მთავარი,სიახლეები

რა ხდება გაზის უკანონოდ მოხმარების დროს

11.07.2018 • 8184
რა ხდება გაზის უკანონოდ მოხმარების დროს

„სოკარმა“ ბოლო თვეების განმავლობაში ასამდე აბონენტი გამოავლინა, რომლებიც განზრახ დაზიანებული მრიცხველის საშუალებით უკანონოდ მოიხმარდნენ ბუნებრივ აირს. რამდენია ჯარიმა ასეთ დროს და რა პასუხისმგებლობა ეკისრება აბონენტს – ამის შესახებ „ბათუმელები“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის დირექტორს, დავით ლეკიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო დავით, რა გზით ახერხებენ გაზის უკანონოდ მიტაცებას მოქალაქეები და როგორია ასეთი შემთხვევების სტატისტიკა?

უახლოესი ორი თვის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გახშირდა ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტები. გვაქვს ინფორმაცია, რომ მუშაობს თაღლითთა ჯგუფი, რომელიც ფინანსური დაინტერესების სანაცვლოდ, სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს გარიგებას [გაზის უკანონოდ მიტაცებაში დახმარებას].

არ გამოვრიცხავთ, რომ ეს შეიძლება იყვნენ კომპანიის ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც კვალიფიციური არიან ამ საკითხში, რადგან მომხმარებელმა, რომელიც ვერ ერკვევა ამ საკითხში, არც იცის როგორ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზის დატაცება.

თითოეულ მომხმარებელს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენთან უმაღლესი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფაა და ასეთი შემთხვევების იდენტიფიცირება ჩვენთვის არ არის რთული. ძალიან კარგად ვიცით, რა საშუალო მოხმარება გვაქვს ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, პლუს ამას, ვიცით თუ რა სახის დანადგარები აქვს თითოეულ მომხარებელს, ამიტომ ყველა არაადეკვატური მოხმარება იწვევს გარკვეული სახის ეჭვებს და ხდება აბონენტის გადამოწმება უკვე ადგილზე გასვლით. ბოლო ორი თვის განმავლობაში იდენტიფიცირებული იქნა ასამდე მომხმარებელი. გაზის მრიცხველები დაზიანებულია სხვადასხვა სპეციფიკით, რაც იწვევს მოხმარებული ბუნებრივი გაზის არასწორ ასახვას მრიცხველზე. მაგალითად, თუ ადამიანმა მოიხმარა გარკვეული რაოდენობის გაზი, მისი მრიცხველი წერს ნაკლებს.

ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ჩვენი თანამშრომლები ასეთ დროს ადგენენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს, მოქმედებს სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტები და ხდება სავარაუდო დარიცხვა, საცხოვრებელ ბინაში განთავსებული გაზის დანადგარების მიხედვით. დარიცხვა წარედგინება აბონენტს და ვახდენთ დარიცხული თანხის ადმინისტრირებას. ვერ გეტყვით, თუ რა ჯარიმა შეიძლება იყოს თითოეულ აბონენტზე, რადგან ეს დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე და იმაზე, თუ რა სახის დანადგარები აქვს მომხმარებელს. ყველა დანადგარს აქვს თავისი მინიმალური და მაქსიმალური საათობრივი ხარჯი, ტექნიკური მახასიათებლები და აქედან გამომდინარე ხდება ჯარიმის მოცულობის დადგენა. შეიძლება ადამიანი ერთი წლის განმავლობაში იტაცებდეს გაზს უკანონოდ, მაგრამ ჩვენ შეზღუდულები ვართ ნორმატიული აქტებით – ჩვენი მაქსიმალური ზღვარი არის სამი თვე. ეს არის კომპენსირება იმ ფინანსური ზარალის, რაც კომპანიას მომხმარებლის მხრიდან მიადგა.

  • როგორ ხდება ამ თანხის გადახდა, ერთიანად თუ შესაძლებელია გადანაწილება?

აბონენტს აქვს ვალდებულება, ერთიანად გადაიხადოს ეს თანხა. ზოგადად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა მიმართულია იმაზე, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ სოციალური ფონი. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველა მომხარებელს ხელს ვუწყობთ, რომ დავალიანების შემთხვევაში მოხდეს ამ დავალიანების გადანაწილება, არ არის ჩვენი მიზანი, რომ აბონენტებს დისკომფორტი შევუქმნათ და გაზი გავუთიშოთ, მაგრამ დატაცების ფაქტის შემთხვევაში აქ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებს განვიხილავთ ინდივიდუალურად. არც ჯდება ლოგიკაში, რომ აქ ვიყოთ ლოიალურები, რადგან სახეზე გვაქვს კანონმდებლობის უხეში დარღვევა. მთავარია ამ პროცესში ადამიანის სიცოცხლეს არ შევუქმნათ საფრთხე, შეიძლება იყოს ოჯახში ავადმყოფი, ჩვილი ბავშვი და აუცილებელი იყოს გაზის მიწოდება…  შესაძლოა ასეთი სახის ფაქტორები გავითვალისწინოთ, თუ მომხარებელი დაგვიდასტურებს ამას. ასეთ გამონაკლის შემთხვევებში ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, ვართ ლოიალური.

  • აღნიშნეთ, რომ ადგილზე იწერება ოქმი. თუ არის შემთხვევა, როცა ოქმს ხელს არ აწერს აბონენტი და რა იცვლება ამით?

ეს არის მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, დაეთანხმოს ან არ დაეთახმოს ჩვენ მიერ აღმოჩენილ სამართალდარღვევას და რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევები. თუ მოქალაქე ოქმს ხელს არ აწერს, ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ხდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და საპატრულო პოლიცია მძღოლს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობს, მძღოლი შეიძლება არ დაეთანხოს და გაასაჩივროს, სხვა მხრივ, ეს არაფერს არ ცვლის.

ყველა დაზიანებული მრიცხველი ჩვენ მიერ ილუქება, ექვსი თვის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია გამოითხოვოს მრიცხველი და თავადაც ჩაუტაროს ექსპერტიზა.

  • მას შემდეგ, რაც ხდება მრიცხველის დალუქვა, როგორ იქცევით? მომხმარებელი მრიცხველისა და გაზის გარეშე რჩება?

იმ ეტაპზევე, როცა ხდება მრიცხველის დალუქვა, ვამონტაჟებთ ახალ მრიცხველს. მომხმარებელს არ უწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება. კომპანიის იურისტები განიხილავენ თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად, დაადგენენ, იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, აცნობებენ მომხმარებელს ოქმის განხილვის დღეს და მას შეუძლია თავად დაესწროს ოქმის განხილვას და მისცეს დამატებითი განმარტებები. ეს დაახლოებით ათდღიანი პროცედურაა. მას შემდეგ, რაც მოხდება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის ფაქტის ცნობა, სემეკის მეთოდოლოგიით ხდება დატაცებული გაზის დაანგარიშება და მომხმარებელს დაერიცხება ეს ანგარიშზე. აბონენტს ეძლევა ათდღიანი ვადა ამ თანხის გადასახდელად, ამ დროს მას ჩვეულებრივ მიეწოდება გაზი. თუ ათ დღეში მომხმარებელი არ გადაიხდის ამ თანხას, მას გაეთიშება ბუნებრივი აირი. თუ აბონენტი არც ერთი თვის შემდეგ არ გადაიხდის თანხას, უკვე ვიწყებთ სამართლებრივ პროცესს.

  • ახალი მრიცხველისთვის მომხმარებელს უწევს თანხის გდახდა?

დიახ, რადგან მრიცხველი არის კომპანიის საკუთრება, მრიცხველის ღირებულებაც ერიცხება აბონენტს. ჩვეულებრივ, გავრცელებული მრიცხველის ფასი დაახლოებით 155 ლარია.

  • მრიცხველს ჩვეულებრივ აყენებენ კომპანია „სოკარის“ თანამშრომლები, მოქალაქე მრიცხველს ვერ დააყენებს დამოუკიდებლად, ანუ კომპანიის თანამშრომლებიც მიდიან გარიგებაზე. რას აკეთებეთ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები გამოირიცხოს?  

რა თქმა უნდა, პრევენციულ ღონისძიებებს კომპანიაში სისტემატურად ვახორციელებთ, რომ თანამშრომლებმა იმოქმედონ სამართლიანად. თითოეულმა ჩვენმა თანამშრომელმა იცის, რომ ასეთ გარიგებაში შესვლის შემთხვევაში ჩვენ მიერ იქნება ძალიან მკაცრი ღონისძიებები გატარებული. თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შევნიშნავთ, ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ ორგანოებთან. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაცრი.

ჩვენს კომპანიაში ასეულობით ადამიანი ეწევა საველე სამუშაოებს და ყოველდღიური კონტროლი საკმაოდ რთულია. ამ ფაქტებისგან არც ერთი ჩვენნაირი სპეციფიკის კომპანია არ არის დაზღვეული.

მთავარი აქ ისაა, რომ მომხმარებელი რჩება დაზარალებული. ამიტომ, ასეთ გარიგებაზე არ უნდა წავიდნენ და თუ რაიმე სახის გარიგება/შეთავაზება იქნება კომპანიის თანამშრომლებისგან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე, რომ ასეთი კანონდარღვევები თავიდან ავირიდოთ.

სხვათა შორის, ყოფილა ასეთი შემთხვევა, ცოტა ხნის წინ დაგვიკავშირდნენ მსგავს ფაქტზე და სამართალდამცავები სწავლობენ ამ საქმეს.

  • თუ აბონენტი თავად გადაწყვეტს, რომ დაზიანებული მრიცხველის აღმოჩენამდე გაცნობოთ, რომ გაზს უკანონოდ  მოიხმარს, ამ  შემთხვევაში რაიმე ტიპის შეღავათს ითვალისწინებთ?

ჩემი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ, რომ თუ ითანამშრომლებენ ამ პროცესში, ჩვენ ვალდებული ვართ, შევადგინოთ ოქმი, მაგრამ თუ ადამიანი ითანამშრომლებს, შეგვიძლია გავითვალისწინოთ გარკვეული შეღავათები. თუ ამ თვის ბოლომდე მოქალაქეები თავად მოგვმართავენ, ამას გავითვალისწინებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: