მთავარი,სიახლეები

საგამოძიებო სამსახური ქობულეთის სანაპირო ზოლში მიწის გაყიდვის საკითხს სწავლობს

17.02.2019 • 2916
საგამოძიებო სამსახური ქობულეთის სანაპირო ზოლში მიწის გაყიდვის საკითხს სწავლობს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კრისტალ ბილდინგს“ შორის დადებული ხელშეკრულება სამინისტროდან  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო.  ამ ხელშეკრულებით ქობულეთის ზღვისპირა პარკის გაგრძელებაზე 71 523 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი [სამი საკადასტრო ერთეული] და ამ ნაკვეთებზე არსებული ძველი შენობები გააასხვისეს. ამის თაობაზე საგამოძიებო სამსახურმა უკვე გამოკითხა აჭარის ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებიც.

საგამოძიებო სამსახურს აინტერესებს სარეკრეაციო ზოლში, ქობულეთის ზღვისპირა პარკის გაგრძელებაზე არსებული ქონების გასხვისების ფასი, პირობები და პირობის შესრულება, ასევე, შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის დეტალები.

საგამოძიებო სამსახურს კითხვები ჰქონდა, ასევე, ქონების არასაბაზრო ფასით გაყიდვასთან დაკავშირებითაც. აჭარის ფინანსთა სამინისტროს სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გელა ცინცაძე ადასტურებს, რომ  ქონება საბაზრო ფასთან შედარებით ნაკლებად აქვთ გაყიდული და ამასთან განმარტავს, რომ სამინისტროს ამის უფლება ჰქონდა:

„სამინისტროს ჰქონდა უფლება, მთავრობის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, ფასი განესაზღვრა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად – ასე გადაწყდა ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე. ინვესტორმა წარმოადგინა განცხადება, თუ რა ოდენობის თანხის გადახდას აპირებდა“.

ამ შემთხვევაში საუბარია 2018 წლის თებერვალში, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩის #313-ში აუქციონის წესით გასხვისებულ შენობა-ნაგებობებსა და მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე [9 212 კვ.მ]. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიას 2018 წლის 15 დეკემბრამდე საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 20%, ნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. ქონება 2 550 000 ლარად გაიყიდა.

გელა ცინცაძის ინფორმაციით, კომპანიამ ამ დროისთვის გაწერილი ვალდებულებებიდან მხოლოდ ნაწილი შეასრულა, ნაწილი კი შეუსრულებელი დარჩა.

„შეუსრულებელია როგორც ვადამოსული თანხის გადახდის, ასევე, მშენებლობის ნებართვის მიღებისა და სამუშაოების დაწყების ვალდებულება. ამ საკითხზე ჩვენ დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება და ამ წარმოებაში ჩართულია კომპანიაც. „კრისტალ ბილდინგს“ აქვს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს ხელშეკრულება“, – განმარტავს გელა ცინცაძე.

შპს „კრისტალ ბილდინგის“ მიერ სამინისტროსთვის მიწოდებული ინფორმაციით, კომპანიას შესყიდული აქვს სამშენებლო მასალები. რაც შეეხება საგარანტიო ფურცელს, ის კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია, მაგრამ წერილობით ადასტურებს, რომ მზადაა ასეთი გარანტიაც წარადგინოს. თუმცა, 2019 წლის იანვრიდან, აღარ მოქმედებს აჭარის მთავრობის  განკარგულება, რომელიც გარანტიის წარდგენას ითვალისწინებდა.

„კრისტალ ბილდინგის“ მიერ ქობულეთში შეძენილი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი

აუქციონის კიდევ ერთი პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში კომპანიას შესყიდულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია-სარემონტო სამუშაოების ჩატარების ან ახალი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება ევალებოდა. ნებართვის მიღებიდან ერთ თვეში კი მშენებლობა უნდა დაეწყო. კომპანიას ასეთი ნებართვა ამ დრომდე არ მიუღია და, შესაბამისად, არც მშენებლობა დაუწყია. სამინისტროს ინფორმაციით, არსებული შენობა, რომელშიც გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა განთავსდეს, სარეკრიაციო ზონაში მდებარეობს.

ხელშეკრულების მიხედვით, ამ ტერიტორიაზე „კრისტალ ბილდგინგს“ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული.

გარდა ამისა, „კრისტალ ბილდინგს“ აჭარის მთავრობასთან კიდევ ორი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მთლიანობაში კი სამივე ხელშეკრულებით ივესტორმა შეისყიდა ტერიტორია ქობულეთის ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე და აიღო ამ ტერიტორიების ერთიანი კონცეფციით განვითარების ვალდებულება. აქედან კომპანიამ აუქციონის წესით ორი ნაკვეთი შეისყიდა, მესამე კი პირდაპირი წესით მიიღო.

საერთო ჯამში, „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე, ჯამში, დაირეგისტრირა  71 523 კვადრატული მეტრი მიწა: ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ძველი შენობების ჩათვლით და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც 24 678 კვადრატული მეტრით მეტია ქობულეთის ცენტრალური პარკის ფართობზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, პარკი 46 845 კვადრატული მეტრია.

გარდა ამისა, ინვესტორი ფიჭვნარში დამატებით ითხოვდა პლაჟის ტერიტორიას.

„კრისტალ ბილდინგმა“ ნაყიდი ტერიტორიებიდან ერთ-ერთზე მრავალფუნქციური ობიექტის აშენების ნებართვა მიიღო. ეს სწორედ ამ პროექტის რენდერია.

„კრისტალ ბილდინგი“ 2015 წელს აზერბაიჯანის ორმა მოქალაქემ დააფუძნა. დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად 25 წლის ელვინ მამმადლი დანიშნეს, ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი ვანო ლომიძეა.

ვანო ლომიძე არის ასევე შპს „აგრარ გაზის“ ასი პროცენტის მფლობელი. რეესტრის მონაცემებით, 2013 წელს ის იყო შპს „ენერგო ინვესტის“ დირექტორი, რომლის ასივე პროცენტს რუსეთის მოქალაქე თენგიზ ძიძიგური ფლობდა. ვანო ლომიძე ფლობს ასევე შპს „ჯავას“ ორმოც პროცენტს. რეესტრის 2015 წლის მონაცემებით, ვანო ლომიძე შპს საქართველოს ელექტრონულ-ინდუსტრიული კომპანიის დირექტორად და თანამფლობელად ფიქსირდება.

„კრისტალ ბილდინგთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სანიმისტროდან ასევე გაითხოვა უწყების მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები. საგამოძიებო სამსახური ძირითადად იმ ქონებებით არის დაინტერესებული, რაც პირდაპირი წესით გაასხვისეს. პირდაპირი წესი მთავრობას შესაძლეობლობას აძლევს აუქციონის გამოცხადების გარეშე, არაკონკონკურენტულ გარემოში გაყიდოს ქონება წინასწარ დადგენილი ფასით და პირობებით.

საგამოძიებო სამსახური კიდევ ერთი ქონების გასხვისებას იკვლევს. იხილეთ აქ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/182793/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: