რეპორტაჟი მაჭახელას თოფის სამჭედლოდან

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

მაჭახელას თოფის ძეგლი მაჭახლის ხეობის შესასვლელში

მაჭახელას თოფის ძეგლი მაჭახლის ხეობის შესასვლელში

მაჭახლის ხეობის შესასვლელში, იქ სადაც მდინარე მაჭახელა ჭოროხს უერთდება მაჭახელას თოფის ძეგლი დგას. კაჟიანი თოფი ხეობის სიამაყე, ისტორია და წარსულია. ქვის ლოდზე, რომელზეც თოფის ძეგლი დგას, დავით წერეთლის სიტყვებია ამოტვიფრული: „პატარა მაჭახელი, არის ცოცხალი ისტორია საქართველოსი“.

მაჭახელას ხეობას აღმა, სოფელ ზედა ჩხუტუნეთისკენ მივუყვებით. მეგზურობას სინდიეთელი, 75 წლის დავით ძნელაძე მიწევს. ბატონი დავითი ყოფილი პოლიციელია, პოლიციაში 23 წლიანი მუშაობის შემდეგ პენსიაში გავიდა და ხელი საკუთარი კუთხის ისტორიის შესწავლას მიჰყო.

„ამ ადგილს ეძახიან შავ მორიელას. ე.ი. შელამაზებულია სიტყვა შავი მორევი, ღრმა მორევია, შავად მოჩანდა. ზემოთ ის ადგილი არის ქვახრიალა, იმიტომ უძახიან ქვახრიალას რომ ქარია თუ წვიმა, ხშირად მოდის ქვები, ამიტომ ქვახრიალა დაარქვეს,“ – დავით ძნელაძე მდინარე მაჭახელას ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გვიჩვენებს.

ზედა ჩხუტუნეთი პატარ-პატარა უბნებად არის დაყოფილი. გვიანეთი, ძნელიეთი, ძნელქედი. პირველი გაჩერება გვიანეთია. სოფელში ჩვენს მინი ექსპედიციას გვიანეთელი ვასო ძნელაძე უერთდება. გვიანეთში ცოტახანს ვჩერდებით და ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებით ვინტერესდებით. Read more of this post

„გადადებული საქმეების“ მინისტრის რბოლა

თბილისი-ბათუმის საავტომობილო გზის მონაკვეთი 2 საათსა და 50 წუთში აქვს დაფარული. მოყვარულ მრბოლელთა შორის გამართულ რალში სამჯერ მეორე ადგილი აქვს მოპოვებული. იურისტ-ეკონომისტი, ავტომრბოლელი და ამჟამად, როგორც თვითონ ამბობს, „გადადებული საქმეების მინისტრი“, მერაბ აბაშიძე „ბათუმელებს“ ბათუმური რბოლის შესახებ უყვება.

პირველად ავტომანქანის საჭეს 12 წლის ასაკში მიუჯდა. პირველი მანქანა „06“ იყო, თუმცა პირველი გამარჯვება მკლავჭიდში მოიპოვა.

„2004 წლიდან „ბეემვეზე“ ვზივარ. თითქმის ყოველღამე ვგონკაობდი. ძალიან მომყოლია, დამმორჩილებელია ოღონდ თუ იცი, თუ არ იცი მოგჭამა ჭირი. მერსედესზე დაჯდება ნებისმიერი მძღოლი, წაიყვანს და პრობლემა არ ექნება, სხვა ნებისმიერ მოდელზე. „ბეემვეზე“ რომ დაჯდება წაიყვან ორჯერ უკეთესად თუ იცი მისი ტარება. „ბეემვეს“ მერე სხვა მოდელზე რომ ზიხარ, ისე მიდის რომ ხმაც არ ისმის. „ბეემვეს“ კიდევ ისეთი ხმა აქვს, ისეთი შეგრძნება აქვს რომ აი აგკრავს სკამზე, მიდიხარ, ჰაერს ისუნთქავ, ისუნთქავ და არ ამოგდის, ფეხის აწევა არ გინდა გზიდან,“ – ემოციებს ვერ მალავს მერაბი.

ბათუმში გამართულ რალში სამჯერ მეორე ადგილი აქვს აღებული.
„პირველზე ვერ მივაღწიე ჯერ. ძრავი არ მაძლევდა საშუალებას, თან არიან ბიჭები რომლებიც ჩემზე უკეთესები არიან. პირველ ოფიციალურ რბოლამდე ჩემთვის ვმოძრაობდი, მიყვარდა ქუჩის ხულიგნობები. ღამღამობით ვაწყობდით ბიჭები, ქუჩის ხულიგნები ვიყავით რა. შემდეგ რალის ფედერაციის პრეზიდენტმა მთხოვა მხარში დამიდექით. თქვენც ოფიციალურად მოიკლავთ მაგ ჟინს და ადრენალინს გამოუშვებთ, ჩვენც საქმეში ჩაგვეთვლებაო. 2010 წელს გაიმართა პირველი ოფიციალური რბოლა და მას შემდეგ რეგულარულად იმართება. პირველი რბოლა იყო მოულოდნელი ჩემთვისაც, საერთოდ არც ვაპირებდი და არც მეგონა თუ რამეს მივაღწევდი. თუმცა მაინც გავედი და პირველივე რბოლაზე ავიღე მეორე ადგილი,“ – იხსენებს მერაბ აბაშიძე.

„რბოლის მომენტში ორ რამეზე ვფიქრობ: გამოვიდეს კარგი სანახაობა და მივაღწიო იმას, რის მისაღწევადაც მივედი იქ – გავიმარჯვო. რბოლისას შვებას ვგრძნობ ყველანაირს. მაგალითად რაღაცაზე გაბრაზებული თუ ვარ, შემიძლია დავჯდე მანქანაზე ერთი-ორი საათი მაგარი ვიარო და ყველანაირად ვეშვები. მავიწყდება,“- ამბობს ის.

ბავშვობაში, ექიმების მიერ დაშვებული შეცდომის გამო დღეს ხელჯოხით დადის. გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობა ხელს არაფერში უშლის.

„პოლიუმელიტი ჰქვია ჩემს დაავადებას, რომელიც არასწორი აცრის გაკეთების შედეგია. ოჯახში ვიყავით სამნი, მე, ჩემი ძმა და ჩემი და. როცა ვუყურებდი სხვები რას აკეთებდნენ, მეც მინდოდა იგივე გამეკეთებინა. ვუყურებდი მეზობლის ბავშვები როგორ დადიოდნენ ველოსიპედით, მეც მინდოდა და დავდიოდი კიდეც. ხუთი-ექვსი წლის ასაკიდან. მერე მანქანამ გამიტაცა. ტექნიკური მხარე მაინტერესებდა უფრო მეტად. შემიძლია ძრავი ამოვიღო, დავშალო, ნებისმიერი მანქანის დეტალი ამოვიღო და ავაწყო. ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება. შეუძლებელი არ არსებობს. მიუხედავად იმისა რომ ესე ვიყავი საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში სამჯერ ავიღე საპრიზო ადგილი, ორჯერ პირველი, ერთხელ მეორე. ღმერთს დავუჯილდოებივარ ეგეთი ჯილდოთი. ბევრს ვინც ახლოს გამიცნობს პირველი კითხვა ისაა რომ როგორ ახერხებ. იყო ეგეთი შემთხვევაც, ავარიაში მოვყევი, რომლის შემდეგ გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც დღესდღეობით ჩემი უახლოესი მეგობარია. მონატრეული ვიყავი და ვთხოვე დამსვი საჭესთანთქო. დამსვა, ორი კვარტალი რომ გავიარეთ, მითხრა: ძმურად ნელა იარეო, ცალი ფეხით ტორმუზს ვერ მოასწრებო. ეგ იყო მისი შეცდომა, თვითონ აღიარებს სადაც არ უნდა ვიყოთ. მეთქი რა ვერ მოვასწრებთქო. ერთი კვარტლის შემდეგ მანქანიდან გადმომიხტა და წადი სადაც გინდა იქ იარე, მე სახლში ვიქნები, შენ მოდი მანქანას აღარ ვკითხულობო მითხრა,“ – ამბობს მერაბ აბაშიძე.

პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. თუმცა ამ კუთხით არასდროს უმუშავია.

„სამი წელი ვიმუშავე აჭარის ტრანსპორტის სამინისტროში. შემდეგ „შპს“-დ გარდაიქმნა და ბოლოს სულ დაიშალა. ახლა არაფერს ვსაქმიანობ, გადადებული საქმეების მინისტრი ვარ, ასე ვშაყირობთ მე და ჩემი ძმა,“ – ხუმრობს მერაბ აბაშიძე.

„ადამიანებს მინდა ვუთხრა თუ რამე პრობლემა აქვთ ჯანმრთელობის მხრივ ან რაღაცა, ნუ დაეცემიან, იბრძოლონ ბოლომდე. შეუძლებელი არაფერია, მონდომებაა მთავარი. რომ არ ვყოფილიყავი ეგეთი, შეიძლებოდა დავმჯდარიყავი სახლში, როგორც ბევრი. ვიცი ხალხი, „კასტილითაც“ არ დადიან, უბრალოდ კოჭლობენ და უჭირთ სიარული. ზიან სახლში და მიმჯდარი არიან კომპიუტერთან. სხვა მეტი არაფერი. მე მაგას მირჩევნია გამოვიდე ქალაქში და ვიბრძოლო ბოლომდე იმისათვის რისი მიღწევა მინდა. მოვუწოდებ რომ იბრძოლონ იმისათვის რაც უნდათ. არ დაკომპლექსდნენ არ დაჯდნენ სახლში, არ ჩაიკეტონ კომპიუტერთან. სამომავლო გეგმები არ მაქვს, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ერთი ოცნება მაქვს, მინდა მანქანა გავაუმჯობესო და „E-60“ ვიყიდო. ადრე ძალიან სწრაფად დავდიოდი. თბილისი-ბათუმის გზა მაქვს 2 საათსა და 50 წუთში დაფარული. თან ორთაჭალიდან გამოვედი და იქ დავინიშნე დრო. თუმცა გუშინ სამ საათსა და 40 წუთში ჩამოვედი. ოთხი საათი მჭირდება რა. ალბათ ასაკთან ერთად ყველაფერი მიდის.“

“ბათუმიზაცია” – კომენტარი თოჯინების თეატრის რეკონსტრუქციის შესახებ

ნესტან თათარაშვილი, არქიტექტორი, მოდერნის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში. netgazeti.ge -ს ბლოგერი 

ამ შენობაზე გათვალისწინებული დაშენება იმ პროცესის წარმატებული გაგრძელებაა, რასაც ხალხმა “ბათუმიზაცია” დაარქვა და რაც ძველი სახლების უმეტესობაზე მანსარდებისა და დამატებითი სართულების, ხან კი მთლიანად ახალი, მრავალსართულიანი შენობების დადგმას, თუ ჩადგმას (მაგ. ფოსტის შენობა) ითვალისწინებს.

“ბათუმიზაცია”, “სიღნაღიზაციის” მსგავსად, მთელი შემართებით მიმდინარეობს თბილისშიც და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, მაგრამ არც მცირე ქალაქები ან დაბებია “უყურადღებოდ” დატოვებული. სულ ახლახანს შევიტყვეთ ოზურგეთის შესახებ , სადაც საბჭოურ შენობებს არქიტექტურულად  „აძველებენ“ და გუმბათებით შემკობას უპირებენ, ალბათ ისე, როგორც ეს შარშან თბილისის თოჯინების თეატრს გაუკეთეს აღმაშენებლის გამზირზე.

უკვე დროა ამ ყველაფერს ერთი საერთო სახელი დაერქვას – მუტანტიზაცია. ეს გაახლებული, ძველი ანდა საბჭოთა შენობები ხომ აღარც ძველია და აღარც ახალი, ისინი მხოლოდ ქვეყნის დღევანდელი პოლიტიკის მუტანტი შვილები არიან, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან და საკმაოდ საშიშ საფრთხეებზე მიგვანიშნებენ, ჩვენ კი გულგრილად შევყურებთ  დღემდე თითქმის უცვლელად მოღწეული არქიტექტურის უმოწყალო დასახიჩრებას. Read more of this post

შანსი სტუდენტებისთვის

ლელა თურმანიძე

ავტორი: ეთერ თურაძე
7 მაისს ცნობილი გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტის ვინაობა, რომლებიც შემდეგ სასწავლო კურსს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელებენ. კონსორციუმი, რომლის წევრიც არის ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტებს მომავალში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის შესახებ, ანუ ევროპაში განათლების მიღების შესაძლებლობაზე ”ბათუმელებს” რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და, პროექტის კოორდინატორი ლელა თურმანიძე ესაუბრა: Read more of this post

რეკომენდაცია ზეწოლის ნიშნით

ტურიზმის დეპარტამენტი კვების ობიექტებს ფასების შემცირებისაკენ მოუწოდებს 

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

ტურისტული სეზონის დაწყების წინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმში არსებულ კვების ობიექტებს ფასების შემცირების რეკომენდაციას აძლევს. დეპარტამენტის გარდა კერძო ბიზნესს ფასების შემცირებისაკენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც მოუწოდებს. არის თუ არა ეს პრობლემის ხელოვნურად მოგვარების მცდელობა და რამდენად სწორია ამ ფორმით სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის რეგულაცია, ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები“ შეეცადა.

ბათუმში მდებარე რესტორანი „ყირამალა“ ერთ-ერთი ბოლო კვების ობიექტია რომელმაც მენიუს ფასები 10 დღის წინ შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ტურიზმის დეპარტამენტის რეკომენდაციას, დაეკლოთ ფასები, თავდაპირველად რესტორნის ადმინისტრაცია არ დათანხმდა. ამის გამო კი თითქოს „ყირამალას“ ბათუმის ბულვარის  ადმინისტრაციამ მთელი რიგი ბარიერები შეუქმნა – მანქანის პარკინგისათვის გამოყოფილი ადგილის შესასვლელები ჯაჭვით ჩაკეტა და რესტორანი ფაქტობრივად ავტოსადგომის  გარეშე დატოვა. თუმცა ამ ფაქტს თავად რესტორნის მენეჯერი კატეგორიულად უარყოფს. „რამოდენიმე დღის გაკეთებულია ეს ჯაჭვები. რატომ გააკეთეს და მილი გამოცვალეს,“ – ამბობს რესტორან „ყირამალას“ მენეჯერი ია ფირცხალავა.

შესასვლელი გზის ჩაკეტვის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს  ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი ირაკლი კოტია. Read more of this post

დატყვევებული წიგნები მასწავლებლებისთვის

ავტორები: ეთერ თურაძე, ანი ბერუკაშვილი

2009-2010 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა მსოფლიო ბანკის დახმარებით იაპონიისგან გრანტი მოიპოვა და 67 ახალი სახელმძღვანელო თარგმნა. წიგნების თარგმნაში 500 000 დოლარი დაიხარჯა, თუმცა წიგნები დღემდე არ გამოცემულა. სიმონ ჯანაშიას აზრით, „ამ წიგნების დაბეჭდვის თანხა სახელმწიფოს უნდა ეპოვნა, რაც არანაირი პრობლემა არ იყო წინა წლებში – 2011 წელს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტი 1.3 მილიონი იყო“. Read more of this post

მასაურა სოციალური პრობლემებით

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

„მარტო მაწონი, მაწონი… ეს მაწონიც აღარაა! უკვე აღარაფრის აღარ მრცხვენია!“

ბათუმიდან 5 კილომეტრში მდებარე სოფელ მასაურას მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. სოფლამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია. ბეტონის საფარი მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთებზეა დაგებული. მასაურაში გასულ წელს ელექტროსადენები შეცვალეს, თუმცა სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. სადენები ბოძების ნაცვლად ხეებსა და სახლებზეა მიბმული.

This slideshow requires JavaScript.

მასაურაში მცხოვრები ექვსი შვილის დედა, ჟუჟუნა ცეცხლაძე, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ცეცხლაძეების სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. გეოლოგების დასკვნით იქ ცხოვრება საშიშია, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ცეცხლაძეებს აწუხებს. ოჯახს საარსებოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს და მცირეწლოვანი ბავშვები სარჩოს გარეშე არიან დარჩენილნი.

„ექვსი შვილი მყავს, ორი ტყუპი სულ პატარა. ყველანაირი დახმარების გარეშე ვართ 9 სული. მყავს ავადმყოფი მოხუცი. რომელიც მოსავლელია და რომლის პენსიაზეც ვართ ყველა. სხვა რამე ფინანსური დახმარება არ მაქვს, რომ ვირჩინო თავი. დედამთილი გარდამეცვალა მარტში და სოციალური დახმარებაც შემიჩერეს. იყვნენ გადასამოწმებლად და ყოველდღე ველოდები ახალ ქულას, რომ დახმარება აღმიდგეს. ახლა ბაღანას წამალი რომ ვუყიდო, იმის ფულიც არ მაქვს. დღეს ბავშვები ექიმთან მყავდა, ბრონხები აქვს გაღიზიანებულიო და 25 ლარის წამალი გამოუწერა. ვერ ვუყიდე. წამოვიყვან სახლში, ამოვიტან ამ რეცეპტს დავდებ, მერე გაურთულდებათ, გავიყვან ბავშვთაში დავაწვენ. ახლა ფქვილიც არ მაქვს, რომ მოვზილო და ბაღნებს პური მაინც მივცე. ბაღანას უბრალო გერკულესი ხომ მაინც უნდა უყიდო. მარტო მაწონი, მაწონი… Read more of this post

ზღვისპირელი თავგადასავლების ძიებაში

მირანდა ფალავანდიშვილი, ბედუინებთან უდაბნოში

ავტორი: მანანა ქველიაშვილი

„მე ზღვისპირელი ვარ, ასე დაწერეთ, ზღვისპირელი. იცოდით? ყველა ზღვისპირელი სუნით ცნობს ერთმანეთს,“  „ბათუმელების“ რესპონდენტი ზღვისპირელი მირანდა ფალავანდიშვილია.

„მაძიებელი ვარ. სულ ვეძებ, იმიტომ, რომ მიყვარს ცხოვრება. ყველაფერი ძალიან მარტივია. გამუდმებით ვეძებ. აქამდე რაც მიძებნია, ყველაფერი მიპოვია. აბსოლუტურად ყველაფერი. ირლანდიის სიგიჟეებიდან დაწყებული, ფრანგული გასტრონომიით დამთავრებული. მაინტერესებდა რა იყო და მოლეკულური გასტრონომია. ვისწავლე. უნიკალური პროფესიაა. ჩვენთან არ არის, საქართველოში, მაგრამ გენიალურია“.

17 წლის იყო, როცა საფრანგეთში წავიდა, სადაც დიპლომატიასა და გეოპოლიტიკას სწავლობდა. საფრანგეთის შემდეგ იყო ირლანდია,  სადაც ხუთი წელი დარჩა.

„ძალიან რთული იყო ცხოვრება, თუმცა რთულთან ერთად იყო ძალიან საინტერესო.  თავისი უზარმაზარი პრობლემებით, საემიგრაციოდან დაწყებული, დამთავრებული ყოველდღიური გადასახადებით და ასე შემდეგ. მე იქ  აღმოვაჩინე ხელოვნება. ასევე აღმოვაჩინე ისიც, რომ ეს ყველაფერი გასაყიდად არის და განსხვავებულად, ვიდრე ჩემს ქვეყანაში. უნდა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური, რომ რაღაცას მიაღწიო. მე დღეს ბრიტანეთის მოქალაქე ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ“.
Read more of this post

კულტურული მემკვიდრეობა, ტურიზმი და „ხალხის მტრები”

ავტორი: ნანა კვაჭაძე

„რატომ არის საზოგადოება ინერტული, როდესაც ჩვენს ქალაქში ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისება და ნგრევა?“ – 30 ნოემბერს, „პრესკაფეში“ გამართულ შეხვედრაზე ეს კითხვა G-PAC -ის პროგრამის სტიპენდიანტმა, სულხან ოქროპირიძემ დასვა, რომელიც ორი თვის მანძილზე სწავლობდა აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის საჯაროობას. მან ნოემბრის ბოლოს ორთვიანი მუშაობის შეგედეგები გააცნო სპეციალისტებს.

სულხან ოქროპირიძე მიიჩნევს, რომ „ცნება -კულტურული ტურიზმი, საქართველოში არ არსებობს, ჩვენთან ძველს ანგრევენ და ახლის აშენებით ცდილობენ ტურიზმის განვითარებას“. ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს მას ორი თვის მანძილზე შესწავლილი ოთხი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აძლევს. შესწავლილი ძეგლებიდან – ფიჭვნარის ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლი, ბათუმის ზღვისპირა ბულვარი, მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობა, ყოფილი შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობა (ძველი სასტუმრო „ბელ-ვიუ“), ორი დანგრეულია.

გაყიდე და მოხსენი სტატუსი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვის პოლიტიკა Read more of this post

რექტორის არჩევნები ერთი კანდიდატით

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთკანდიდატიანი არჩევნების ტრადიციას აგრძელებს. აკადემიური საბჭო რექტორად ამჯერადაც ალეკო ბაკურიძეს აირჩევს, თუმცა მათ სხვა არჩევანის შესაძლებლობა არც ექნებათ, რადგან უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, მოქმედმა რექტორმა გამოთქვა.

მაისის ბოლოს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი შეიკრიბება და უნივერსიტეტის ახალ რექტორს აირჩევს. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი და სავარაუდოდ მომავალი რექტორი, ალეკო ბაკურიძეა. უნივერსიტეტში რექტორობის სურვილი სხვას არავის გამოუთქვამს.

რატომ აღმოჩნდა ალეკო ბაკურიძე კონკურენტის გარეშე და რამ გამოიწვია რექტორის არჩევნების მიმართ ასეთი გულგრილობა,  რამდენად ჯანსაღი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მხოლოდ ერთი კანდიდატით ტარდება არჩევნები უნივერსიტეტში? Read more of this post

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 678 other followers