მთავარი,სიახლეები

სულხან ევგენიძე თავისი ხელფასის ოდენობაზე: „არ გეტყვით“

22.05.2018 • 3510
სულხან ევგენიძე თავისი ხელფასის ოდენობაზე: „არ გეტყვით“

ქობულეთის ყოფილმა გამგებელმა, სულხან ევგენიძემ, დასაქმებასთან დაკავშირებული სასურველი წინადადება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან მიიღო. ის ექვსი თვის განმავლობაში ელოდა მმართველი პარტიისგან ამ წინადადებას. გასულ კვირას კი მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელად დანიშნეს.

2017 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან გასულ კვირამდე სულხან ევგენიძე უმუშევარი იყო. ის გამგებლობის პერიოდში ამტკიცებდა, რომ პროფესიონალ საჯარო მოხელეებს კერძო სექტორი იბირებს. რატომ არ დასაქმდა კერძო სექტორში და რატომ დააბრუნეს ის საჯარო სამსახურში? – „ბათუმელების“ კითხვებს სულხან ევგენიძე პასუხობს.

ბატონო სულხან, ვისი რეკომენდაციით მოხვდით ბათუმის მერიაში, თანამდებობაზე?

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით.

რა ურთიერთობა გქონდათ აქამდე ლაშა კომახიძესთან?

მე ვიყავი ქობულეთის გამგებელი და ის იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, გვქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა.

ისევ საჯარო სექტორში დასაქმდით. მაინტერესებს, კერძო სექტორიდან თუ გქონდათ შემოთავაზება?

კი, ორი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არ გეტყვით, რომელი კომპანიებიდან. რატომ არ გეტყვით და იმიტომ, ხომ მაქვს უფლება. ერთი შემოთავაზება თბილისიდან იყო და არ დავთანხმდი, რადგან თბილისში საცხოვრებლად ვერ გადავიდოდი, ჩემი ოჯახი აქ ცხოვრობს.

თქვენ ამტკიცებდით, რომ კერძო სექტორში მაღალანაზღაურებადი ბევრი ვაკანსიაა კარგი მენეჯერებისთვის. თქვენ რატომ დაელოდეთ ისევ პარტიულ შეთავაზებას საჯარო სექტორში?

მე  ვამბობდი სპეციალისტებზე, რომლებსაც დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ. ამის გამო წავიდა თანამშრომელი შესყიდვების სამსახურიდან [ქობულეთის გამგეობაში], წავიდა სხვაც. ამიტომაც ვამბობდი, რომ ან ხელფასი უნდა გაზრდილიყო, ან პრემიები უნდა მიგვეცა. ჩემზე არ მითქვამს.

ექვსთვიანი უმუშევრობის გამოცდილება დაგიგროვდათ. ახლაც ფიქრობთ, რომ საჯარო სექტორიდან კვალიფიციური კადრები გაედინება კერძო სექტორში და მათი შენარჩუნებისთვის ხელფასები უნდა გაიზარდოს?

დიახ. ვფიქრობ, რომ დაბალია ხელფასები, მაგალითად, ჩემს ახლანდელ სამსახურში სპეციალისტის ხელფასი ათასი ლარია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმდენად მაღალი აქვს, რომ მეტი უნდა ჰქონდეს, ამიტომაც სიამოვნებით გავუზრდიდი ხელფასს, რატომაც არა.

ახალ თანამდებობაზე თქვენ ხელფასი რამდენია?

არ გეტყვით. დიახ საიდუმლოა, თუ არ არის საიდუმლო, გამოითხოვეთ და გაიგეთ.


ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბიუჯეტი მილიონ 212 100 ლარია. გარდა ამისა, ამ სამსახურს მოუწევს, განკარგოს ბათუმის ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი, რადგან ყველაზე მეტი სწორედ ამ მიმართულებით იხარჯება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: