მთავარი,სიახლეები

რატომ არ რეაგირებს განათლების სამინისტრო 15 წლის მოსწავლის გათხოვებაზე

23.10.2018 • 3041
რატომ არ რეაგირებს განათლების სამინისტრო 15 წლის მოსწავლის გათხოვებაზე

„გამოძიების პროცესში დადგენილი ფაქტების შესაბამისად მოხდება რეაგირება,“ – ასე უპასუხეს აჭარის განათლების სამინისტროში ჩვენს შეკითხვას ქობულეთში 15 წლის გოგოს გათხოვების შესახებ. სამინისტროს ვკითხეთ, რა რეაგირება მოჰყვება სკოლის დირექტორის დამოკიდებულებას, რომელმაც პოლიციისთვის ამბის შეტყობინებას ქორწილში მისვლა არჩია.

სოფელ ლეღვაში სკოლის მოსწავლის დაქორწინების შესახებ პირველად საზოგადოებამ გუშინ, 22 ოქტომბერს TV25-ის  სიუჟეტიდან გაიგო. ამ შემთხვევაშიც მედიაში ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ დაიწყო გამოძიება. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მიმართულებით გამოძიება არ მუშაობს.

გამოძიებამ შესაძლოა დაადგინოს ან გამორიცხოს სკოლის დირექტორის მხრიდან დანაშაულის ჩადენა. დანაშაულის დადგენამდე შესაძლოა განათლების სამინისტრომ გამოარკვიოს, ჩაიდინა თუ არა სკოლის დირექტორმა სამართალდარღვევა. სკოლის დირექტორს ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის მიწოდებას მთავრობის 2015 წლის დადგენილება ავალდებულებს. რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა სამართალდარღვევაა, რაც შესაბამისი სანქციით ისჯება.

„საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, მანდატურის სამსახური, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები, თავშესაფრები, მათი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან, რეფერირების პროცედურების ფარგლებში ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე გაანალიზონ შემთხვევა და საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში უზრუნველყონ სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ვალდებულნი არიან, სააგენტოსთან თანამშრომლობით აწარმოონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ლეღვას სკოლის დირექტორი მანონი მამულაიშვილი საქართველოს განათლების სამინისტრომ დანიშნა მოვალეობის შემსრულებლად. შესაბამისად, მისი საკითხი ამ უწყებამ უნდა მოიკვლიოს. საქართველოს განათლების სამინისტროს პრესცენტრში კი გვიპასუხეს, რომ საკითხზე კომენტარი აჭარის განათლების სამინისტროში უნდა გააკეთონ.

წელს ბავშვთან დაქორწინების ეს მეხუთე ფაქტია სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის აჭარაში. სააგენტოს ბათუმის ფილიალში გვითხრეს, რომ აქამდე 4 შემთხვევა შუახევში, ხელვაჩაურსა და ბათუმში გვქონდა. სააგენტო არ მუშაობს და არც გამოძიება დაწყებულა ზოგიერთ შემთხვევაზე, რომელიც მედიაში მანამდე გაჟღერდა. მაგალითად, „ბათუმელები“ 11 აპრილს წერდა ასევე ქობულეთში 14 წლის გოგოს გათხოვების შესახებ. ამ შემთხვევაში გამოძიება არ დაწყებულა, არც სოციალური მუშაკების ჩამონათვალშია ეს საქმე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრის ინფორმაციით, წელს ადრეული ქორწინების 86 შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელს – 98. ესაა ფაქტები, როცა სოციალურ მუშაკებს დახმარებისთვის მიმართეს.

22 ოქტომბერს გახმაურებულ ისტორიაში 21 წლის ბიჭი დაქორწინდა 15 წლის გოგოსთან. „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი თანაცხოვრებაში არ იმყოფებიან,“ – ეს დეპუტატმა ცოტნე ანანიძემ თქვა მას შემდეგ, როცა მოზარდის ქორწილის შესახებ გაიგო. ცოტნე ანანიძე უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობს.

„მათ ჰქონდათ ჩანიშნული ნიშნობა, ხარჯების დაზოგვის მიზნით ნიშნობა გადაზარდეს საქორწილო რიტუალში,“ – თქვა დეპუტატმა.

მომხდარში ტრაგედიას ვერ ხედავს იმ სკოლის დირექტორი, სადაც გოგო გათხოვებამდე სწავლობდა. მან  ჟურნალისტებს გუშინ უთხრა, რომ სოცსააგენტოს არასრულწლოვანი მოსწავლის ქორწინების შესახებ არ შეატყობინა, რადგან გოგო მისი სკოლიდან სხვა სკოლაში გადავიდა. დღეს, 23 ოქტომბერს, ლეღვას სკოლის დირექტორმა, მანონი მამულაიშვილმა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ხაზი გაუსვა გოგოს მშობლების გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.

„გოგოს მშობელმა გამოძიებას უკვე უთხრა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ მე ამის შესახებ არ ვიცოდი. 17 სექტემბერს ის სკოლაში არ მოსულა. რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ ბებიასთან ერთად არის დასასვენებლად წასულიო. ოქტომბრის დასაწყისში მშობელმა მობილობა მოითხოვა და მერე გაირკვა, რომ გოგო გათხოვდა…“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

როცა დირექტორი სამართალდამცველებს არ აწვდის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და პირიქით – არასრულწლოვანი მოსწავლის ქორწილს ესწრება, ეს ხომ არ აჩვენებს იმას, რომ მოზარდის ქორწილი დირექტორისთვის მისაღებია? – მანონი მამულაიშვილმა ჩვენს ამ შეკითხვას პროვოკაციული უწოდა და გვირჩია არასრულწლოვნების სხვა პრობლემებით დავინტერესდეთ.

„ქორწილში მისვლა მგონი არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე ვიყავი ჩემი თანამშრომლის ქორწილში. ამ გოგოს დედა მასწავლებელია. მივედი ერთი საათით და წამოვედი… ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვთან დაქორწინება ჩემთვის მისაღებია. მე შეიძლება პროტესტიც გამოვხატე და შეიძლება არც მომწონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი გადაიტანა იმ ოჯახმა, საიდანაც გათხოვდა ეს გოგო. ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა ხდება საქართველოში და სკოლის დირექტორები ვერ მოაწესრიგებენ ამას… ამხელა განგაშიც, არ ვიცი. უფრო მეტი რაღაცები ხდება, ძალიან ბევრი არასრულწლოვანი არის ჩართული ცუდ საქმეებში და ის გააშუქეთ, მაგაზე ილაპარაკეთ,“ – აღნიშნა მანონი მამულაიშვილმა.

სკოლის დირექტორი ჩვენმა მორიგმა შეკითხვამაც გააღიზიანა: გაქვთ თუ არა ინფორმაცია სკოლის სხვა მოსწავლეებზე, რომლებიც დაოჯახებას აპირებენ?

„წინასწარ ასეთ ინფორმაციას ვის აწვდიან, ეს მითხარით, მე გისვამთ უკან კითხვას… წინასწარ რომ ეს ვიცოდეთ, დირექტორიც მიიღებს ზომას და მშობელიც. რამდენიმე დღის წინ ჩვენს სოფელში მეათეკლასელი გოგო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. იმ ფონზე ეს დაქორწინება არ შეიძლება ჩავთვალო იმხელა ტრაგედიად, სიკვდილს ყველაფერი ჯობია, ჩემი პოზიცია ესაა“, – გვიპასუხა ლეღვას სკოლის დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 15 წლის გოგოსთან დაქორწინების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.“ დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

140-ე მუხლით დაწყებული და გახსნილი საქმეების შესახებ კონკრეტული მონაცემი არ აქვს გამოქვეყნებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. ოფიციალური სტატისტიკა შსს-ს სქესობრივი ხასიათის დანაშაულზე [სსკ-ის 138, 139, 140, 141] ერთიანად აქვს ინტერნეტგვერდზე მოცემული.

ამ მონაცემის მიხედვით, სქესობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი ქვეყანაში 35 პროცენტით გაიზარდა. 2017 წელს სქესობრივი ხასიათის დანაშაულის 149 შემთხვევა დაფიქსირდა და გაიხსნა 102.

2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით კი, 202 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან გაიხსნა – 87.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: