თუ ძაღლის აყვანა გსურთ, მაგრამ ძვირადღირებული ჯიშის ლეკვს ვერ ან არ ყიდულობთ, მაშინ დილის ათი საათიდან შუადღის ორ საათამდე, ბათუმში ცხოველთა თავშესაფარს შეგიძლიათ ეწვიოთ აეროპორტის გზატკეცილზე, № 251-ში, სადაც ძაღლის აყვანას სრულიად უფასოდ შეძლებთ. თანაც თქვენი ოთხფეხა მეგობარი უკვე აცრილიც იქნება.
თავშესაფარში მეტისები, ანუ შერეული ჯიშის ძაღლები ცხოვრობენ. აყვანის პროცედურისას აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის მოწმობა.
ძაღლის აყვანისას მეტი მოთხოვნა ხვადებზეა, თუმცა თუ ძაღლის ჩატარებული აქვს კასტრაცია/სტერილიზაცია, მნიშვნელობა არ აქვს, ძუ იქნება თუ ხვადი. თანაც, ვეტერინარები ამბობენ, რომ ძუ ძაღლს ხშირად უფრო კარგი ხასიათი აქვს, ვიდრე ხვადს.
ცხოველთა თავშესაფარში მცხოვრები ძაღლების ნაწილი ეზოში თავისუფლად დასეირნობს, ნაწილი კი – ვოლიერშია. აქ გვითხრეს, რომ მალე ძაღლებისთვის ახალი ფლიგელის მშნებლობა დასრულდება.
ეს პატარა, ღუნღულა ლეკვები ჯერჯერობით თავშესაფარში ცხოვრობენ დედასთან ერთად. ვოლიერში ყოფნა როცა სწყინდებათ, გადმოძვრებიან და გარემოს სწავლობენ. განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით მურა ლეკვი გამოირჩევა.
ეს პატარა ზომის შავი ძაღლი ძალიან მეგობრულია, დაუძახებ თუ არა, გამორბის და ყურადღებით გიმზერს. ალბათ კარგი ხასიათის გამო, ვოლიერს გარეთ ცხოვრობს და თავისუფლად დასეირნობს თავშესაფრის ეზოში. თავშესაფარში ძაღლის შესარჩევად მოსულმა ერთმა კაცმა შენიშნა, „ზარბაზანას“ ჰგავს, კინოფილმ „მიმინოდანო“.
ვოლიერის „ვარსკვლავი“, აქტიური და სერიოზული ახალგაზრდა ხვადი.
ეს თეთრგულა, ძუ მეტისი დაახლოებით ერთი წლისაა. სახელი ჯერ არ აქვს, ცოტა ხანია, რაც თავშესაფარში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ სტერილიზაცია ჩაუტარდა. ვოლიერში ყოფნა აშკარად მოსწყინდა, ადამიანების დანახვა ახარებს და აქტიური ყეფითა და კუდის ენერგიული ქიცინით ცდილობს ყურადღების მიქცევას. ვოლიერში მასთან ერთად რამდენიმე ძაღლი დაგვხვდა, თუმცა მათ შორის „მთავარი გმირი“ ეს გახლდათ. ისეთი აქტიურია, მისი კადრში მოხვედრა იოლი სულაც არ ყოფილა.
ეს „გრეჩკაა“, ასე დაარქვეს მას თავშესაფარში. „გრეჩკა“ მშვიდი და დარბაისელი ძაღლია, უცხოებს არ უყეფს, ყურადღებით ათვალიერებს და ყნოსავს. მეგობრულია, თუმცა როგორც კი მიხვდა, რომ ფოტოს ვუღებდით, დემონსტრაციულად გვაქცია ზურგი.
ახლახანს ისადილა, ცოტა მოწყენილი ჩანს.
ეს გრძელცხვირა ძაღლიც მომცრო ზომის მეტისია.
„შეიძლება დღეს გამოჩნდეს ვინმე, ვისაც მოვეწონები და წამიყვანს“. ხუჭუჭა, კოკერსპანიელის მსგავსი ყურები აქვს, აცრილია და სტერილიზებული.
„ჩვენც აქ ვართ!“ – თეთრი, შავხალებიანი დედა-შვილი.
პროფილში ცოტათი დათვსაც ჰგავს, მაგრამ ნამდვილად ძაღლია.
„რომელი უფრო მოგწონვართ?“
ორი შავი და ერთი შავყურა თეთრი ძაღლი.
„მიდიხართ უკვე?“
ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი კომპანია CEBEP-ს ეკუთვნის. უკვე მეხუთე წელია ეს კომპანია ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს იგებს და ახდენს მიუსაფარი ცხოველების სტერილიცაზია/კასტრაციასა და გეგმიურ ვაქცინაციას.
ამავე თემაზე: „მათ გამიზნულად აზიანებენ ცხელი წყლითა და ზეთით“ – ამბავი ძაღლების თავშესაფრიდან