რუსეთში ქმნიან ახალ სივრცეს პუტინის კრიტიკისთვის და ანგარიშსწორების არ ეშინიათ – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები დღევანდელ ანგარიშში აღნიშნავენ, რომ რუსეთში იქმნება ახალი სივრცე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკისთვის და მის ინიციატორებს არ ეშინიათ, რომ პასუხს მოსთხოვენ.

როგორც ინსტიტუტში აღნიშნავენ, 18 იანვარს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტროს ახალი ინსტრუქციები უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლის თანახმადაც საომარი მოქმედების ზონაში აიკრძალა გარკვეული პერსონალური ელექტრონული ტექნიკის გამოყენება. ომის ზონაში მყოფ მებრძოლებს ასევე მკაცრი საიმიჯო სტანდარტი დაუწესეს.

პრიგოჟინმა დაიცვა რუსი ჯარისკაცები, რომლებიც არღვევენ საიმიჯო სტანდარტს (აღნიშნა, რომ წვერი გავრცელებულია ბევრ მუსლიმ და მართლმადიდებელ მებრძოლში) და ასევე ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ომში ჯარისკაცების მიერ სმარტფონებისა და პლანშეტების გამოყენება აუცილებელია.

მისი თქმით, „ომი“- ეს აქტიურებისა და მამაცების დროა და არა სუფთად გაპარსულების, რომლებმაც ტელეფონები საწყობებში შეინახეს“.

პრიგოჟინმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ცხოვრებას მოწყვეტილი“ ჩინოვნიკები და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„პუტინის შეფმზარეული“ და სხვა პირები რუსეთში ახალ სივრცეს ქმნიან პუტინის გასაკრიტიკებლად და მათ არ ეშინიათ ანგარიშსწორების.

ანალიტიკოსების დაკვირვებით, პუტინმა გადაწყვიტა მსგავსი განცხადებები ჯერ არ დააცენზუროს.

სამხედრო ექსპერტების დაკვირვებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლამ საბჭოთა ჯარების მიერ ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავზე ერთი რამ აჩვენა – ის არ არის დარწმუნებული, რომ კვლავ შეუძლია არსებითად აკონტროლოს რუსეთის საინფორმაციო სივრცე.

მისი გუშინდელი გამოსვლა, სავარაუდოდ, მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ნაწილიცაა, რომელიც იმისკენაა მიმართული, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გადაიფუთოს რუსეთის ეროვნული მითის – დიდი სამამულო ომის (მეორე მსოფლიო ომი) გაგრძელებად, რათა ქვეყანაში გაიზარდოს მხარდაჭერა გაჭიანურებული ომისა და მობილიზაციის მიმართ.

ანალიტიკოსების აზრით, პუტინის გამოსვლას რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა. პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღებისა და ისტორიული ანალოგიების გამოყენება რუსი ხალხისთვის მიმართვის დროს და მსგავსი სიტყვით გამოვიდა გუშინ, 18 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში, საბჭოთა ჯარების მიერ ლენინგრადში ნაცისტური ბლოკადის გარღვევის 80 წლისთავზე. მან განაცხადა, რომ საბჭოთა ჯარებმა გაიმარჯვეს ნაცისტური გერმანიის მიერ „ლენინგრადის გენოციდზე“ და ეს შეადარა იმას, თუ როგორ ებრძვის თანამედროვე რუსეთი „უკრაინელ ნეონაცისტებს“ დონბასში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, გაჭიანურებული ომის მხარდაჭერის გასაზრდელად, თავის გამოსვლაში კიდევ უფრო უხეში სიტყვები გამოიყენა და პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინა და დასავლეთი ეწევიან რუსი ხალხის გენოციდს.

ამავდროულად, პუტინი და ლავროვი აგრძელებენ უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფას და ღიად ამბობენ უარს უკრაინასთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე.

ISW-ი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინი აგრძელებს ძალისხმევას აღადგინოს სამხედრო-სამრეწველო ბაზა, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინაში გაჭიანურებულ ომს.

ISW-ის სხვა ძირითადი მიგნებები: