მთავარი,სიახლეები

ნაკლებად ხილვადნი, ნაკლებად ხილულნი

05.03.2018 • 2268
ნაკლებად ხილვადნი, ნაკლებად ხილულნი

ავტორი: ესმა გუმბერიძე, აქტივისტი

ამ ბლოგისთვის ეს სათაური იმიტომ შევარჩიე, რომ უსინათლოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა ჯგუფებს შორის ყველაზე ნაკლებად ხილვადნი ვართ. ყველაზე ნაკლებად განიხილება ჩვენი სპეციფიკა, ჩვენი საჭიროებები. ადამიანებს რომ ვეკითხები, შშმ პირები ვინ არიან-მეთქი, უსინათლოს ხშირად არცკი ასახელებენ. „და უსინათლოები“ – რომ კითხავ, კი ისინიცო, გიპასუხებენ შეყოვნების შემდეგ…

მე კი სასამართლოში მაქვს დავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. სარჩელი იმის გამო შევიტანე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სამივე ინსტანციის (რაიონული/საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი) სასამართლოსთვის განკუთვნილი ყველანაირი ფორმის სარჩელ – შესაგებელ/შეგებებული, არ არის უსინათლოსთვის ხელმისაწვდომი: უსინათლო სხვისი დახმარების გარეშე სარჩელს ელექტრონული ფორმით ვერ შეავსებს.

დიდი ხანია არსებობს გამხმოვანებელი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც უკითხავს უსინათლოს ყველაფერს, რაც ეკრანზე ხდება. თუმცა ეს პროგრამა ვერ კითხულობს/ვერ ახმოვანებს დასკანირებულ ტექსტს. გარდა ამისა, უსინათლო კარგად ვერ იყენებს მაუსს/თაჩ პანელს, რადგან ვერ ხედავს, სად უნდა მიიტანოს ის. კომპიუტერს ის იყენებს, ძირითადად, კლავიატურით. უსინათლომ უნდა იცოდეს, რომელი ისრის კლავიშით რას გააკეთებს, ამიტომ ტექსტი უნდა იყოს მარტივ ფორმატში, ვორდში, თანაც ზედმეტი სვეტებისა და ჩანართების გარეშე, რათა იოლი იყოს კლავიშებით  ერთი ველიდან მეორეზე გადასვლა.

ეს ნიუანსები არ იყო გათვალისწინებული სარჩელების ფორმების შექმნისას. შესაბამისად, საქმე გვაქვს უსინათლოს დისკრიმინაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სასამართლოსადმი მიმართვის ხელმისაწვდომობის კუთხით. სარჩელის შეტანის დროს, 2017 წლის გაზაფხულზე, გამხმოვანებელი პროგრამა საერთოდ ვერ ახმოვანებდა ელექტრონული სარჩელის ფორმებს. მე წერილით მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. პასუხი ვერ მივიღე კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, ამიტომ  სასამართლოში შევიტანე სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR]-ის ადვოკატის დახმარებით. იურიდიულ დახმარებას ამ საქმეში სწორედ PHR მიწევს.

მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 31 იანვარს ჩატარდა. მოპასუხე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახელით, მოითხოვდა საქმის შეწყვეტას დავის საგნის არარსებობის გამო, სარჩელის შინაარსობრივი განხილვის გარეშე. მხარემ განაცხადა, რომ ჩემს მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ მოხდა ფორმების ადაპტირება, საქართველოში უსინათლოთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მომუშავე ყველაზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის, უსინათლოთა კავშირის მიერ გაწეული რეკომენდაციით. სარჩელ–შესაგებლების ფორმები ვორდში გადაიყვანეს.

ის, რის შესრულებასაც მე სარჩელში მოვითხოვდი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, უკვე შესრულებულია, ფორმების ადაპტირება სარჩელის შეტანიდან პროცესის ჩანიშვნამდე ვადაში მოესწრო, შესაბამისად, საქმის სასამართლოში არსებით განხილვასა და დავის გაგრძელებასაც აზრი არ აქვს.

ცხადია, მე, პირადად, შევამოწმე და სხვა უსინათლოებსაც ვაჩვენე ახალი ფორმები. ახლა პროგრამა ფორმას მართლაც კითხულობს, თუმცა ძალიან ნელა და ხშირად ისე, თითქოს ის ლათინური ასოებით იყოს დაწერილი. ტექსტში მოძრაობა ისრებით, ისრის კლავიშით შესავსებ ველთან მისვლა შეუძლებელია. ისარი დახტის, გახმოვანება უსწრებს ისრის მოძრაობას. მოკლედ, მისი შევსება შეუძლებელია.

ჩვეულებრივი ვორდის დოკუმენტისგან განსხვავებით ამ ფორმებში მოძრაობა კლავიატურის მეშვეობით შეუძლებელია. ამაში პირადადაც დავრწმუნდი, გამოგზავნილი ფორმები რომ შევამოწმე და სხვებმაც მითხრეს, ვინც ჩემს მიერ გავრცელებული ფორმები ნახა. აღნიშნული განვაცხადე სასამართლო სხდომაზე და დავაყენე შუამდგომლობა – სასამართლომ დაიბაროს ამ ფორმების ადაპტირებაში ჩართული ტექნიკური სპეციალისტი, რათა სასამართლო სხდომაზევე აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია უსინათლოს ფორმის შევსება, ეს მაჩვენოს მე – უსინათლო მოსარჩელესაც. ამაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ IT სპეციალისტი უწყებას აღარ ჰყავს.

საქმის განმხილველმა მოსამართლე თამარ მეშველიანმა არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტის თაობაზე და მორიგი სხდომა დანიშნა 14 მარტს 12.30-საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. დაინტერესებულ პირებს, აქტივისტებს, მოვუწოდებ დაესწრონ ამ სხდომას. კარგი იქნება თუ გამოჩნდება, რომ საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. სხდომა ღია იქნება.

მოსამართლემ  ასევე დაადგინა, რომ მთავარ სხდომაზე უსინათლო მოსარჩელეებმა უნდა მივიტანოთ კომპიუტერი შესაბამისი გამხმოვანებელი პროგრამით, ჩავრთოთ სარჩელის ფორმები და მოვახდინოთ იმის დემონსტრაცია, რამდენად არის შესაძლებელი ამ ფორმების დამოუკიდებლად შევსება უსინათლოსთვის ტექნიკური თვალსაზრისით. ეს საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ როგორც უსინათლო მოქალაქისა და აქტივისტისთვის, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს სასამართლოსთან ურთიერთობა, არამედ როგორც იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულისთვისაც. მე ან იურიდიულ ფაკულტეტის კიდევ რამდენიმე უსინათლო სტუდენტს და იმ უსინათლოებს, ვინც მომავალში აირჩევს იურისტის პროფესიას, ხომ უნდა შეგვეძლოს იურიდიული საქმიანობის განხორციელება, სასამართლოში სარჩელ-შესაგებლების შეტანა.

ავტორის შესახებ: ესმა გუმბერიძე არის 23 წლის, აქტივისტი, პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის თანადამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრი.

ესმა გუმბერიძემ დაამთავრა უსინათლოთა სკოლა, ფლექსის პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ერთი წლის განმავლობაში. შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა თავისუფალ უნივერსიტეტში და თსუ-ში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: