მთავარი,სიახლეები

ნაცემი მოხუცის წერილი მოსამართლეს: გამოიყენეთ შეღავათები

08.08.2018 • 1919
ნაცემი მოხუცის წერილი მოსამართლეს: გამოიყენეთ შეღავათები

„ჩვენ შორის მოხდა კონფლიქტი, მაგრამ პრეტენზია არ მაქვს, არ ვარ წინააღმდეგი, გამოყენებული იქნეს შეღავათები…“ – ამ შინაარსის წერილი დაზარალებულად ცნობილმა მამამ მისწერა მოსამართლეს. მის შვილს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება.

გამოძიების ვერსიით, ალექსანდრე ა.-მ მამას სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დაარტყა ხელი, „რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.“

დავის საგანი მოხუცის პენსია გახდა, რასაც შვილი მამას სთხოვდა.

კონფლიქტის შემდეგ მოხუცმა პოლიციას დაურეკა და შველა ითხოვა.

„თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ვცნობ,“ – უთხრა მოსამართლე ლევან გელოვანს ბრალდებულმა. მას არ დაუკონკრეტებია, ბრალდების რა ნაწილს არ ეთანხმება.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს მოწმეების ჩვენებები უნდა მოესმინა, მაგრამ დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მოწმეების ჩვენების გარეშე იღებს განაჩენს.

დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე მხოლოდ მამის წერილით მოვიდა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე ა.-ს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას შეუფარდებენ ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე ლევან გელოვანი ამ საქმეზე შემდეგ სხდომაზე, დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ მიიღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: