ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩინური კომპანიის საქართველოს ფილიალს შორის, უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე ხელშეკრულება გუშინ, 21 თებერვალს გაფორმდა. ხელშეკრულების თანხა 2 660 543 ლარი და 18 თეთრია. კომპანიამ ბათუმში, ლეონიძის ქუჩა #15-ში ახალი სასწავლო კორპუსი 2018 წლის 21 დეკემბრამდე უნდა ააშენოს.
სამშენებლო სამუშაოებზე ბსუ-ს 2 მილიონ 957 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ტენდერში 8 კომპანია მონაწილეობდა. სატენდერო კომპანიამ გამარჯვებულად ჩინური კომპანია [შპს ჩაინა ენერჯი ენჯინერინგ გრუპ ნორთვესტ პოვერ კონსტრაქშენ ენჯინერინგ კო-ს საქართველოს ფილიალი] გამოავლინა, რომელმაც თავისი ფილიალი საქართველოში ტენდერამდე 6 თვით ადრე, გასული წლის ივლისში დაარეგისტრირა.
არსებული პროექტის მიხედვით, ახალი სასწავლო კორპუსი სამსართულიანი იქნება; შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემა წარმოადგენს რკინა-ბეტონის კარკასულ შენობას; მასში 27 აუდიტორია, კაბინეტები და საკონფერენციო დარბაზი განთავსდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, რომელშიც გათვალისწინებულია პანდუსი, სველი წერტილები, ლიფტი.
ბსუ ბათუმში, ლეონიძის 15-ში, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელსაც აშენებს, რისთვისაც ხელშკრულება შპს „ვექტორთან“ 2 359 000 ლარზეა გაფორმებული; ბსუ-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი კონკრეტულად რომელი ფაკულტეტები განთავსდება ახალ კორპუსში. ლეონიძის 15-ში საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება.
ქობულეთში კი, კაიკაციშვილის ქუჩის №1-ის მიმდებარედ, ბსუ-ს კვლევითი ინსტიტუტის შენობა აშენდება.