სიახლეები

მერი ურბანულ პრობლემებზე: „როდესაც ქვემეხები დუმს, პოეზია საუბრობს“

18.04.2019 • 1454
მერი ურბანულ პრობლემებზე: „როდესაც ქვემეხები დუმს, პოეზია საუბრობს“

„ნათქვამია, როდესაც ქვემეხები დუმს, პოეზია საუბრობსო. ამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, დააკვირდით სიტუაციას, როდესაც დუმხართ თქვენ, არასამთავრობო სექტორი, ანუ ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ თქვენ მოგწონთ. ამ დროს საუბარს იწყებს სამშენებლო სექტორი. როდესაც დუმს სამშენებლო სექტორი, მაშინ საუბრობთ თქვენ. ხალხი ამ შემთხვევაში თქვენს მხარესაც ლაპარაკობს და მეორე მხარესაც, იმის მიხედვით, თუ ვინ ესაუბრება მათ საკუთარი გადმოსახედიდან და  ცდილობს თავისი მომხრე საზოგადოება გამოაჩინოს. ეს არის ჯოხი ორი ბოლოდან. ყოველთვის ერთი ბოლო გხვდება, როდესაც ხარ სახელმწიფო მოხელე, მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაა, შევაზავოთ და გააკეთოთ ისე, რომ თან ააშენო, თან დააკმაყოფილო ეს საჭიროებები“, – ასეთი შედარებებით ახსნა დღეს ბათუმის მერმა ურბანულ საკითხებთან მიმართებაში მერიის გამოწვევა „ბათომის“ კვლევის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

„ბათომმა“ დღეს, 18 აპრილს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ბათუმის ურბანული პოლიტიკის ანალიზი წარუდგინა. შეხვედრა „ბათომის“ წევრებსა და მერს შორის პოლემიკის გარეშე არც ამჯერად დასრულებულა. ლაშა კომახიძე „ბათომის“ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების გარდა მედიაში გახმაურებულ რამდენიმე საკითხსაც გამოეხმაურა და ბოლო პერიოდში გაჟღერებულ რამდენიმე კითხვასაც უპასუხა, ამიტომაც გთავაზობთ მის გამოსვლას თემატურად, მცირე შემოკლებით:

როგორ და რატომ ჩნდება „ბეტონის ჯუნგლები“ ქალაქში 

„ძეგლები, რომლებსაც აქვთ ღირებულება ჩვენთვის, ისტორიულ-მხატვრული და სხვა გადმოსახედიდან, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის დღეს სრულად ამორტიზებული. აბსოლუტური უმრავლესობა არის ლამის ქვიშად ქცეული. ძალიან რთულია იმ ოდენობის ფინანსების მობილიზება სახელმწიფოში, რომ მიხედო ამას და აიღო მიმართულება, რომ ყველაფერ ამას გადაწყვეტს სახელმწიფო. ეს ძალიან რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამას დავამატოთ ისიც, რომ ქალაქი ვდგავართ სხვა აუცილებელი გადასაწყვეტი  საკითხების წინაშე… მიაქცევდით ყურადღებას, რომ დღეის მდგომარეობით 753 ოჯახი, მცხოვრები არაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში, ცხოვრობს ავარიულ შენობაში. ეს სახლები სიცოცხლისთვის საშიშია, ეს არის პრობლემა, რომელიც არამხოლოდ ბათუმისთვის, საქართველოს სხვა ქალაქებისთვისაც დამახასიათებელია.

როდესაც დღის წესრიგში დგას პრობლემა, რომელსაც ჰქვია საცხოვრისი…  ამას მე უფრო ვეხები არა კულტურული მემკვიდრეობის საზღვრების თემაში – არის დამოკიდებულება ურბანული პოლიტიკა მაღლივი შენობების მიმართ კ2 კოეფიციენტის გამოყენებისა და ასე შემდეგ. კ2 კოეფიციენტის გამოყენება არის ინსტრუმენტი, მსგავსი ტიპის პრობლემების გადაჭრის. იმას, თუ რა არ მოგვწონს ჩვენ და რას ვეძახით ბეტონის ჯუნგლებს, ამის სამოცდაათი პროცენტი საფუძველი არის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოიყენონ ეს ბოროტად.

მერი შეუსრულებელ მისიაზე 

მოაგვარო კრიტიკული საჭიროებები საცხოვრისის მიმართ და თან ეს გააკეთო ისე, რომ ამით იყოს ყველა ძალიან კმაყოფილი, ეს არის შეუსრულებელი მისია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის უკან მე ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს სამკუთხედი, რომელშიც არის არასამთავრობო სექტორი თავისი მოთხოვნებით, არის საჭიროებები და საჭიროებებზე პასუხები. ამას დავარქვათ ერთად სამშენებლო სექტორი და ასევე სახელმწიფო სექტორი, ყველას გვაქვს ჩვენი ამოცანები.

თქვენი ამოცანები ჩვენს ამოცანებთან შედარებით ვიწრო და პროფილურია. სწორედ გამიგეთ რას ვგულისხმობ, ვამბობ იმ ამოცანებთან შედარებით, რომლებიც დგას თვითმმართველობის წინაშე. ძალიან ბევრი საჭიროებები კვეთაში მოდის იმ საკითხებთან, რომლებზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას. ამიტომ ცალმხრივად დაჩემება, რომ ასეთი სტეიტმენტის გაკეთება, რომ ეს ასე უნდა იყოს და მორჩა, მხოლოდ ეს არის სწორი გზა და ასე უნდა იაროს თვითმმართველობამ, არასწორია. უნდა გესმოდეთ, რა არის ამ საკითხებთან კვეთაში. რაში არის კონფლიქტის ძირი და არა კონფლიქტის ზედა მხარე. ერთად უნდა შევეცადოთ კონფლიქტის ძირზე ვიმოქმედოთ.

ბევრჯერ მოვისმინე ამ პრეზენტაციაში – საჭიროა ეს დოკუმენტი, საჭიროა ეს დოკუმენტი… პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ამ დოკუმენტების შემუშავების ექსპერტიზა არ გაგვაჩნია. აჭარაშიც არ გაგვაჩნია ამ დოკუმენტების შემუშავების ექსპერტიზა, ყველასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად იქნება ეს სამთავრობო თუ არასამთავრობო. ჩვენ გაგვაჩნია ფინანსური რესურსი, რომლითაც შეგვიძლია შევისყიდოთ ეს დოკუმენტაცია. აქ მე ვხედავ ძალიან კარგი თანამშრომლობის შესაძლებლობას. რაც დამატებით გვჭირდება, ყველაფერი ეს რაც გაჟღერებული იყო [ გულისხმობ „ბათომის“ რეკომენდაციებს] შევიმუშაოთ ერთ გეგმაში, განვსაზღვროთ მისი ფინანსური ღირებულება და გამოვაცხადოთ – ვიყიდოთ. მე გაძლევთ პირობას, რომ ამას ჩვენ ჩავსვამთ გეგმაში. წელს ალბათ ვეღარ მოესწრება, მაგრამ მომავალ წელს გავაკეთოთ მრავალწლიანი გეგმა ამ აუცილებელი ბაზისური დოკუმენტების შესყიდვის. თქვენ თვითონ შეიმუშავეთ ტექნიკური დავალება მთლიანად, რა თქმა უნდა, ჩვენთან თანამშრომლობით, მაგრამ გაძლევთ პირობას, ამ ექსპერტიზას მთლიანად ჩვენ გადავიხდით.

ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების გაჭიანურების მიზეზი

რაც შეეხება ისტორიული განაშენიანების ზონას, თქვენ კარგად თქვით ქალბატონო ნინო [ნინო ინაიშვილს] ერთი რამ, დრო იწელება და შემდეგ უფრო რთული ხდება რაღაცის გაკეთება, ეს კი უფრო ძვირი ჯდება. რომელ წელს შემუშავდა თავდაპირველად ისტორიული საყრდენი გეგმა? – 2007 წელს. მე ხშირად გისმენთ თქვენც, მედიასაც, სხვებსაც არასწორად იყენებენ განმარტებას, რომ 2017 წელს განახლდა არსებული დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა 2007 წელს, არაფერი არ განახლებულა. წაიკითხეთ სათაური – ზოგადი საინფორმაციო განახლება მოხდა მხოლოდ. არ მომხდარა განახლება გარდა ტექსტური საინფორმაციო ნაწილისა, სადაც ძირითადი ნაწილი, რასაც ეს დოკუმენტი უნდა ეყრდნობოდეს, აბსოლუტურად დარჩა იგივე. ეს არის 2007 წელს შემუშავებული დოკუმენტი და ახლა 2019 წელია. 2008-2009 და ასე შემდეგ წლები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს რუკები გამოეყენებინათ და საზღვრები დამტკიცებულიყო, სანამ ეს დოკუმენტი ცოცხალი იყო და რეალურად ასახავდა მდგომარეობას.

თქვენ ძალიან კორექტულად აუარეთ იმ ნაწილს გვერდი, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ კორექტირებული დოკუმენტი, როგორიც იყო ჩვენი ხედვა, არა სპეციალისტების მოსაზრებებზე დაფუძნებით, არამედ ჩვენი ხედვით. მაგრამ ის დაიწუნეს და ჩვენ მივიღეთ ეს. ამის შემდეგ დავსვით მარტივი კითხვა – საჭიროებს თუ არა ეს დოკუმენტაცია განახლებას, თუ წავიდეთ არსებული რედაქციით, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ საჭიროებს განახლებას. ჯერჯერობით ველოდებით პასუხს კითხვაზე, თუ რა ნაწილში საჭიროებს დოკუმენტი განახლებას. იმისთვის, რომ მთლიანად დავეყრდნოთ ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს ამ ნაწილში. არ დაგავიწყდეთ, ისტორიული განაშენიანების დამტკიცება იყო ჩემი ინიციატივა. ჩვენ წავალთ დოკუმენტის განახლების გზით. ეს არის ჩემი ხედვა.

მერი მშენებლობებზე: „ეს არის ფულის აკუმულირების ერთადერთი სექტორი“

რაც შეეხება ურბანული განვითარების დოკუმენტს – იცით, რომ გამოცხადებულია ტენდერი, სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის შესახებ. გაიხარჯა წელიწადი, რომ არსებული ტექნიკური დავალება გადაკეთებულიყო, გავრცობილიყო და მომზადებულიყო. დღეს ტენდერი გამოცხადებულია და ნურავის გვექნება ილუზია, რომ ამ დოკუმენტის შემუშავება მოხდება უფრო ადრე, ვიდრე… ღმერთმა ქნას, რომ გამარჯვებული ახლავე გამოვლინდეს. მე არ მაქვს ილუზია, რომ ორი წელი მინიმუმ არ დასჭირდება ამ დოკუმენტს.

ორი წელი რა გავაკეთოთ? აბსოლუტური მორატორიუმი ყველა ტიპის მშენებლობაზე, თუ უნდა წავიდეთ უკვე რეგულირებული ქალაქმშენებლობის გზით? – არ მაქვს აქ, მაგრამ მოგაწვდით, ქალაქმშენებლობაში, საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების, მაღლივების დატვირთვას და წილს ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ახსნილია ციფრებში – როდესაც შენდება ერთი სახლი, როგორ ნაწილდება ის დოვლათი, რომელიც წარმოიშვა ამ მშენებლობის შედეგად.

სრული მორატორიუმი ამ კუთხით არის სრული კოლაფსი ძალიან ბევრი მიმართულებით, ეს არის სერიოზული სოციალური და ეკონომიკური ჩავარდნა ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის მოთხოვნის ერთადერთი სფერო, რომელსაც ჩვენ ვერ ვაძლევთ ვერაფერ სხვას, რომ გადავანაწილოთ, ეს არის ფულის აკუმულირების ერთადერთი სექტორი ქალაქში, რომელსაც არა აქვს ალტერნატივა.

როგორ ხედავს მერი ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენას  

როდესაც ვსაუბრობ მშენებლობებზე, მე ისტორიულ ზონას არ ვგულისხმობ. საუბარი მქონდა, ზოგადად, ქალაქში მაღლივი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობაზე. ისტორიული განაშენიანების დამტკიცების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა რეგულაცია უნდა ამოქმედდეს, რაც არის ზონასთან დაკავშირებული. რაც შეეხება იმას, რა მოხდება ზონების დამტკიცებამდე? – სწორედ ამიტომ არის საჭირო დოკუმენტის განახლება, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რისი გაკეთება შეიძლება იქ და რისი – არ შეიძლება.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი