია „სტადიონის“ წერილში.

„სტადიონი“ არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს, რომელიც რამდენიმე პროექტს, მათ შორის ბათუმში [ტენდერის საშუალებით], 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ახალ საავადმყოფოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს.

როდის დასრულდება სამუშაოები?

„მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით [2019 წლის 17 მაისი – ავტ] მიმწოდებელს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე… დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს შენობის დასუფთავებისა და სხვა მცირე ფასიანი მოწყობილობების დამონტაჟების სამუშაოები. პროექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სავარაუდო დასრულების ვადად განისაზღვრება 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდი. ხსენებული ობიექტის დასრულებისთანავე უნდა განხორციელდეს შენობაში დამონტაჟებული სხვადასხვა მოწყობილობების ტესტირება, რის შემდეგაც მოხდება ობიექტის საბოლოო მიღება.“ – აღნიშნულია „სტადიონის“ წერილში.

50 400 ლარად, საავადმყოფოს შენობას დაცვის პოლიცია, სავარაუდოდ, 2019 წლის პირველი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დაიცავს.

ახალ შენობას თავდაპირველად შპს „სტადიონი“ ჩაიბარებს. შემდეგ კი გადაწყდება თუ ვის გადაეცემა ის მართვაში. მიუხედავად იმისა, სამშენებლო სამუშაოები დროში საკმაოდ გაიწელა, ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი თანხა საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღსაჭურვად.

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ეს პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 28 იანვარს დაამტკიცა, ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა.

ამ თემაზე:

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: