მთავარი,სიახლეები

გაშიშვლება, „ბუქნები” და კამერები საპირფარეშოში – რა ხდება საპატიმროებში?

30.06.2018 • 1654
გაშიშვლება, „ბუქნები” და კამერები საპირფარეშოში – რა ხდება საპატიმროებში?

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაასრულა მონიტორინგი პენიტენციურ სისტემაში და სპეციალური ანგარიშიც წარმოადგინა – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“.

მონიტორინგის ჯგუფი 119 პატიმარს გაესაუბრა, პატიმრებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურად შედგენილი კითხვარის მეშვეობით მიეღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში“ ნათქვამია, რომ N8 და N11 დაწესებულებაში არ არის სკანირების აპარატები. შესაბამისად, არასრულწლოვნების პირადი, სრული დათვალიერებისას მათ აშიშვლებენ.

გარდა იმისა, რომ სრული შემოწმებისას აშიშვლებენ N11 და N8 დაწესებულებებში არასრულწლოვნებს, მათ ასევე ე.წ. „ბუქნების გაკეთებაც“ უწევთ სრული შემოწმების მიზნით.

პატიმართა სრული შემოწმება პენიტენციურ სისტემაში ადამიანის პატივისა და ღირსების პატივისცემის პირობებში უნდა ხდებოდეს.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ პირის სრული შემოწმებისას, დაუშვებელია სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება. მსგავსი შემოწმებები პენიტენციურ სისტემაში ადამიანის პატივისა და ღირსების პატივისცემის პირობებში უნდა ხდებოდეს.

პრობლემურია  ასევე, გაშიშვლების მეთოდი ქალთა N5 საპყრობილეში. კერძოდ, გაშიშვლებისას ქალ პატიმრებს სთხოვენ ტანსაცმლის ერთბაშად და არა ნაწილ-ნაწილ გახდას, რაც ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალთა დაწესებულებაში პატიმრების კვების რაციონში არ შედის ხილი და საპატიმროს მაღაზიაში, სადაც მათ პროდუქტისა და ჰიგიენური საშუალებების ყიდვა უწევთ, სამოქალაქო ფასებთან შედარებით ფასები 10-20%-ით მაღალია.

დედათა და ბავშვთა განყოფილებაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანალიზაციის სისტემის გაუმართაობის შედეგად დერეფანსა და ოთახების ნაწილში დამდგარი მძიმე სუნი.

ანგარიშის მოსამზადებელი მონიტორინგის პერიოდში, გამოკითხვით ასევე გამოვლინდა, რომ N8 და N11 დაწესებულებებში არასრულწლოვნებს დეტალურად არ განუმარტავდნენ მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

N8 დაწესებულებაში არ არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები საპირფარეშოებში, საცხოვრებელი საკნების იატაკი ბეტონისაა, ფანჯრები და რაფები დაბინძურებულია და არ იწმინდება. მსჯავრედებულ არასრულწლოვნებს არ აქვთ საკმარისი დრო სუფთა ჰაერზე გასატარებლად, რაც დროთა განმავლობაში ცუდად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფსიქიკაზე.

დეესკალაციის ოთახებში ერთად უწევდათ ყოფნა სრულწლოვან და არასრულწლოვან პატიმრებს რიგ შემთხვევებში. კანონის მიხედვით კი პენიტენციურ სისტემაში მათ ერთმანეთთან კავშირი არ უნდა ჰქონდეთ. დეესკალაციის ოთახებში პატიმრებს შეზღუდულად მიეწოდებათ პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები.

დეესკალაციის ოთახებში მეთვალყურეობის სისტემის კამერა დამონტაჟებულია ისე, რომ ოთახის ტუალეტის ნიჟარა მოქცეულია ვიდეოკამერების ხედვის არეალში. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასების მიხედვით, ეს ფაქტი უტოლდება არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რაც ყოვლად დაუშვებელია.

გარდა ზემოთჩამოთვლილი საკითხებისა, 40-გვერდიან ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი უცხოელი პატიმრების პრობლემები, რომლებსაც ენობრივი ბარიერის გამო აქვთ საკნებში კომუნიკაციის დეფიციტი. მათ შეზღუდულად რეკავენ ახლობლებთანაც, რადგან ზარები საზღვარგარეთ საკმაოდ ძვირია და პატიმრებს ამის საშუალება ხშირად არ აქვთ. ასევე ცალკე საკითხებადაა განხილული სამედიცინო დახმარების არასრულყოფილების, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სიმცირე, საკანში მოქმედი სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციის პროგრამების არასრულყოფილება და ხარვეზები.

ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისთვის.

ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სერვისების გაძლიერება, პატიმრობისთვის ოპტიმალური პირობების შექმნა, მათ განათლებაზე ზრუნვა და ცნობიერების ამაღლება.

ამ საქმეში დიდია არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი. ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ რაც ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციას, სამედიცინო მხარდაჭერას, მცირე ბიზნესის წახალისებასა და დასაქმებას უწყობს ხელს

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ სამინისტრო არ იზიარებს ანგარიშში მითითებულ დასკვნებს და რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა შემოწმების მოქმედი პროცედურა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებს.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: