მთავარი,სიახლეები

რა სამუშაოები ჩაატარა კმდს-მ ძეგლებთან დაკავშირებით

07.03.2018 • 1739
რა სამუშაოები ჩაატარა კმდს-მ ძეგლებთან დაკავშირებით

2017 წლის მარტიდან 2018 წლის მარტამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს]ძეგლზე ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით 282 ბრძანება გამოსცა. ამ მონაცემებში შედის როგორც ნებართვის გაცემაზე თანხმობა, ასევე მასზე უარი, პროექტში ცვლილების შეტანაზე თანხმობის, ან მასზე უარის თქმის, საკითხის განუხილველად დატოვების ან ჩატარებული სამუშაოების მიღების შესახებ გადაწყვეტილებები.

282 ნებართვიდან ერთი გაუსაჩივრებიათ, თუმცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი, მირზა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების სტატისტიკა სააგენტოს არგუმენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების შედეგია. მან ანგარიშის წარდგენისას კიდევ რამდენიმე მომენტს გაუსვა ხაზი.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] დიდი დრო დაუთმო კულტურული მემკვიდრეობის კოდექსზე მუშაობას:

„ჩვენს სააგენტოს აქვს ამ მხრივ უნიკალური გამოცდილება. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული კოდექსის მომზადების პროცესში.“

2017 წელს სააგენტომ ჩაატარა აჭარაში ძეგლების ინვენტარიზაცია, მათ შორის დააზუსტა „გეოგრაფიკის“ მიერ 2015 წელს ბათუმში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოქვეყნებული მონაცემები.

გასულ წელს სააგენტომ გამოავლინა 18 შენობა, რომლებიც, სპეციალისტების შეფასებით, ძეგლის სტატუსს იმსახურებენ, სააგენტო ამ შენობების სტატუსის მინიჭებაზე  მუშაობს.

შეხვედრაზე აქცენტი გააკეთეს საკადრო პოლიტიკაზეც, გასული წლიდან სააგენტო გადაწყვეტილებების მიღებისას ეყრდნობა ხელოვნებათმცოდნის შეფასებას. მანამდე სააგენტოს ხელოვნებათმცოდნე არ ჰყოლია. შარშან ამ პოზიციაზე სოფიო ჭანიშვილი დანიშნეს.

სააგენტომ დაიწყო წინასაპროექტო იდეის განხილვის პრაქტიკის დანერგვა:

„იმის გამო, რომ პროექტის მომზადება უკავშირდება დიდ თანხას, რომელსაც შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, შესაბამისი საბჭო იწუნებს, ამიტომ ჩვენ ვიღებთ და განვიხილავთ წინასაპროექტო იდეას და გავცემთ კონსულტაციებს. იდეის ავტორს ეს აძლევს საშუალებას წინაწარ მიიღოს ინფორმაცია, თუ რა არის დაუშვებელი  მოთხოვნილ ზონაში“.

ისაუბრეს იმაზეც, რომ გასული წლიდან სააგენტომ დანერგა საჯაროობის პრაქტიკა, რაც გულისხმობს პროექტების განხილვისას განმცხადებლის დასწრების უზრუნველყოფას.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, სააგენტოს ერთი წლის მუშაობის ანგარიში ძირითადად მონიტორინგისა და ნებართვების განყოფილების გაწეული მუშაობის შედეგებს ასახავს, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი განყოფილებაა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: