მთავარი,სიახლეები

2 ივლისიდან ბათუმის ესტაკადაზე ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს [ვიდეო]

24.06.2018 • 3217
2 ივლისიდან ბათუმის ესტაკადაზე ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს [ვიდეო]

ბათუმში, პორტთან მშენებარე ესტაკადაზე, 2018 წლის ივლისიდან, ავტოტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. შესაბამისად, გაიხსნება ბაქოს ქუჩა ქალაქიდან გამსვლელი ავტომობილებისთვის, რომლებიც დღეს, დროებითი სქემით, ბონი-ბარცხანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ესტაკადაზე იქნება ველობილიკებიც.

„ამჯერად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოასფალტება. 1-ელ ან 2 ივლისს, ვგეგმავთ ესტაკადის გახსნას და ავტოტრანსპორტი, უკვე ხიდზე, ორმხრივად იმოძრავებს“ – გვითხრეს კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსში“, რომელიც ესტაკადას აშენებს.

პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს  ესტაკადის, ასევე, ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას. პროექტი სრულად 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

ესტაკადის მშენებლობის გამო დღეს მოძრაობა ბაქოს ქუჩაზე ნებადართულია მხოლოდ ქალაქში შემომსვლელი ტრანსპორტისთვის ბარცხანიდან გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო შავშეთის ქუჩის დასაწყისთან [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ] ბაქოს ქუჩა ქალაქის ცენტრიდან გამსვლელი ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.

ტრანსპორტის მოძრაობის დროებითი სქემა ბათუმში 2018 წლის 17 თებერვლიდან მოქმედებს.

ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტსთან“ 14 მილიონ 370 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: