მთავარი,სიახლეები

110-მილიონიანი ტენდერი კომპანიას, რომელმაც 30-მილიონიანი სამუშაო ვერ შეასრულა

31.10.2018 • 5044
110-მილიონიანი ტენდერი კომპანიას, რომელმაც 30-მილიონიანი სამუშაო ვერ შეასრულა

ხულო-გოდერძი-ზარზმის ახალ საავტომობილო მაგისტრალს, საქართველოს გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული იტალიური კომპანია „ტოდინი“ ააშენებს, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე დაიწყო“. ირკვევა, რომ „ტოდინი“, რომელიც სახელმწიფოსგან 2016 წელს მიღებულ დაკვეთებს არაჯეროვნად ასრულებს, 2018 წელს კიდევ ერთი – 110 მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულად დაასახელა სახელმწიფო გზების დეპარტამენტმა, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე.

გარდა ამისა, „ბათუმელებმა“ დოკუმენტების შესწავლით დაადგინა, რომ იტალიაში დაფუძნებული კომპანია „ტოდინის“ წილების 100-ვე პროცენტს 2016 წლიდან ყაზახური კომპანია ფლობს.

„ტოდინი“ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერის მოგებამდე სხვა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისთვის, ერთ შემთხვევაში საგზაო დეპარტამენტის მიერ მკაცრად იყო გაფრთხილებული, მეორე შემთხვევაში კი, კომპანიამ სამუშაოები ერთი წლის დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც, შესაძლოა, მასთან დეპარტამენტმა ხელშეკრულება შეწყვიტოს.

„ტოდინთან“ ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტაზე განცხადება, რამდენიმე დღის წინ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ გააკეთა:

„სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე, იტალიურმა კომპანია „ტოდინმა“ ერთი წლის განმავლობაში არ დაიწყო სამუშაოები, რის გამოც დაწყებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით. მესამე მონაკვეთის განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი“.

სამტრედია-გრიგოლეთის ახალი მშენებარე მაგისტრალი ოთხ მონაკვეთადაა დაყოფილი. დანარჩენ მონაკვეთებს სხვადასხვა კომპანია აშენებს და ყველა მონაკვეთზე პრობლემებია.

„ჯამში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთზე 2018 წელს დაგეგმილი 145 მილიონი ლარის სამუშაოებიდან, 9 თვეში შესრულდა 40 მილიონ ლარის სამუშაოები, ხოლო 2018 წლის სავარაუდო შესრულება სულ იქნება დაახლოებით 50 მილიონი ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

„ტოდინთან“ ხელშეკრულება ამ დროისთვის შეწყვეტილი არ არის. მათ სამუშაოებისთვის ვადა 2019 წლის ივლისის თვემდე აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ, რა თქმა უნდა არაფერი მოხდება, გაუწყდებათ ხელშეკრულება. ამ ეტაპზე სამუშაოები, როგორც ვიცით, ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს, სულ რამდენიმე პროცენტი არის შესრულებული“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ თამარ ჯაფარიძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

კომპანია „ტოდინი“, სამტრედია-გრიგოლეთის მე-3 მონაკვეთის გარდა ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე – არგვეთას სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზეც მუშაობს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჩამორჩენით მიმდინარეობდა 2018 წლის აპრილშიც, რის გამოც კომპანიას მკაცრი გაფრთხილება მიეცა.

„კომპანიას დაევალა სამშენებლო ობიექტებზე ტექნიკისა და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრება“, – განაცხადეს 6 თვის წინ დეპარტამენტში.

გატარდა თუ არა სანქციები კომპანიის მიმართ, დაჯარიმდა თუ არა, როგორ გაიმარჯვა ახალ ტენდერში და ხომ არ შექმნის „ტოდინი“ პრობლემებს ხულო-ზარზმის პროექტის განხორციელებისას? – ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით პასუხების მიღება „ბათუმელებმა“ დეპარტამენტისგან სცადა.

„თუ „ტოდინთან“ დაკავშირებით ინფორმაცია უფრო სიღრმისეულად გაინტერესებთ, მოგვწერეთ წერილობით და თუ არის დაჯარიმებული, რისთვის და დროის რა მონაკვეთში, შესაბამისი სამსახური მოგწერთ“, – გვითხრეს დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, როგორც გზების დეპარტამენტში გვითხრეს, 110 მილიონზე მეტი ლარია. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, იტალიაში დაფუძნებული კომპანია „ტოდინის“ 100% წილს 2016 წლიდან ფლობს ყაზახური კომპანია „Prime System KZ“, რომელიც თავის მხრივ ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიაა.

„ბათუმელები“ კომპანია „ტოდინის“ თბილისის ოფისსაც დაუკავშირდა, თუმცა კომპანიის ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთი, რომელსაც „ტოდინი“ აშენებს 12 კილომეტრია. გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB) აფინანსებს. ოთხზოლიანი გზის ეს მონაკვეთი გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია გაივლის. მშენებლობა 2016 წელს უნდა დაწყებულიყო და 2018 წელს დასრულებულიყო.

ეს გზა გრიგოლეთამდე კეთდება, სადაც უნდა შეუერთდეს გრიგოლეთი-შეკვეთილის ახალ მაგისტრალს, რომლის მშენებლობაც ჯერ მხოლოდ დაგეგმილია; აქედან ახალი გზა გაგრძელდება ქობულეთის შემოვლით გზაზე, რომელიც ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ბათუმის შემოვლით [მშენებარე] გზას შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზა კი შემდგომში ჭოროხიდან სარფამდე გაგრძელდება.

მთავარი ფოტო: საფრის ხიდი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე ხულოში, სოფელ დანისპარაულთან, რომლის სრული რეაბილიტაცია ხულო-ზარზმის ახალი გზის პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს / ფოტო დეპარტამენტის არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: