მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ბათუმის საკრებულომ ახალი დადგენილება დაამტკიცა.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათიანი მგზავრობა, სამგზავრო პლასტიკური ბარათები ყოველგვარი ცნობის წარდგენის გარეშე აიღონ უშუალოდ იმ ბანკში, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული „ბათუმის ავტოტრანსპორტს“. ბანკს კი შესაბამის მონაცემთა ბაზებზე ექნება წვდომა.

დადგენილების მიხედვით, ასეთ მონაცემთა ბაზებზე უნდა ჰქონდეს წვდომა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს [ან მის კონტრაქტორს]. ეს კონტრაქტორები კი ამ ეტაპზე არიან: „საქართველოს ბანკი“ და მისი შვილობილი შპს „მეტროსერვის+“.

მაგალითად პედაგოგს, მოსწავლეს არ დასჭირდება ცნობა სკოლიდან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ცნობის აღება სოცსააგენტოსგან და. ა.შ. მათ შესახებ მონაცემებზე წვდომა ექნება „საქართველოს ბანკს“ და „მეტროსერვის+“-ს. შესაბამისად, მოქალაქეები, სამგზავრო პლასტიკური ბარათების ასაღებად პირდაპირ ამ კომპანიების ოფისებში მივლენ და მხოლოდ პირადობის მოწმობას წარადგენენ. ამ სისტემის, ასე ვთქვათ, აწყობაზე, ანუ მონაცემთა ბაზებთან თავისუფალ წვდომაზე მუშაობა – შესაბამის უწყებებთან მემორანდუმების გაფორმება, უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება ტარიფებს და შეღავათებით მოსარგებლეთა კატეგორიებს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ განცხადებით, ფაქტობრივად არ შეცვლილა.

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები:

[checklist]

[/checklist]

ცალკეული კატეგორიები ტარიფის შესაბამისად:

[checklist]

[/checklist]

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, რომელიც ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მერიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დაწესებული კატეგორიების მიხედვით უფასო [ნულოვანი] და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.

თავის მხრივ, ბათუმის მერიამ, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სტანდარტული ოდენობის [M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,3 ლარი] შესავსებად თანხების ანაზღაურება.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 16 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. რაც შეეხება მოძრაობის გრაფიკს, სამუშაო დღეებში და შაბათ-კვირას ეს გრაფიკი ყველა მარშრუტზე განსხვავებულია.

მუნიციპალურ ტრანსპორტში დაჯარიმების სისტემაც შეიცვალა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის თქმით, მთავარი სიახლე ისაა, რომ საჯარიმო ქვითარი გამოიწერება ელექტრონულად, აქამდე კი ხელით ხდებოდა ქვითრის შევსება.

მიუხედავად გარკვეული სიახლეებისა, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი გაჩერებებთან დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებისა თუ ელექტროტაბლოების განახლება ან დამატება. წელს მოსაცდელებზე არც ისეთი საინფორმაციო დაფების განთავსებაა დაგეგმილი, რომლებზეც ქალაქის რუკა, სამარშრუტო ხაზები და მოძრაობის გრაფიკი იქნება მითითებული.