სიახლეები

ვინ ამოწმებს ბაგირზე დაკიდული ხიდების უსაფრთხოებას

26.04.2015 • 3628
ვინ ამოწმებს ბაგირზე დაკიდული ხიდების უსაფრთხოებას

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფლის განაპირა მხარეს ოთხკომლიანი უბანი გარესამყაროს საცალფეხო ბილიკითა და ბაგირზე დაკიდული ხიდით უკავშირდება. არის შემოვლითი საავტომობილო გზაც, თუმცა ეს გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ აქ მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით შეიძლება გადაადგილება. მცირეკომლიან უბანში შესული მიკროავტობუსი თუ მსუბუქი ავტომობილი აქ მცხოვრებთ ბოლო რამდენიმე წელია არ ახსოვთ.

 

შესაკეთებელია ბაგირის ხიდიც, რომელზეც ყოველდღე შვიდი მცირეწლოვანი  გაივლის, სკოლაში მისასვლელად. ხიდი გამაგრებას საჭიროებს, გვერდით არც დამცავი მავთულები აქვს და არც ბადე, სავალ ნაწილზე დაგებული ხის ძელები კი ალაგ-ალაგ მორყეულია.

 

ქოსოფლის გარდა ბაგირის ხიდი სოფელ ჭალახმელაში, აბუქეთაში, არსენაულსა და აქუცაშიც არის. თუმცა ქოსოფლის მცირედასახლებიან უბნისგან განსხვავებით ამ ოთხ  სოფელში არსებული ბაგირის ხიდები გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება არ არის, ამ სოფლებში არის საავტომობილო ხიდებიც, ბაგირის ხიდებს კი აქაური მოსახლეობა გზის შესამოკლებლად იყენებს.

 

უსაფრთხოა თუ არა ქედაში არსებული ბაგირის დაკიდული ხიდები და ვინ ამოწმებს მათ მდგრადობასა და უსაფრთხოებას? ამ კითხვით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ. ქედის გამგეობის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თამაზ აბულაძე ამბობს, რომ ხიდების მდგომარეობას წლების წინ ექსპერტი ამოწმებდა, დღეს კი გამგეობის შესაბამისი სამსახური ასეთ ხიდებს მხოლოდ ზედაპირული დათვალიერებით ამოწმებს.

 

ქედის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სულიკო სურმანიძე ამბობს, რომ ქედაში არსებული, ბაგირზე დაკიდული ხუთი ხიდიდან შეკეთებას ორი – ჭალახმელასა და ბელტურის ხიდი საჭიროებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ქედის გამგეობას მხოლოდ ჭალახმელას ხიდის შესაკეთებელი თანხა გააჩნია, რაც შეეხება ბელტურის ხიდს, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, მის შესაკეთებლად თანხა ქედის გამგეობას ჯერჯერობით არ აქვს.

 

სოფელ ჭალახმელასთან დამაკავშირებელი ხიდი [ფოტო ეკა ბარამიძე]

 

“ქედის მუნიციპალიტეტში ბაგირზე დაკიდული ხუთი საცალფეხო ხიდიდან სამი _ აბუქეთის, აქუცისა და მდინარე აკავრეთაზე არსენაულის ხიდი კარგ მდგომარეობაშია, რაც შეეხება ბელტურსა და ჭალახმელას ხიდებს, ისინი შეკეთებას საჭიროებს. სოფელ ჭალახმელაში ბაგირის ხიდი წლების წინ არსებობდა, ორი წლის წინ აღადგინეს, წელს განვითარებული მეწყრის შედეგად ხიდის ნაწილი დაზიანდა, შესაკეთებლად 1000 ლარია გამოყოფილი, ხიდის მოაჯირის რვა მეტრამდე მონაკვეთი დაზიანებულია და აღდგენა სჭირდება, მაისის ბოლომდე ამ ხიდს შევაკეთებთ. რაც შეეხება ბელტურის ხიდს, ის ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია, მთლიანად შესაცვლელია ხიდის განივი ხის კოჭები, საფარი ნაწილი, დასაჭიმია ბაგირი და მოაჯირებიც შესაკეთებელია. ამასთან, ხიდის ბოლოს საცალფეხო ბილიკზე 15 მეტრზე დამცავი გაბიონია მოსაწყობი. ხიდის შესაკეთებლად და გაბიონის მოსაწყობად ხარჯთაღრიცხვა კეთდება. მაისში, ბიუჯეტის კორექტირების დროს გამოვყოფთ თანხას. ხიდიც და გაბიონიც შეკეთდება”, – ამბობს სულიკო სურმანიძე.

 

ვიდრე გამგეობა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ფინანსურ რესურს გამონახავს და ხიდს გაამაგრებს, აქ მცხოვრებლებს, მათ შორის ბავშვებსაც, ისევ დაზიანებულ ხიდზე მოუწევთ სიარული. სულიკო სურმანიძის თქმით, მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ გავლისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. მისივე თქმით, ქედის გამგეობა მცირეკომლიან უბნამდე ახალი საავტომობილო გზის გაყვანასაც გეგმავს.

 

ქედის გამგეობის მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის თამაზ აბულაძის თქმით, ქოსოფლის მცირეკომლიან უბნამდე საავტომობილო გზის გასაყვანად გამგეობა ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობს,  რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რამდენი თანხა იქნება საჭირო ორკილომეტრიანი ახალი საავტომობილო გზის გასაყვანად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: