კვირის ამბები,მთავარი

რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

12.06.2016 • 2371
რა შემთხვევაში გაიაფდება ელექტროენერგია

ელექტროენერგიის დღეს მოქმედი გაზრდილი ტარიფები სემეკმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაადგინა. მაშინ ტარიფის გაზრდის მიზეზად, ძირითადად, ვალუტის კურსის ცვლილება [ლარის გაუფასურება] დასახელდა. დღეს, ლარის კურსის გამყარების ტენდენციის ფონზე, შეიცვლება თუ არა ტარიფები და რა შემთხვევაში? – სემეკში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აკვირდებიან სიტუაციას და „ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“ ტარიფებს აუცილებლად დააკორექტირებენ.

ვინაიდან ენერგეტიკის სფერო საქართველოში რეგულირებადია, ტარიფების კორექტირებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისია [სემეკი] გეგმიურად, წელიწადში ერთხელ ახდენს და ფასებს ბაზარი ვერ არეგულირებს. შესაბამისად, ტარიფი, ზედა ზღვარი, რასაც სემეკი უდგენს ენერგოკომპანიებს, იცვლება ან იგივე რჩება. სემეკის მიერ დადგენილი ახალი ან არსებული ტარიფები ძალაში ყოველი წლის პირველი იანვრიდან შედის და ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს. სემეკს აქვს უფლება ტარიფები არაგეგმიურადაც დააკორექტიროს ანუ შეცვალოს.

გასულ წელს ტარიფები ლარის გაუფასურების გამო გაიზარდა, ვინაიდან, როგორც სემეკში აცხადებენ, გამანაწილებელი კომპანიები, რომლებიც ყიდიან ელექტროენერგიას მომხმარებლებზე, ამ ენერგიას ყიდულობენ გენერაციის სხვადასხვა წყაროდან, ასევე ყიდულობენ იმპორტირებულ ელექტროენერგიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ კომპანიას საკუთარი ელექტროსადგურებიც გააჩნია.

„შესყიდვების კალათაში არის ჰიდროსადგურებიდან, თბოსადგურებიდან შესყიდული ენერგია და მათ შორის იმპორტიც. იმპორტირებულ ელექტროენერგიას კი ყიდულობენ აშშ დოლარში [შესაბამისი კურსით ლარში]. რაც შეეხება თბოელექტროსადგურებს, ეს სადგურები მუშაობენ ბუნებრივ აირზე, რომელსაც ისინი ასევე დოლარში ყიდულობენ. ამიტომ, ვალუტის კურსის ცვლილება პირდაპირ ურტყამს ამ კომპონენტს. როცა დოლარის კურსი იზრდება _ ლარი უფასურდება, თბოელექტროსადგურების ტარიფები [გასაყიდი ფასი] ძვირდება და იზრდება იმპორტირებული დენის ტარიფიც. თბოსადგურებიდან შესყიდული ენერგიის წილი კი, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, გამანაწილებელი კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია. გაიზარდა იმპორტის საფასური, გაიზარდა თბოსადგურების ტარიფები – ამიტომ გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფებიც“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

საქართველოში დღეს ოთხი თბოელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომელთაგან მხოლოდ ერთია [გარდაბნის] სახელმწიფო საკუთრებაში, დანარჩენი სამი კი კერძო კომპანიების საკუთრებაშია [მათ შორის ერთი – „ჯი-თაუერი“ „ენერგო-პრო ჯორჯიას~ კუთვნილებაა და მისგან 1 კვტ/სთ ენერგიას 7,5 თეთრად ყიდულობს. ეს ტარიფიც სემეკის მიერაა დადგენილი].

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, გოჩა შონიას თქმით, თუ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, ანუ თუ დაღმავალი მიმართულებით გაგრძელდა პროცესი, კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ტარიფთან დაკავშირებით: „შარშან ტარიფები გავზარდეთ დაახლოებით 30-35%-ით, რადგან 1 აშშ დოლარის შესყიდვის კურსი 1,70-დან ავიდა თითქმის 2,40-ლარამდე“.

კითხვაზე, იმისთვის, რომ დენის ტარიფმა დაიკლოს, აუცილებელია დოლარის კურსი 1,7 ლარამდე დაეცეს? – სემეკის წევრი პასუხობს:  „ასე ცალსახად ვერ ვიტყვით…

ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაში წერია, რომ ტარიფი იცვლება ვალუტის კურსის არსებითი ცვლილების შემთხვევაში. ანუ, თუ იმავე პროცენტული მაჩვენებლით დავარდება კურსი, როგორც გაძვირდა [ადრე გაიზარდა 30-35%-ით, ამჯერად კი კლება 10-15%-ია] შეგვიძლია ტარიფების კორექტირება“.

გოჩა შონია აცხადებს, რომ გამანაწილებელი კომპანიები ელექტროენერგიის შესყიდვებში არაფერს არც იგებენ და არც აგებენ: „ვთქვათ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“  1 კვტ-ის შესყიდვა უჯდება 10 ცენტი, ის იმავე 10 ცენტად ყიდის. მოგება კონკრეტულად ამ შესყიდვის კომპონენტში არ აქვს. მოგება კომპანიას აქვს საკუთარ კომპონენტში – განაწილების ტარიფში, რომელიც არის მისი შემოსავლის წყარო. მაგალითად, „თელასმა“ იყიდა 2 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია სხვადასხვა ელექტროსადგურიდან და დაუჯდა საშუალოდ 10 თეთრი 1 კვტ. ის დაამატებს თავის მარჟას – განაწილების ტარიფს რასაც ვეძახით – სიტყვაზე, 4 თეთრს და მოსახლეობას მიჰყიდის 14 თეთრად. ეს 4 თეთრი არის კალათის შემოსავალი, ხოლო 10 თეთრი ის, რაც უნდა გადაუხადოს შესაბამის გენერაციის ობიექტებს 1 კვტ ენერგიაში“.

გოჩა შონიას თქმით, სემეკი ტარიფების კორექტირების პროცესს წელს, გეგმიურად, აგვისტოდან დაიწყებს; „წესით, იანვრამდე ხუთი თვით ადრე ვიწყებთ ტარიფების გადახედვის პროცედურებს. სემეკი იმუშავებს იმაზე, რომ დაადგინოს კომპანიამ რა მიიღო ზედმეტი, თუ მიიღო რამე [შემოსავლები, ხარჯები] და არსებულ სიტუაციაში რამდენად რეალურია ის ტარიფები, რაც არის როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე. თუ, ვთქვათ, მოხდა ისე, რომ 35-40-50%-ით გამყარდა ლარი, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიმსჯელოთ და დავაკორექტიროთ, ანუ დავწიოთ ტარიფი“.

ამავე თემაზე:

რამდენით შეიძლება მოიმატოს დენის ტარიფმა

ენერგო პრო ჯორჯიას“ გენდირექტორი: ტარიფი ერთი ან ნახევარი თეთრით უნდა გაიზარდოს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა ევროდირექტივებს ეწინააღმდეგება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: