მთავარი,სიახლეები

როგორ ებრძვის ფინეთი და ჩეხეთი უსახლკაროთა პრობლემებს 

05.02.2019 • 2250
როგორ ებრძვის ფინეთი და ჩეხეთი უსახლკაროთა პრობლემებს 

ფინეთის დედაქალაქი, ჰელსინკი ის იშვიათი ქალაქია, სადაც ვერ შეხვდებით მოწყალების მთხოვნელებსა და უსახლკაროებს. თუ, მაგალითად, ბრიტანეთში 2010 წლის შემდეგ იმატა უსახლკაროთა რიცხვმა, ჰელსინკში 2007 წლის შემდეგ უსახლკაროთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ფინეთში არაერთხელ შეიცვალა მთავრობა, თუმცა უცვლელი დარჩა ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა – უსახლკარობის დაძლევა, რაც სოციალური პროგრამის საშუალებით – „ყველაზე მთავარი სახლია“, შესაძლებელი გახდა.

1987 წელს ფინეთში 18 000-ზე მეტი უსახლკარო იყო, ეს რიცხვი 2017 წელს 6 600-მდე შემცირდა და მათგან ძალიან მცირეა რაოდენობა, ვისაც გასათევი არსად აქვს.

უსახლკაროთა უმრავლესობა მეგობრებთან, ნათესავებთან ან დროებით საცხოვრებელში ათევს. ღამით ქუჩაში ერთეულები რჩებიან.

ფინეთის ხელისუფლება ცდილობს უსახლკაროებს უმოკლეს ვადაში გადასცეს საცხოვრებელი პირად საკუთრებაში, რის სანაცვლოდაც სახელმწიფო სარგებელს არ იღებს და უსახლკაროებს საცხოვრებლის გადაცემის შემდეგაც არანაირ პირობებს არ უწესებს. მათ ამ სახლებში ცხოვრების ბოლომდე შეუძლიათ დარჩენა.

„არ უნდა არსებობდნენ უსახლკაროები, რომლებიც იძულებით ათევენ ქუჩაში ღამეს, არავინ უნდა კვდებოდეს ქუჩაში. ეს არ იქნებოდა საზოგადოება და ქალაქი, სადაც ვისურვებდით ცხოვრებას“, – აცხადებს BBC-სთან ჰელსინკის ვიცე-მერი, სანა ვესიკანსა.

საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემდეგ ბენეფიციართა განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნავენ ინდივიდუალური უნარების გათვალისწინებით. ეს დიდი მხარდაჭერაა მათთვის, ვინც ცდილობს დაძლიოს ძლიერი დამოკიდებულება ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე.

უსახლკაროთა საცხოვრებლებს საერთო სამზარეულო და ჰოლი აქვს, სადაც მათ ერთად შეკრება და სოციალურ აგენტებთან საუბარი შეუძლიათ.

BBC- ს ინფორმაციით, ფინეთმა დაახლოებით 300 მილიონი ევრო დახარჯა ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომ 3 500 ადამიანი უზრუნველეყო საცხოვრებლით და ხელფასი გადაეხადა 300 სოციალური მუშაკისთვის.

დიდი  ბრიტანეთის ხელისუფლება 32 მილიონ ევროს ხარჯავს საპილოტე პროგრამისთვის, რომლის საშუალებითაც უსახლკაროთათვის 1000 ბინა უნდა შეიძინონ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში უსახლკაროთა პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ.

ჩეხეთში 5 წელია მოქმედებს სოციალური პროექტი Pragulic-ი, რომელსაც ალტრუისტული მიზანი აქვს და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს. პროექტის იდეის ავტორები თავდაპირველად ჩეხი სტუდენტები იყვნენ და მათ სურდათ უსახლკაროთათვის მოქმედების არეალი, საარსებო სახსრების გამომუშავების საშუალება მიეცათ.

მაგალითად, თუ პრაღაში მოგზაურობას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ქალაქის გაცნობის ალტერნატიულ ფორმას მიმართოთ და დაიხმაროთ არა ჩვეულებრივი გიდი ჩვეულებრივი ტურისტული სააგენტოდან, არამედ პრაღელი უასხლკაროები. ქალაქის ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიის შესახებ მათგან ვერაფერს მოისმენთ, მაგრამ ნახავთ, სად ათევენ უსახლკაროები, რა ადგილები არსებობს ქალაქში მიუსაფართათვის ზამთრის გადასატანად, ქალაქის რომელი შადრევნების საშუალებით იცავენ პირად ჰიგიენას და  როგორ ცხოვრობენ უჩინარი ადამიანები.

კარიმი, პრაღელი გიდი
ფოტო: BBC

პროექტ Pragulic-ში ჩართულ გიდებს, გარდა იმისა, რომ უხდიან ხელფასს, ფინანსურ დახმარებასაც უწევენ საცხოვრებლის, სამოსის, ტრანსპორტისა და წამლების ხარჯის დასაფარად.

უსახლკაროთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა საქართველოში 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიის მთავარ ამოცანადაა მიჩნეული. თუმცა დღემდე არ არსებობს უსახლკაროთა სტატისტიკა და, შესაბამისად, არც სისტემური პოლიტიკა რეალობის შესაცვლელად. კანონმდებლობის მიხედვით, უსახლკარობის დაძლევად საქართველოს სახელმწიფო საცხოვრებლის გადაცემას მიიჩნევს, ეს მიდგომა კი ხარვეზებითა და არაეფექტურობით გამოირჩევა.

2015-2017 წლებში, მაგალითად, EMC-ს მონაცემებით, უსახლკაროდ დარეგისტრირებისა და თავშესაფრის მთხოვნელი 7000 ადამიანი იყო. 15 თვის განმავლობაში კომისიამ მხოლოდ 732 განაცხადი განიხილა, უსახლკაროს სტატუსი მიანიჭა მხოლოდ 335 პირს და თავშესაფრით მხოლოდ 47 განაცხადი დააკმაყოფილა.

______________

მთავარ ფოტოზე: ყოფილ უსახლკაროთა საცხოვრებელი სახლები ჰელსინკში. ფოტო: BBC

გადაბეჭდვის წესი


ასევე: