200 000 ლარი ჩირუხის მთაში ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად – სააგენტო იდეას და პროექტს შეისყიდის

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 200 ათასამდე ლარს გადაიხდის „ჩირუხის მთაში [შუახევის მუნიციპალიტეტი] გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნაში, რომელიც ჩირუხის მთას გახდის ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრს“.

სააგენტო ამ ეტაპზე შეისყიდის 3 ადგილთან დაკავშირებულ 9 იდეას და აქედან შეარჩევს ერთს, რომლის მიხედვითაც შემდგომში განავითარებს ინფრასტრუქტურულ პროექტს.

სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ტენდერში მონაწილემ უნდა შეიმუშაოს ისეთი მარშრუტ[ებ]ი, რომელიც ჩირუხის მთას დაკავშირებას სხვადასხვა ადგილს [მაგალითად: ხიხანი, გოდერძი].

სატენდერო პირობის მიხედვით, შესყიდვის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ჩირუხის მთისა და ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური მარშრუტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა ექსპერტების ჩართულობით და შეარჩიოს:

[checklist]

[/checklist]

„ჩირუხის მთის მთავარი ღირებულება არის ის, რომ მთა არის ხელშეუხებელი, მდებარეობს ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები იალაღებზე და პატარა ტბებზე. იაილებში შენობები მთლიანად ხისაა, რაც ავთენტურ გარემოს ქმნის. ჩირუხის მთას უკავშირდება სხვადასხვა ტურისტული ბილიკი, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.
ჩირუხის მთაში უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა ეკოტურიზმის, სოფლის ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმისა და ხეობის კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების პოპულარიზაცია, ბუნებრივი გარემოს დაცვა, დასაქმების ხელშეწყობა, ადგილობრივი ეკონომიკისა და მდგრადი ტურიზმის განვითარება“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 2 ნოემბერს დაიწყება და 5 ნოემბერს შეწყდება. საბოლოო დოკუმენტაცია გამარჯვებულმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.

პირობის მიხედვით, „პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2013-2018 წლებში ორი კვლევასა და დაგეგმარებასთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ განხორციელებული პროექტი და ორი ინფრასტრუქტურის დაპროექტების გამოცდილება, რომელთაგან ერთ-ერთი პროექტის ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 150 000 ლარს…

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ გამოცდილების სახით წარმოდგენილი იქნება არასახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და დოკუმენტაცია, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული მომსახურების დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურის ქსეროასლები და დადებითი რეკომენდაციები წარმოდგენილი პროექტების შესაბამისად დამკვეთი ორგანიზაციების მხრიდან“.

 

მთავარი ფოტო: ჩირუხის მთა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“