სიახლეები

ციხეში მაყურებლის ინსტიტუტსა და პატიმრების წამების შესახებ

25.06.2015 • 2786
ციხეში მაყურებლის ინსტიტუტსა და პატიმრების წამების შესახებ

 

 

მარცხნივ ზაზა ჯიქია, გორგი ვეკუა და მისი ადვოკატი

ადვოკატების კითხვების განრიდება პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ რამდენჯერმე მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა ხან დააკმაყოფილა, ხან – არა. ბრალდებულები არიან გიორგი ვეკუა, მე-3 საპყრობილის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილე [რეჟიმის უფროსი] ზაზა ჯიქია. დაზარალებულების სიაში არიან ყოფილი პატიმრები და ადამიანები, რომლებიც სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ახლაც იხდიან სასჯელს. სასამართლო დაზარალებულებს პროცესზე მოწმის სტატუსით კითხავს. ერთი მოწმის გამოკითხვას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.

 

სასამართლოში გასულ კვირას ამ საქმეზე ხუთი მოწმე დაიკითხა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ცემის დროს მიიღო მძიმე დაზიანებები, მაგალითად, ერთი პატიმარი ამბობს, რომ ცემის დროს ცალი თვალი დაკარგა, მეორე ირწმუნება, რომ მუდმივად სველ ლეიბზე წოლის გამო ტუბერკულოზით დაავადდა.

 

ამონარიდი მოწმე თორნიკეს ჩვენებიდან, რომელიც 35-ე საკანში იხდიდა სასჯელს [ყველა დაზარალებულის სახელი შეცვლილია-ავტ.]: „2009 წლიდან ვიხდიდი სასჯელს. ჩემი მისვლიდან სამ თვეში შეიცვალა ციხის ხელმძღვანელობა, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი შეურაცხყოფები, ცემა, ჰაერზე გასვლის უფლებას არ გვაძლევდნენ. მე ზაზა ჯიქია მცემდა, გიორგი ვეკუა ნანახი არ მყავს. გვცემდნენ, მაგალითად, იმის გამო, რომ ტელევიზორი ხმამაღალზე იყო ჩართული. ერთ პატარა საკანში 30 პატიმარი ვიყავით. გვცემდნენ ყოველ დილას. მე სასჯელს ჯართის მოპარვის გამო ვიხდიდი”. ბრალდებულ გიორგი ვეკუას ადვოკატის სოსო ჯალაღონიას კითხვაზე, იყო თუ არა იმ დროს ციხეში მაყურებელი, თორნიკემ უპასუხა რომ – არა.

 

ადვოკატი: „და რას ნიშნავს მაყურებელი?“
მოწმე: `მაყურებელი… ამყარებს წესრიგს, პატიმრებთან ურთიერთობის დროს~
ადვოკატი: „ვისი დავალებით?
მოწმე: „ამდენი არ ვიცი“.

 

მოწმე ერეკლე 53-ე საკნიდან ახლაც იხდის სასჯელს: „2009 წლის ნოემბრიდან დაიწყო პატიმრების ცემა. მე დარწმუნებული ვარ, მარტო ზაზა ჯიქიას დავალებით არ გვცემდნენ. მარცხენა თვალი დავკარგე ცემის დროს მიღებული დაზიანებების დროს. შენობის დერეფანში დაგვაყენებდნენ და გვირტყამდა 15 კაცი დუბინკას. ხელკეტის დარტყმის დროს მივიღე ტვინის შერყევა. ასეთი იყო რეჟიმი. დიდი უსამართლობა იქნება, მხოლოდ ეს ორი კაცი რომ დაისაჯოს ამის გამო [ბრალდებულებისკენ უთითებს].

 

ადვოკატებმა ერეკლეს ჰკითხეს, სამართლიანად იყო თუ არა გასამართლებული: “კი, მე პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი, ადამიანი მოვკალი. ადვოკატების კითხვაზე, იმ დროს ციხეში არსებული არაადამიანური პირობების შესახებ უყვებოდა თუ არა ვინმეს? პატიმარმა უპასუხა რომ – არა.
როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ წამების შესახებ მოგეყოლათ გამომძიებლისთვის? – ადვოკატის ამ კითხვაზე პატიმარმა უპასუხა, რომ `სურვილი სულ ჰქონდა, მაგრამ როცა ამის საშუალება გაჩნდა, მაშინ მოუყვა”.
პატიმარი მეხუთე საკნიდან, თორნიკე: „წამლის მოხმარების გამო ვიხდიდი სასჯელს. ბათუმის ციხეში ყოფნის დროს დერეფანში ყოველ დღეს უნდა გვერბინა და სირბილის დროს თანამშრომლები დუბინკებს გვირტყამდნენ”.

 

პატიმარი ვლადიმერი მე-10 საკნიდან: „მცემდნენ, მაწამებდნენ, ფილტვებში წყალიც ჩამიდგა. იქ ბრძოლა იყო სიცოცხლისთვის. მე ვიცი, ზაზა ჯიქიას შვილი ჰყავს და მინდა მის შვილს მამა არ წავართვა, ათი წლის გოგო მყავს, ისე გაიზარდა, ჯერ არ მინახავს. მე კანონს წინ ვერ აღვუდგები, მაგრამ ადამიანი როცა დანაშაულს ჩადის, მას ეს ან მოსწონს, ან გაუაზრებლად აკეთებს. ალბათ ზაზა ჯიქიას გააზრებული აქვს მისი დანაშაული და ეს სასჯელია მისთვის… არავინ არ მინდა ჩემ გამო წავიდეს ციხეში”.

 

თორნიკეს ადვოკატმა ჰკითხა, თუ არ უნდა ჯიქიას დასჯა, მაშინ რატომ უჩივლა მას? მოწმემ უპასუხა, რომ მაშინ შეურაცხყოფილი იყო.
პატიმრობაში მყოფ მოწმეებს დაცვის მხარემ ასევე ჰკითხა, რა მდგომარეობაა ახლა ციხეებში. პატიმრებმა თქვეს, რომ “ნორმალური”. ადვოკატი ასევე დაინტერესდა არიან თუ არა ციხეებში მაყურებლები, ზოგიერთმა პატიმარმა თქვა, რომ – არა, ზოგიერთმა კი უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს მაყურებლის ინსტიტუტი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი დაახლოებით 25 თვეა, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მოსამართლის შვებულებაში გასვლის გამო მომდევნო სასამართლო პროცესი აგვისტომდე გადაიდო. საქმეზე ჯერ კიდევ ათეულობით მოწმეა დასაკითხი. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: