სიახლეები

მე ვგრძნობ მზეს

20.07.2015 • 2731
მე ვგრძნობ მზეს

 

მხედველობა ბავშვობაში დაკარგა, მეხუთე კლასის მოსწავლეს თავის ტკივილი დაეწყო, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაკეთებული ოპერაცია კი საბედისწერო აღმოჩნდა. ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრებით კმაყოფილია.

 

„ხულოში, სოფელ საციხურში დავიბადე, სოფლის სამკლასიანი სკოლის დასრულების შემდეგ აგარის სკოლაში გავაგრძელე სწავლა, მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც თავის ტკივილი დამეწყო, მშობლებმა საოპერაციოდ მოსკოვში წამიყვანეს, მხედველობაც მაშინ დავკარგე. საოპერაციოდან გამოსულმა ვერაფერი დავინახე, ვიფიქრე, თვალები ახვეული მაქვს-მეთქი, საკუთარი თავი სიბრმავისთვის ვერ გავიმეტე. მახსოვს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები, ყველაზე რთული წუთები და განცდილი ემოცია.

 

ოპერაციის შემდეგ 20 დღე საწოლში ვიწექი, ვერაფერს ვხედავდი. მესმოდა, როგორ დილობდნენ ადამიანები ჩემ გამხნევებას. ერთ დღესაც მშობლები პალატიდან საქმეზე  გავიდნენ და მარტო დავრჩი, გვერდით კარებზე კაკუნის ხმა გავიგონე, მორიგე ოთახებს ალაგებდა, ვიფიქრე, ჩემთანაც შემოვა-მეთქი და როცა ჩემს კარზე დააკაკუნა, სმენით გავზომე მანძილი საწოლიდან კარებამდე, ავდექი და კარი გავაღე. ეს იყო პირველი სვლა, პირველი ნაბიჯები, გამიხარდა, ასე მეგონა, რაღაც აღმოვაჩინე“, – ამბობს არჩილი.

 

არჩილს ორი შვილი ჰყავს – თეონა და გულადი, შვილებთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ქალაქშიც აქვს, ცხოვრების მეტ წილს მშობლიურ სოფელში ატარებს, სოფლის გზაზე დამოუკიდებლად გადაადგილდება, სასურსათო მაღაზიას ამუშავებს და საკუთარი შემოსავალიც აქვს. „საცხოვრებელი ქალაქშიც გვაქვს და სოფელშიც, უმეტეს დროს სოფელში ვატარებ, იქ მაქვს მაღაზია, რომელსაც 16 წელია ვამუშავებ, მყიდველს მე ვემსახურები, შაქარი იქნება თუ სხვა რამე, ვუწონი და ფულსაც მე ვიღებ. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, მაგრამ შეხებით ვხვდები თანხის ოდენობას, იმასაც კი ვგრძნობ, მყიდველი სად იყურება, ამის ახსნა ძალიან ძნელია, სიტყვებით ვერ გადმოსცემ“, – გვიამბობს არჩილი.

ფერებს შეხებით არჩევს, ადამიანებს კი ფეხის ხმითა და სუნთქვით ცნობს. „ფეხის ხმით, სუნთქვით ვგრძნობ და ვხვდები ადამიანის ვინაობას, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა მაქვს, იმას უფრო ადვილად აღვიქვამ, როგორც მხედველობით იმახსოვრებს ადამიანი, ასევეა სმენით. ერთ-ერთი ნაცნობი, რომელიც 15 წელი არ მინახავს, ვიცანი, თვითონ ვერ მიცნო. ზოგს არ სჯერა ჩემი უსინათლობის, მაგალითად, დღეს ერთმა მკითხა რა ფერის ქურთუკი ეცვა, როცა ვუთხარი, გაკვირვებული დარჩა“.

 

უკრავს აკორდეონზე, თამაშობს დომინოს, უყვარს ფოტოს გადაღება და მეგობრებს ატელეფონო შეტყობინებასაც უგზავნის. „სანამ მხედველობას დავკარგავდი, მაშინ შევხვდი ადამიანს, რომელსაც ვასიკო ერქვა, პირველად მაშინ დავინახე, უსინათლო დომინოს თამაშობდა, არ მინდა გაზვიადებულად გამომივიდეს, მაგრამ ისე ვერ თამაშობდა, როგორც მე. რაღაცნაირად ინსტინქტი გამომიმუშავდა, ერთხელ თუ ვითამაშებ, მეორე სვლისას ვგრძნობ, რას ჩამოვა მოწინააღმდეგე. იმასაც ვგრძნობ, როდის იტყუება ადამიანი. როცა სიმართლეს ამბობს, კაშკაშა სხივივით მოდის სიტყვები, როცა მატყუებს, ფერი იცვლება“.

 

არჩილის დედა სურიე ვაშაყმაძე არჩილის ბავშვობას იხსენებს: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი იყო, გაკვეთილებს ახსნის დროს სწავლობდა, როცა მხედველობა დაკარგა, ვინერვიულე, ერთ თვეზე მეტი უგონოდ ვიყავი~, – ამბობს დედა.

 

არჩილი სამომავლოდ საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებას და ნაშრომის დაწერას გეგმავს: „მინდა, უსინათლო ადამიანებს და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავეხმარო, ამ მიზნით საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებას ვგეგმავ. მჯერა, იდეის განხორციელებაში ოჯახთან ერთად ყველა ჰუმანური ადამიანი გვერდით დამიდგება. ასევე დაგეგმილი მაქვს ნაშრომი დავწერო – თუ რა შეუძლია უსინათლო ადამიანს, მინდა ყველამ გაიგოს, რომ უსინათლო ადამიანი უსუსური და საბრალო არ არის, როგორც ზოგიერთი ფიქრობს.

 

რადგან უსინათლო ვარ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სხვაზე ვარ დამოკიდებული, ვერ ვხვდები რა დრო და რომელი საათია. სამყაროს ჩემეული აღქმა გამაჩნია, ჩემნაირ ადამიანებს იმას ვეტყოდი, რომ მათ მომავალზე, ცხოვრებაზე უნდა იფიქრონ – ის, რაც გამაჩნია, ჩემი შრომისა და ბრძოლის შედეგია.

 

ვერ `ვხედავ~, როცა თვალებს ვხუჭავ. ასე მგონია, თვალები რომ დავხუჭო, მართლა ვერ გავივლი. როცა ჩემ სიახლოვეს უსინათლო ადამიანია, ამას ვგრძნობ, ვხვდები სად არის ის. როცა სოფელში ვარ, შემიძლია ნებისმიერ ადამიანს ვუთხრა რა დროა, ქალაქში კი სულ სხვა გარემოა, ზღვას დიდი ენერგია აქვს, მანქანების ხმაურს, რაც აღქმას მიმძაფრებს.

 

გული არ მწყდება უსინათლობაზე, ბევრი ხედავს და ვერ აღიქვამს სამყაროს ისე, როგორც მე შემიძლია აღვიქვა. „მე ვხედავ მზეს“ – ამის თქმა ნოდარ დუმბაძემ დამასწრო, დღეს ასე ვამბობ – მე ვხედავდი მზეს, ახლა კი, შევიგრძნობ“.

 

პრობლემებზე საუბარი არ უყვარს. ამბობს, რომ პრობლემაა საზოგადოების მცდარი შეხედულება უსინათლოებზე და ტრანსპორტით გადაადგილება. „ტრანსპორტით მარტო ვერ იმგზავრებ, ვინმე უნდა წაიყვანო. ჩვენი, უსინათლოების, პენსია მხოლოდ 150 ლარია. ზოგადად, არ მჩვევია პრობლემაზე საუბარი, ნებისმიერ შემთხვევაში გამოსავალს დამოუკიდებლად ვპოულობ. იმ ადამიანებს, ვინც ჩემსავით უსინათლოა, სიმხნევეს ვურჩევ, ვერანაირი ექიმი ვერ მოგარჩენს, თუ არ გწამს, რწმენა გადაარჩენს ადამიანს“, – ამბობს არჩილი.

 

შენიშვნა: სტატია მომზადებულია 2014 წელს გაზეთ ბათუმელების ბეჭდური ვერსიისთვის.

ინტერნეტში ქვეყნდება პირველად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: