მთავარი,სიახლეები

საახალწლო გასართობი ღონისძიებები ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის

09.12.2018 • 2986
საახალწლო გასართობი ღონისძიებები ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის

ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის საბავშვო-საახალწლო გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიებებისთვის, რომლებიც ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან სულ 12 325 ლარია გამოყოფილი.

ღონისძიებები ჯამში დაახლოებით 445 ბავშვზეა გათვლილი. მათთვის უნდა მომზადდეს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული, იქნება სხვადასხვა უმაღლესი ხარისხის ტკბილეული, ასევე, საახალწლო ნაძვის ხის სათამაშო. ორგანიზატორი იზრუნებს გასართობ ცენტრში ბავშვების კვებაზეც. მენიუში უნდა იყოს ხაჭაპური, ფრი, ხორციანი ბლინი, სოსისი, ლიმონათი, ხილი.

ღონისძიებები გაიმართება შემდეგი დიასპორების წარმომადგენლებისთვის: თურქული დიასპორა [65 ბავშვი], აზერბაიჯანული დიასპორა [50 ბავშვი], რუსული დიასპორა [85 ბავშვი], ბერძნული დიასპორა [70 ბავშვი], გერმანული დიასპორა [20 ბავშვი], იეზიდური დიასპორა [45 ბავშვი] და უკრაინული დიასპორა [110 ბავშვი].

რაც შეეხება გასართობ პროგრამას, ის „უნდა მოიცავდეს – საახალწლო საზეიმო პროგრამას, საახალწლო მოსაწვევ ბარათებს, ფოტო და ვიდეოგადაღებას (დამონტაჟებული მასალის ჩაწერა დისკებზე); ღონისძიებაში გამოყენებული უნდა იქნას საპნის ბუშტები, თოვლის ფიფქები, ფერადი ქაღალდები (კონფიტი); საზეიმო პროგრამაში ჩართული უნდა იყოს თოვლის ბაბუა და ფიფქია, ასევე 2 საბავშვო ზღაპრის გმირი (მოთხოვნის შესაბამისად, შემსყიდველთან შეთანხმებით)“.

ტენდერი 17 დეკემბერს დასრულდება. ღონისძიებების ადგილი და გრაფიკი კი, გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.

 

მთავარი ფოტო: საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: