მთავარი,სიახლეები

დავა ნახევარმილიონიანი ტენდერისთვის და კორპუსის ფასადების შეცვლაზე არშემდგარი კონკურსები

09.12.2018 • 2016
დავა ნახევარმილიონიანი ტენდერისთვის და კორპუსის ფასადების შეცვლაზე არშემდგარი კონკურსები

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და სახურავის სარეაბილიტაციოდ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 531 346- ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანია სამმართველოს  დავების საბჭოში უჩივის. რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის  შესაცვლელად ესკიზებისთვის გამოცხადებული კონკურსები კი, არ შედგა. საკონკურსო თანხა ჯამში 14 300 ლარი იყო.

რუსთაველის ქ. N41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში სამმართველოს მომსახურება ყველაზე დაბალ ფასად [466 446 ლარად] შპს „ლადამ“ შესთავაზა. მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ კი კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

მომდევნო პრეტენდენტი ტენდერში სამშენებლო კომპანია „ივერთმშენია“, რომელიც მომსახურებას მერიას „ლადასთან“ შედარებით 11 331 ლარით ძვირად, 477 777 ლარად სთავაზობს. შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით სატენდერო კომისიამ „ივერთმშენის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტები უნდა შეისწავლოს, თუმცა „ლადამ“ სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მომჩივან კომპანიას მიაჩნია, რომ მათ მიერ სრულყოფილად იქნა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია, ხოლო კომისიამ არასწორად შეაფასა ის, რის გამოც „ლადა“ დავების საბჭოსგან მოითხოვს, დაევალოს სატენდერო კომისიას:

[checklist]

  • „გააუქმოს 2018 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ლადას“ დისკვალიფიკაციის შესახებ;
  • ხელახლა განახორციელოს შპს „ლადას“ ტექნიკური/დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით“.

[/checklist]

აღნიშნული ტენდერი ამ დროისთვის შერჩევა-შეფასების ეტაპზეა და მისი დასრულება, ანუ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება დავა დავების საბჭოში. სახლის ფასადის რეაბილიტაცია კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველი ივნისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, დავის გაგრძელების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს ვადაც გადაიწევს.

რუსთაველის 41-ში მდებარე კორპუსზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: რუსთაველზე კორპუსის ფასადის შეცვლისთვის ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიას რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის  შესაცვლელად ესკიზებისთვის ჯამში 14 300 ლარი აქვს გათვალისწინებული. საცხოვრებელი ბინების ექსტერიერის საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად კი კეთილმოწყობის სამმართველომ ხუთი კონკურსი გამოაცხადა, თუმცა, შესყიდვების ვებგვერდის მონაცემებით კონკურსები არ შედგა – მათში მონაწილეობა არავინ მიიღო.

რომელი საცხოვრებელი სახლების ფასადების შეცვლას გეგმავს მერია, შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ბათუმის მერია კორპუსების ფასადებს შეცვლის – კონკურსი დიზაინის შესარჩევად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: