მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევი-ხულოს გაზსადენის პროექტირება იწყება – ტენდერი 300 ათასი ლარით

22.06.2018 • 3891
შუახევი-ხულოს გაზსადენის პროექტირება იწყება – ტენდერი 300 ათასი ლარით

შუახევი [ხიჭაურის დასახლება] – გოდერძის უღელტეხილის [ზანკების დასახლება] მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო დოკუმენტის პროექტს შეისყიდის. პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია, სატენდერო თანხა კი 300 ათასი ლარია.

შუახევისა და ხულოს დასახლებული პუნქტების გაზმომარაგების მიზნით, ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობისათვის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი უნდა შედგეს პოტენციურ აბონენტთა რაოდენობისა და ბუნებრივი აირის საპროგნოზო მოხმარების გათვალისწინებით, ასევე მისი სამხრეთ მიმართულების გაზსადენზე დაერთების პერსპექტივით.

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაო სამ ეტაპად უნდა შეასრულოს:

[checklist]

  • პირველი ეტაპი – წინასაპროექტო კვლევა, რომელიც უნდა მოიცავდეს დასახლებათა გაზიფიცირების არეალისა და საორიენტაციო აბონენტების რაოდენობის განსაზღვრას
  • მეორე ეტაპი – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს, მუნიციპალიტეტების საზღვრების ჩვენებით/მიხედვით
  • მესამე ეტაპი – სამშენებლო დოკუმენტის პროექტის დამუშავება, რომელიც უნდა აკმაყოფლებდეს შესაბამისი კანონმდებლობის  მოთხოვნებს და საპროექტო ტერიტორიაზე გამავალი საინჟინრო კომუნიკაციების ოპერატორებისაგან/მფლობელებისაგან [მაგ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, საპატრულო პოლიცია, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზობრივი ნაგებობის მფლობელი ოპერატორი, ელექტროგადამცემი ხაზების ოპერატორი კომპანიები და სხვა] გაცემულ პირობებს.

[/checklist]

ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 29 ივნისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება. პროექტი მზად უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 15 დეკემბრისა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება ადიგენიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით გაზის მილსადენის მშენებლობა, რომელიც ხიჭაური-გოდერძის მილსადენს შეუერთდება. თავის მხრივ, გოდერძი-ხიჭაურის გაზსადენი დაერთდება ბათუმი-ხიჭაურის გაზსადენზე, რითაც აჭარას ბუნებრივი აირის მოწოდების ორი კერა ექნება – ქობულეთისა და გოდერძის მხრიდან.

აჭარის გაზიფიკაციის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში ბათუმიდან ხიჭაურამდე უკვე შენდება გაზსადენი, რომელიც ნაცვლად 2019 წლისა, მიმდინარე წლის აგვისტოში ან ნოემბერში უნდა დასრულდეს.

ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტების [სოფლების] დაქსელვაზე კი აჭარის მთავრობას არც პროექტი აქვს და არც ფინანსები გამოყოფილი. მეტიც, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, ვინ დააფინანსებს შესაბამის სამუშაოებს – საქართველოს, აჭარის მთავრობა, თუ მუნიციპალიტეტებსაც ჩართავენ.

„მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამა, რაც აჭარის მთავრობას აქვს, გულისხმობს ცენტრალური მილსადენის გაყვანას. ეს შემდგომში სოფლების გაზიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადეს დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/135714/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: