მთიანი აჭარა

ვინ და როგორ მართავს სტიქიას აჭარაში

23.11.2015 • 1761
ვინ და როგორ მართავს სტიქიას აჭარაში

 

სტიქია ქობულეთში
სტიქია ქობულეთში

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის განმარტებით, რომელიც სტიქიური მოვლენების დროს აჭარის მთავრობის საგანგებო შტაბს არაერთხელ ხელმძღვანელობდა, სტიქიური მოვლენების განვითარებისას პრიორიტეტი სიცოცხლის დაცვას ენიჭება.

 

„გააჩნია სტიქიის მასშტაბებს. ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას საქართველოს მთავრობას. თუკი ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი, მაშინ შეიძლება საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა გამოვიყენოთ ან სხვა რეგიონების სამაშველო სამსახურები დაგვეხმარნონ. ზიანის შესამცირებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და შემდეგ მათი ქონება, ასევე მუნიციპალური ქონება. იქმნება საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გადის რეაგირების ჯგუფი, საფრთხის შემცველი ადგილებიდან მოსახლეობა გამოგვყავს:.

 

რეგიონის მუნიციპალიტეტებში, სადაც გეოლოგების დასკვნებით უფრო მეტი მეწყერსაშიში ზონაა და (ეს ზონები უმეტეს შემთხვევებში დასახლებულია)  მცირემასშტაბიანი სტიქიის დროსაც კი მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება, გამგებლები სიტუაციას ადგილობრივი წარმომადგენლების დახმარებით აკონტროლებენ.

 

„ყველა უბანში გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც დროულად გვატყობინებს ვითარებას სოფელში – მეწყერმა გზა ხომ არ ჩაკეტა და ჩვენ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ. თუ ადგილობრივი რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, მაშინ დახმარებას მთავრობას ვთხოვთ“, – ამბობს ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე.

 

გასულ კვირას სტიქიური მოვლენების გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ორი ოჯახის ევეკუაცია გახდა საჭირო. გამგებლის ინფორმაციით, ისინი მათივე თხოვნით დროებით საცხოვრებლად ნათესავებთან გადაიყვანეს.

 

კითხვაზე, თუ ამ ადამიანებს ნათესავებთან წასვლის საშუალება არ ექნებოდათ? – გამგებელი პასუხობს: „მათ ჩემთან წავიყვანდი“. ნადიმ ვარშანიძის თქმით, მთავრობას ამ დრომდე არ აქვს საბინაო ფონდი, სადაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფდა.

 

რამდენად შეუძლია სოფლის რწმუნებულს განსაზღვროს საფრთხეები? – გამგებლის განმარტებით, მუნიციპალიტეტი სპეციალისტებს შესასწავლილი აქვთ და იმ ზონებზე ფლობენ ინფორმაციას, რომლებზეც ასეთ დროს ყურადღება უნდა გაამახვილონ.

 

სტიქიის გამო მოქალაქეები დაზარალდნენ სხვა რაიონებშიც.

 

როგორ იქცევიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, თუ საჭირო დროს საჭირო ტექნიკა საკმარისი არ არის და ვითარება სწრაფ რეაგირებას საჭიროებს? – ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე განმარტავს, რომ მას შეუძლია ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ტექნიკა რამდენიმე დღით კერძო პირისგან იქირაოს.

სტიქიური მოვლენების სამართავად, 2015 წელს აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 2 მილიონ 100 000 ლარი, ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში კი 400 000 ლარი გაითვალისწინეს. რესპუბლიკურ ბიუჯეტში ამ თანხას რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს – მუნიციპალიტეტის მერი ან გამგებელი განკარგავს.

 

„სტიქიური მოვლენების დროს ხშირ შემთხვევაში იქმნება სამთავრობო შტაბი, მაგრამ თუ ვთვლი, რომ რაღაც გასაკეთებელია ქალაქისთვის, ვიყენებ ბათუმის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს. თუ ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, ბიუჯეტის ცვლილების დროს შეიძლება ისევ მოვითხოვოთ თანხის დამატება. ეს ფონდი, ძირითადად, დახმარებებს და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ ღონისძიებებს ხმარდება“, – განმარტავს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.

 

2015 წლის საქართველოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში  სარეზერვო ფონდში 70 მილიონი, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

კიდევ ერთი დეტალი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და თვითმმართველმა ერთეულებმა 2015 წლის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინონ თანხა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის გადასაცემად. ეს თანხა არ უნდა იყოს 2014 წელს აჭარის ბიუჯეტსა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების ფუნქციონირებისთვის გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები. 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა აჭარამ და თვითმმართველმა ერთეულებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უნდა გადაურიცხონ ეტაპობრივად, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

 

ქვეყანაში საფრთხეებზე დროული რეაგირება და რისკის შემცველ ზონებში მოსახლეობის დაცვა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეროგატივაა. ეს სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში 2015 წლის დასაწყისში გადავიდა. რეგიონებში მოქმედი სამაშველო სამსახურების ცენტრალიზებულ მართვაზე გადასვლას უფრო ეფექტური სისტემის შექმნით ხსნიან.

 

გასულ კვირას სტიქიური მოვლენები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში განვითარდა. რიგი უბნებიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: