პოლიტიკურად არასაიმედო ჯონი

ავტორი: ნანა კვაჭაძე

ჯონის პატარა ოთახის კედლები მისი ნამუშევრებითაა დაფარული. ძირითადად წითელი და ყვითელი ფერები სჭარბობს, პორტრეტებიცაა და სიუჟეტური ნამუშევრებიც, თუმცა მთლად ზუსტად არც ერთი და არც მეორე. ჯონი ჯიჯიეშვილი ხატვას თავისებურად უდგება, თითქმის არ იყენებს მწვანე და ლურჯ ფერებს და არც ხატვის აკადემიურ წესებს დაგიდევთ.

ჯონი ჯიჯიეშვილი მხატვარია, პოეტი და მწერალიც. უფრო რომელია, თავადაც არ იცის. ამბობს, რომ როცა ხატავს, მაშინ მხატვარია, როცა წერს – მწერალი. წერა საკმაოდ გვიან დაიწყო, 30 წლის ასაკში. ბავშვობაში ფეხბურთი უყვარდა ძალიან და ამიტომაც ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩააბარა. მეორე კურსზე იყო, როცა ცურვის გამოცდაზე გაცივდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა სპორტულ ცხოვრებას ჩამოაშორა. საავადმყოფოში ყოფნისას დაიწყო კითხვა, მერე აიკვიატა, მეც უნდა დავწეროო და წერა დაიწყო.

„ათი წლის შემდეგ მივხდი, რომ ასე წერას ჯობია თავი მოიკლა. სოცრეალიზმის დროა, უცხოურ მუსიკას ვუსმენდით, ვკითხულობდით. ჩემს ნაწერს მაინცადამაინც არ მიბეჭდავდნენ. ერთი-ორი დამიბეჭდეს და რომ მიხვდნენ ჩემგან კომკავშირელი მწერალი არ გამოვიდოდა, შემეშვნენ. მე ვწერდი და მაინც მიმქონდა გამომცემლობაში, ხან ლექსები, ხან პიესები. მოთხრობას სადაც მივიტანდი, ყველას სახეზე ეწერა, „აუ, ეს კიდევ მოვიდაო“. 40 წელი დავდიოდი თბილისში „ცისკარში“ ჩემი ნაწერებით და ბოლოს 2002 წელს დამიბეჭდეს“. Read more of this post

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე პრეზიდენტმა შეიწყალა

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე  ერთ-ერთია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იმ 66 პატიმარს შორის, რომლებმაც დღეს საპყრობილე დატოვეს. ინფორმაციას ბიზნესმენის გათავისუფლების შესახებ „ბათუმელებთან“ ანზორ ქოქოლაძის ნათესავები ადასტურებენ.

კომპანია „ელიტ ელექტრონიკსის“ დამფუძნებელი პატიმრობაში 2010 წლის აპროლიდან იმყოფება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ანზორ ქოქოლაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას ედავებოდა: „(ქოქოლაძემ) 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგების საფუძველზე, თაღლითურად აარიდა თავი სახელმწიფოსა და კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას”. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენს  7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ანზორ ქოქოლაძემ  „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ოფიციალური წერილით მიმართა და კომპანიის გაყიდული აქციების 55%-ის სამმაგ ფასად შესყიდვა შესთავაზა. ქოქოლაძის „ელიტ-ელექტრონიქსი“ “თიბისი ბანკს” საკუთრებაში, ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგ, 2010 წელს გადაეცა.

ბოლო თვის მანძილზე ანზორ ქოქოლაძემ ციხიდან ორი განცხადება გაავრცელა. დაკავებული ბიზნესმენი მის მფლობელობაში არსებული „ელიტ ელეკტრონიკსის“ აქციების 15 პროცენტის აუქციონის გზით აღსრულებას აპროტესტებდა და აღნიშნავდა, რომ  „წილის გასხვისება ხორციელდება სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე“.

„მივიჩნევ, რომ ეს არის იმ არაკეთილსინდისიერი თაღლითური გეგმის გაგრძელება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული პროკურატურა, თიბისი ბანკი, მამუკა ხაზარაძე, შემოსავლების სამსახური, თბილისის მერი და სასამართლო სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტებისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით.

ჩემი უფლებების და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვაგრძელებ დავას….“ – აღნიშნულ იყო ანზორ ქოქოლაძის განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საშუალებით გაავრცელა.

 ამავე თემაზე: ანზორ ქოქოლაძის საქმეზე დაკავებულ პირს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია ბათუმში

ბათუმში ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. „ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“, „შეწყდეს ჟურნალისტების დევნა“, „შეწყდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა“, – ითხოვდნენ ჟურნალისტები.

დღეს აქციები ჟურნალისტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა.

.

This slideshow requires JavaScript.

სიღარიბის ფორმულა

ავტორი: ლელა დუმბაძე, ეკა ბარამიძე

ოჯახებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ სოციალური მომსახურების სააგენტომ დაუსაბუთებლად მოუხსნა ფინანსური შემწეობა, საშუალება ეძლევათ, სააგენტოს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ.

ქედის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს შენობის ნანგრევებში მცხოვრებმა როსტომ დიასამიძის ხუთსულიანმა ოჯახმა საარსებო შემწეობის მოხსნის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ბანკში მისულებმა დახმარება ვეღარ მიიღეს. როგორც ოჯახის დიასახლისი, სამი შვილის დედა ხათუნა დიასამიძე ამბობს, მათი ოჯახი გასული წლის სექტემბერში მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა და დახმარებაც მოუხსნეს: „ოჯახში არავინ მუშაობს, ჩვენი ოჯახის შემოსავალს საარსებო შემწეობა (126 ლარი) შეადგენდა, ისიც კი მოგვიხსნეს და ყოველგვარი დახმარების გარეშე დაგვტოვეს. სამი ბავშვი მყავს, სამივე სკოლის მოსწავლეა, როცა შემწეობას ვიღებდი, ბავშვებს წიგნებს უფასოდ აძლევდნენ, სამომავლოდ ამდენ პრობლემასთან ერთად ისიც დამემატება, რომ ბავშვები სახელმძღვანელოების გარეშე დამრჩება.”

საარსებო შემწეობის გარეშე დარჩა ქედაში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები ეკომიგრანტ შაჰმურად დავითაძის ოჯახიც. დავითაძეების ოჯახის შესწავლის შემდეგ სარეიტინგო ქულამ 70 000 გადააჭარბა. არამარტო საარსებო შემწეობის, არამედ პოლისის გარეშეც დარჩა ჩერნობილის მონაწილე შაჰმურად დავითაძე, ვისაც მუდმივი მკურნალობა სჭირდება და უსახსრობის გამო მკურნალობაზე უარის თქმა უწევს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტი გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტში საგრძნობლად იმატა იმ ოჯახების რიცხვმა, რომელებსაც შემწეობა შეუწყვიტეს: Read more of this post

ჯენტლმენური სპორტი საზოგადოებრივ საწყისებზე

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

გასულ ოლიმპიადაზე მოსახვედრად ბათუმელ მოფარიკავეს სულ რამდენიმე ქულა დააკლდა. სალიცენზიო ტურნირზე მან საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცა წლის განმავლობაში გამართულ შეჯიბრებებზე დაუფინანსებლობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო, რის გამოც ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის საჭირო ქულები ვერ მოაგროვა. საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი ირაკლი ჭელიძე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფარიკაობის ფედერაცია ბათუმში დღემდე საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობს და არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომ ბავშვებს სპეციალურ ბილიკზე ვარჯიშის საშუალება მიეცეთ.

ბათუმის სპორტსკოლაში ფარიკაობის შესასწავლად ასამდე ბავშვი დადის, მათ შორის ბევრი სპორტის ამ სახეობას ხუთი წლიდან ეუფლება. დღეში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მეცადინეობენ, ოღონდ არა – სპეციალურ ბილიკზე, რადგან ფარიკაობისთვის განკუთვნილი საათის შემდეგ დარბაზში ფრენბურთის ჯგუფი შედის, 14 სმ სიგრძის ელექტრობილიკის ყოველდღიურად აღება-დაგება კი შეუძლებელია.

„ადრე სპეციალური სტაციონარი გვქონდა, სადაც ექვსი ბილიკი იყო დაფენილი. ახლა იმ დარბაზში მოჭიდავეები შეიყვანეს. ბოლო წლებში აღჭურვილობაც არ გვქონდა, არც საბრძოლო იარაღი, რამაც ძალიან დაგვწია უკან. ბილიკი და შესაბამისი აღჭურვილობა ბათუმის მერიამ გასულ წელს შეგვიძინა, ამიტომ დარბაზის გამო აღარ ვწუწუნებთ.“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფედერაციის გენერალურმა მდივანმა თენგიზ მორჩილაძემ. Read more of this post

მელანომა – სიმსივნეების „დედოფალი“

თეიმურაზ გოგიტიძე, ონკოლოგი

კანის კიბო ისეთი სიმსივნეა, რომლის აღმოჩენა თვითგამოკვლევითაც შეიძლება, რადგან, უმეტეს შემთხვევაში ის ხილულ ადგილას ვითარდება. ამავდროულად კანის კიბოს ისეთი სახეობა, როგორიცაა მელანომა (შავი სიმსივნე), სიმსივნეთაგან ყველაზე აგრესიული და ყველაზე საშიშია და შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს მის მიმართ, როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებს. მელანომას „სიმსივნეების დედოფალსაც“ უწოდებენ და მისი მთავარი მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ზომის, თითქმის უხილავ წარმონაქმნსაც შეუძლია სასიკვდილო მეტასტაზების განვრცობა. მეორე მხრივ, ადრეულად აღმოჩენის და დროულად მკურნალობის შემთხვევაში ის განკურნებადია. სწორედ დროულად აღმოჩენას ემსახურება თვითგამოკვლევა.

რა და როგორ უნდა გამოვიკვლიოთ: ჩვეულებად აქციეთ კანის პერიოდული დათვალიერება (სასურველია თვეში ერთხელ). კანზე საეჭვო წარმონაქმნი ჩნდება სხეულის არა მხოლოდ ღია, მზისგან დაუცველ, არამედ ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზეც. ასე რომ, დაათვალიერეთ კანი მთლიანად, სხეულის წინა და უკანა მხარე. უმჯობესია, სარკეში თქვენს სხეულს მთელ სიგრძეზე ხედავდეთ. დაათვალიერეთ თქვენი სახე – ცხვირი, ტუჩები, პირი და ყურების წინა და უკანა ზედაპირი. შეამოწმეთ თქვენი ხელები, მათი გარეთა, შიდა ზედაპირი და თითებშორის არეები. ასწიეთ ზევით იდაყვები, დაათვალიერეთ მკლავების შიდა ზედაპირი და იღლიები. ფოკუსირება გააკეთეთ კისერზე, გულმკერდსა და სხეულის ზედა ნაწილზე. ქალებმა უნდა შეამოწმონ სარძევე ჯირკვლების დაფარული არეები. გამოიყენეთ პატარა სარკე კისრის უკანა ზედაპირისა და ზურგის დასათვალიერებლად.

ვინ არის რისკის ქვეშ? Read more of this post

ჩაქვში ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ მგზავრებს დაეჯახა

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

დღეს, ერთი საათის წინ ავტოავარია მოხდა დაბა ჩაქვში.  „ბათუმელების” ხელთ არსებული ინფორმაციით „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი ავტობუსის გაჩერებაზე შევარდა და იქ მდგომ მოქალაქეებს დაეჯახა. ავარიის შედეგად  სამი ბავშვი,   ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი დაშავდა.

„ბავშვების მდგომარეობა არ ვიცი, ბათუმშია ყველა გადაყვანილი, გაჩერებაზე შევარდა ავტომანქანა. იმ ადგილას ყოველთვის  ბავშვები იყრიან თავს სკოლის შემდეგ,“ – განუცხადა ბათუმელებს დაბა ჩაქვის რწმუნებულმა როინ ცინცაძემ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ყველა ექიმი დაკავებულია და საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვერ გასცემენ.

ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ავტორი: ნათია ზოიძე

“ჩვენ დავიწყეთ არჩევნებისთვის კონსულტაციების გამართვა, მაგრამ ჩვენ ვიხრებით იქითკენ, რომ მინიმალური აზრი მაინც ქონდეს არჩევნებში მონაწილეობას,” – განაცხადა 23 მაისს ბათუმში სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. იგი, რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად, საარჩევნო ერთობის ჩამოყალიბებას გეგმავს, თუმცა, კონკრეტულად ვისთან ერთად, ნინო ბურჯანაძეს დღეს არ დაუკონკრეტებია:

„ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, მოლაპარაკებები დაწყებულია და საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბევრი რამ არის ასაწონი და გასათვალისწინებელი, ამ ეტაპზე არ ვაკონკრეტებ, ვისთან მაქვს კონსულტაციები.“ Read more of this post

რვა შეცდომა ერთი პაციენტის საქმეში

ავტორი: ნანა კვაჭაძე

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ერთი პაციენტის საქმეში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ რვა სახის დარღვევა აღმოაჩინა. ამის გამო რამდენიმე ექიმის საქმე ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო 429 ლარით დააჯარიმეს. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ საავადმყოფოს ჯარიმა მას შემდეგ დააკისრა, რაც პაციენტის, ნაზი ხარაზის, საქმე შეისწავლა და მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა.
85 წლის ნაზი ხარაზს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში რამდენიმე დღის მანძილზე მკურნალობდნენ დიაგნოზით _ კოლაპტოიდური მდგომარეობა, გულის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ნათესავებმა მისი სახლში გადაყვანა გადაწყვიტეს. პაციენტის მეუღლემ, ხასან მამულაძემ, სამედიცინო მომსახურების თანხის 25 პროცენტი, 35 ლარი გადაიხადა, (60 წელს გადაცილებულ პაციენტთა მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, თუ პაციენტის დიაგნოზი შეესაბამება პროგრამით გათვალისწინებულ დაავადებებს), თუმცა სამი დღის შემდეგ მას საავადმყოფოს იურისტი დაუკავშირდა და აცნობა, რომ 663 ლარი, მეუღლის მკურნალობის თანხა უნდა გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცემოდა. Read more of this post

ერთხმად არჩეული რექტორი

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობაზე მეორე ვადით ალეკო ბაკურიძე ერთხმად  აირჩია.

არჩევნებამდე ალეკო ბაკურიძემ აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვით, ახალი რექტორი სამომავლოდ უნივერსიტეტში ინტეგრირებულ სწავლებას, ელექტრონულ საგანმანათლებლო პროგრამების და ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების   დანერგვას გეგმავს.

ალეკო ბაკურიძეს არჩევნებზე კონკურენტი არ ჰყოლია, იგი რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო.  წინა არჩევნებზე ალეკო ბაკურიძის ერთადერთი კონკურენტი პროფესორო რამაზ ხალვაში იყო. ამ არჩევნებზე არც მას გამოუხატავს ინტერესი. მისი აზრით, „ეს საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით, რომლებიც ალეკო ბაკურიძის გარდა სხვა კანდიდატურას ვერ აირჩევენ“.

 

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers