მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მაჭახელა, მომავალი ეთნოსოფელი – ნახევარი მილიონი ლარი ხეობის განვითარების კონცეფციისთვის

12.07.2018 • 7177
მაჭახელა, მომავალი ეთნოსოფელი – ნახევარი მილიონი ლარი ხეობის განვითარების კონცეფციისთვის

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის განვითარების გეგმა-კონცეფცია უნდა შემუშავდეს, რისთვისაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 423 700 ლარს გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის განვითარების ძირითადი მიზნებია: ბუნებრივი გარემოს დაცვა; ადგილობრივი კულტურული გარემოს მიზანმიმართული განვითარება/ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმას სამინისტრო კონკურსის წესით შეისყიდის. „კონკურსზე წარმოდგენილი ტექნიკური წინადადება შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტიანი და შედეგიანი იქნება შემოთავაზებული მეთოდოლოგია, მეთოდიკა და კონცეფტუალური მოსაზრებები დასახული მიზნების მისაღწევად,“ – აცხადებს სამინისტრო.

კონკურსის პირობების მიხედვით, გეგმის შედგენისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ხეობის განვითარებისთვის უმთავრესი ამოცანები, მათ შორის:

[checklist]

  • ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების [ყოფა-ცხოვრება, წესჩვეულებები, ტრადიციები, ფოლკლორი, არქიტექტურა, გასტრონომია და სხვა] დაცვა და პოპულარიზაცია
  • ხეობაში ჰარმონიული ეკონომიკური აქტივობების გაზრდის ხელშეწყობა
  • ეთნოსოფლის დაგეგმვის და განხორციელების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
  • ტყის, მდინარის და ხევების დაცვის არეალების განსაზღვრა, ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენა
  • საინჟინრო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა; ენერგოეფექტურობის საკითხების შემუშავება ტრადიციული და ალტერნატრიული
    ენერგიების გამოყენების საფუძველზე
  • საზოგადოებრივი სივრცეების დაცვა და განვითარება; ტურისტულ-საინფორმაციო მომსახურების ცენტრების განვითარება; რეგიონული და ადგილობრივი დონის ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა და განვითარება; განვითარების ეტაპებისა და რიგითობის განსაზღვრა
  • კერძო და სახელმწიფო ინტერესების შეჯერება

[/checklist]

ხეობაში კვლევების ჩატარება და შემდეგ განვითარების გეგმა სამინისტროს უნდა წარედგინოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან საბოლოო შეჯერების საფუძველზე, დაინტერესებულ პირებთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, კონკურსში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს მყარი არგუმენტები დაგეგმილი საკითხების გადასაწყვეტად.

მაჭახელას ხეობის განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ეთნოსოფელის მართვის გეგმა; საჭიროების შემთხვევაში დადგინდეს გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების კონტურები; უნდა შედგეს დეტალური საპროექტო სამუშაოების ნუსხა, შესასყიდი ობიექტების ტექნიკურ დავალებებთან ერთად, შემდგომში მათი სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

საჭიროების შემთხვევაში დასაზუსტებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობებისა და მატერიალური ნივთების ნუსხა და პასპორტიზაცია, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს გადატანა. უნდა მომზადდეს რეკომენდაციები საკვანძო ადგილებში განთავსებული შენობა-ნაგებობების ვიზუალური აღქმის არეალში ფონური შენობების, ღობეების, არქიტექტურული დეტალების აღდგენის, შეკეთების ან დემონტაჟის შესახებ.

მაჭახელას ხეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მდებარეობს. ხეობა მიმზიდველია ტურისტებისთვის. აქ არის სხვადასხვა პერიოდის თაღოვანი ხიდები, ციხეები, ქვითკირით ნაშენი ღვინის საწნახელები და მარნები, მურყანის კორომები, წიფლისა და წაბლის ტყეები.

მაჭახელას ხეობაში შექმნილია ეროვნული პარკი. მიმდინარე წლის 18 ივნისს კი საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი – მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა დაამტკიცა, რომელიც ძალაში იქნება მომდევნო 6 წელი.

„მაჭახელას ეროვნული პარკის შექმნის მთავარი მიზანია უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, მსოფლიო მნიშვნელობის კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა-აღდგენის, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივ გარემოში ეკოტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია რეგლამენტში.

მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი, 2015 წელს ჩატარებული დემარკაციის მიხედვით, შეადგენს 7333,18 ჰა-ს.

მაჭახელას ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს მცირე კავკასიონის შავშეთის ქედსა და მის განშტოებებს – შავი ზღვის სიახლოვეს.  მანძილი ზღვიდან ტერიტორიის უახლოეს პუნქტამდე დაახლოებით 25 კმ-ია.

ეროვნულ პარკს ესაზღვრება:  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები – ზედა ჩხუტუნეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ქოქოლეთი/ქვედა ქოქოლეთი, სკურდიდი, ჩიქუნეთი, ქედ-ქედი/სინდიეთი, აჭარის აღმართი, ცხემლარა, კირნათი; ასევე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი უჩხითი. მაჭახელას ეროვნულ პარკს აღმოსავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება თურქეთის რესპუბლიკა [ჯამილის ბიოსფერული რეზერვატი].

სოფელი ზედა ჩხუტუნეთი. მაჭახლის ხეობა/თამარ ნერგძის ფოტო

ნალია. სოფელი ზედა ჩხუტუნეთი. მაჭახლის ხეობა/თამარ ნერგაძის ფოტო

მაჭახლის ხეობა / თამარ ნერგაძის ფოტო

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/139005/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: