ძალადობის საფრთხეს ხედავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. თორნიკე რიჟვაძემ გუშინ, 9 დეკემბერს თქვა: „მე, პირადად, ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას.“ ამ განცხადებით თორნიკე რიჟვაძე „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჯელალ ქიქავას სატელევიზიო გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ „300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს… მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ და კინაღამ თავისი ქალაქი გადააწვევინეს“.
„რაც არ უნდა თქვას პოლიტიკურმა ოპონენტმა, ხელისუფლების თანამდებობის პირები ასეთ პასუხებს არ უნდა სცემდნენ. ამ განცხადებაში გაიჟღერა ორმა ფრაზამ – ერთი, რომ „პირადად იძიებს შურს“. ეს არის მოწოდება, რადგან ვინმემ შეიძლება ფიზიკურად იძალადოს ჯელალ ქიქავაზე. და მეორე, როცა პოლიტიკური ველის გაწმენდაზე საუბრობს, ეს შეიძლება აღქმული იყოს ისე, რომ ხელისუფლება აპირებს არაკანონიერი მეთოდებით ზემოქმედებას პოლიტიკურ ოპონენტებზე.
გასარკვევია, რას გულისხმობს „პოლიტიკური ველის გაწმენდაში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ჯელალ ქიქავა წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, გაერთიანებულ ოპოზიციას. ალბათ, ამაში არჩევნებს გულისხმობდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა შეიძლება გაქრეს პოლიტიკური ველიდან.
ჩვენთან პოლიტიკური ველის გაწმენდა ასოცირდება ძალადობასთან. მე არა მგონია, მთავრობის თავმჯდომარემ პირადად სცემოს ჯელალ ქიქავას. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, რომ ამ ტიპის შურისძიებაზე საუბრობდეს. ეს შეიძლება იყოს განცხადება შიდა მოხმარებისთვის, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ ეს მოწოდებად მიიღოს და მოახდინოს ჯელალ ქიქავაზე ზეწოლა.
წინასაარჩევნოდ ყველა ტიპის მუქარა და შეურაცხყოფა მოვისმინეთ. ეს ყველას აღიზიანებდა და ყველა სულმოუთქმელად ელოდა, როდის დასრულდებოდა არჩევნები, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო. მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები ხელს არ უწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას, ეს დუღილის ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება ჯელალ ქიქავას განცხადებას, ის ხშირად აკეთებს უცნაურ განცხადებას. რა თქმა უნდა, არასწორია ყივჩაღების და აჭარლების ერთმანეთთან დაკავშირება. კუთხურობაზე აპელირება საერთოდ უნდა დავივიწყოთ, არ შეიძლება კუთხურობის წახალისება. ასეთ განცხადებაზე რეაქცია უნდა ჰქონოდა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ის წარმოადგენს.
პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაიაზრონ, რომ მსგავსი განცხადებები პროვოცირებას უწყობს ხელს და ორივე გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი დგება,“ – აღნიშნავს ასლან ჭანიძე.