„შეწყდეს ქველმოქმედების დევნა“

ავტორი: ლელა დუმბაძე

საქველმოქმედო ფონდის მხარდამჭერი აქცია

დღეს 21 თებერვალს, ბათუმში ზვიად გამსახურდიასა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, იქ სადაც წლების განმავლობაში „წმ. ნინოსა და წმ. ფრანჩესკას სახელობის საქველმოქმედო ფონდი“-ს მიერ დაარსებული დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. ფონდის ხელმძღვანელი სვეტა კუდბა და საზოგადოების წარმომადგენლები, საქველმოქმედო ფონდისთვის შენობის წარტმევის ფაქტს აპროტესტებდნენ.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ შენობა საქველმოქმედო ფონდს გასულ წელს წაართვა და შემდეგ დაანგრია, დედათა და ბავშვთა თავშესაფარის გარდა შენობაში უფასო სასადილოც ფუნქციონირებდა, სადაც ასამდე მიუსაფარი ადამიანი ყოველდღიურად იკვებებოდა.

Read more of this post

რას უპირებს მერია გმირთა მემორიალს

დღეს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის ირგვლივ ტერიტორია შემოიღობა. მუშები, რომლებიც მემორიალის შემოღობვაზე არიან დაკავებული, ამბობენ რომ სამუშაოებს მერიის დავალებით ასრულებენ. თუ რა მიზნით ხდება მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა და ხომ არ აპირებს მერია მის დემონტაჟს, ამის თაობაზე ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა ძნელაძე კომენტარს არ აკეთებს. 

პენსიონერთა რიგები „ლიბერთი” ბანკთან

ქეთი ლაბაძის ფოტო  

This slideshow requires JavaScript.

ჩაქვის სანაპირო მატარებლის გამცილებლებმა სანაგვედ აქციეს

ავტორი: მაია მიქელაძე

ჩაქვის რკინიგზის სადგურის მიმდებარე სანაპირო ზოლი ნაგავსაყრელად იქცა. აქ მცხოვრები მოსახლეობა ამაში მატარებლის გამცილებლებს ადანაშაულებენ, რომლებიც ნაგავს მატარებლის მახლობლად ყრიან.

ჩაქვის რკინიგზის სადგურს რამდენიმე თვეა დამლაგებელი აღარ ჰყავს, სადგურის უფროსი და იქ მომუშავე თანამრომლები შენობას თავად ალაგებენ, ხანაც კი საკუთარ ხარჯებს იღებენ დასალაგებლად. სადგურში გაუქმებულია საპირფარეშოც. თბილისი-ბათუმის ღამის მატარებელი ბათუმში მგზავრების ჩამოყვანის შემდეგ ჩაქვში მიდის და მთელი დღის მანძლზე, საღამომდე იქ დგას.

სანაპირო ზოლთან მცხოვრები შორენა შარაშიძე ამბობს რომ, მას შემდეგ, რაც მატარებელი „თბილისი-ბათუმი” ჩაქვის სადგურში დგება, მოსახლეობა ნაგავს ვერ უმკლავდება. მისი თქმით, მატარებლის გამცილებლები, რომლებიც მთელი დღეს ატარებენ ვაგონში, ნაგავს ფანჯრიდან ყრიან: „გამცილებლებმა ჩაქვის ზღვის სანაპირო ზოლი ნაგავსაყრელად აქციეს, ჩაქვის სადგურის უფროს მივმართეთ, მაგრამ ეს მე არ მეხებაო გვითხრა. არ ვიცით, რომელ შესაბამის ორგანოს მივმართოთ, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, ადრე დამლაგებელი ალაგებდა, მაგრამ გაათავისუფლეს, როცა გამცილებლებს ვკითხეთ, თუ რატო აკეთებდნენ ამას, ყველა სათითაოდ უარყოფს ნაგვის დაყრის ფაქტს. ასევე აუტანელი სუნი დგას, რადგან სადგურში არსებული საპირფარეშო დაკეტეს და გამცილებლები მთელი დღის მანძილზე მატარებელში არსებული საპირფარეშოთი სარგებლობენ. ეს ყველაფერი ლიანდაგზე გროვდება და იხრწნება.”

„გაუსაძლისია ამ სიბინძურის ატანა,” ამბობს შუშანა ცინარიძე ამბობს, რომელიც ასევე სადგურის მახლობლად ცხოვრობს. „აქაურობა ნაგავსაყრელად იქცა, რამე თუ ჭამეს ან ნივთი უხმარიათ მატარებლის გამცილებლებს და აღარ დასჭირდათ, ყველაფერი ზღვის მხარესა გადმოყრილი. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, თორემ მე თვითონ დავალაგებდი, იმდენად შეწუხებული ვარ. ჩემი სახლის წინ დაყრილ ნაგავს კი ვგვი, მაგრამ მთლიან ლიანდაგს ხომ ვერ დავგვი. არც ნორმალურად თქმამ და არც ჩხუბმა არ გაჭრა გამცილებლებთან. ახლოს ზღვის სანაპიროა და სისუფთავე უნდა იყოს. მათ რომ ჰკითხო, ნაგავს არ ყრიან, აბა მოსახლეობა მატარებლის ბილეთებს, ბოთლებს, ერჯერადი მოხმარების თევშებსა და ჭიქებს ხომ არ დავყრით და ჩვენივე ტერიტორიას ჩვენ არ დავაგვიანებთ?”

ჩაქვს ქობულეთის სანდასუფთავების სამსახური ემსახურება, თუმცა სამსახურის უფროსის, ვაჟა ჯინჭარაძის განცხადებით, მათ მოვალეობაში მხოლოდ ტროტუარების დასუფთავება შედის და არა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ლინდაგის გასწვრივ ნაკვეთის დასუფთავებაზე საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტმა უნდა იზრუნოს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, არჩილ დუმბაძე ამბობს, რომ რკინიგზის სადგურის საპირფარეშო მათი მოთხოვნის თანახმად დაიკეტა, რადგან ანტისანიტარია იყო. არჩილ დუმბაძის თქმით, ზედამხედველობის სამსახურმა უკვე მიწერა რკინიგზის დეპარტამენს, მოაგვაროს ეს პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ კი უახლოეს დღეებში პრობლემა არ მოგვარდება, ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტერიტორიის დათვალიერების აქტი უნდა შედგეს და რკინიგზის დეპარტამენს ტერიტორიის დანაგვიანებისათვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

Read more of this post

ფოტორეპორტაჟი დედაქალაქიდან

This slideshow requires JavaScript.

მერია კანონს არღვევს

 ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ბათუმისათვის“ წევრები აცხადებენ, რომ მერია მის მიერვე მიღებულ კანონს არღვევს. საკითხი პარკირების საფასურის გადახდას შეეხება. 31 იანვრის სხდომაზე, საკრებულომ მიიღო დადგენილება პარკირების საფასურის  გაზრდის შესახებ. ამ ცვლილების მიხედვით, პარკირების საფასური თითქმის 100 პროცენტითაა გაზრდილი. დადგენილება, კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ უნდა ამოქმდებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, მოქალაქეებს მერია საშუალებას არ აძლევს პარკირების საფასური ძველი ტარიფით გადაიხადონ. „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ მერიამ ახალი კანონის ამოქმედებამდე, ბანკებს პარკირების საფასურის მიღება აუკრძალა. „მერიას შეუძლია მანქანის მფლობელი დააჯარიმოს საფასურის გადაუხდელობის გამო, თუმცა მომხმარებელს არ ეძლევა საშუალება რომ მოსაკრებელი გადაიხადოს, რადგან ყველა კომერციულ ბანკში დაიგზავნა წერილები პარკინგის საფასურის გადახდის შეჩერების შესახებ“. ფრაქციის წევრების განცხადებით, ეს არის კანონის დარღვევა, რადგან მერიამ წინსწრებად მოახდინა დადგენილების ამოქმედება. „მიუხედავად ჩვენი პროტესტისა, რომ არ გაძვირებულიყო პარკირების მოსაკრებელი, მერიამ არ გაითვალისწინა თანამოქალაქეების ინტერესებიც. პირიქით, კიდევ უფრო შორს წავიდა და დაარღვია კანონი. ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებმაც კანონზე მაღლა საკუთარი თავი დააყენეს, მოქალაქეები დააზარალეს და შეუზღუდეს კანონიერი უფლება“.ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ მერიის ამ ქმედებას, სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პროტესტი აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გამო

პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

ავტორი:ლელა დუმბაძე

„პრეს-კაფეში“, პოლიტიკური გაერთიანება „ემსახურე საქართველოს“ ლიდერმა მურმან დუმბაძემ და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებს შორის შეთანხმება გააპროტესტეს. შეთანხმების მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში ერთ დროს არსებული აზიზიეს მეჩეთის აღდგენა უნდა მოხდეს. „პრეს-კაფეში“ შეკრებილი ადამიანების განცხადებით, ეს შეთანხმება სცილდება კულტურულ ჩარჩოებს და პოლიტიკურ ელფერს იძენს: `საქართველო-თურქეთს შორის დადებული კულტურულ-პოლიტიკური თუ სავაჭრო ურთიერთობები მისასალმებელია, თუმცა ოსმელეთის იმპერიის სულთნის, აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების წინააღმდეგი ვართ. არარსებული მეჩეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადება და ახლის აშენების უფლების მოპოვება, არის ნაცვალგების პრინციპის დარღვევა და სცილდება ორი ქვეყნის კულტურული თანამშრომლობის სფეროს“-აცხადებს მურმან დუმბაძე. მისივე განცხადებით, ხელშეკრულება აშკარად პოლიტიკურ დატვირთვას იძენს, `რადგან ხელისუფლების გადაწყვეტილება აჭარისთვის მეტად ტრაგიკულ ისტორიას შეგვახსენებს. თუკი ხელისუფლება როგორც საქართველოს, ასევე ტურქეთის არ გაითვალისწინებს საზოგადოების  მოთხოვნას,  შესაძლებელია ამას არა მარტო   ვნებათაღელვა, ესკალაციაც მოჰყვეს“-ამბობს, მურმან დუმბაძე.

მეჩეთის მშენებლობის მოწინააღმდეგეების განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობა, სცილდება როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების ფარგლებს და წარმოადგენს მსოფლიო კულტურის საგანძურს, `ამიტომ მისი დაცვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმებით“.

პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი განცხადება, გადაეგზავნება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებს, ასევე თურქეთის გენერალურ კონსულს ბათუმში.

ბათუმში პარკირების საფასური ორმაგდება

„ბატონო ირაკლი, თქვენ მოკლე მეხსიერება გაქვთ”

ავტორი: ნათია ზოიძე 

კრიტიკა ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა  ამავე საკრებულოს თავჯდომარისგან  გიორგი კირთაძისგან დაიმსახურა. შეფასება –  „ბატონო ირაკლი თქვენ მოკლე მეხსიერება გაქვთ”, იმ კითხვებს მოჰყვა, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა   ბათუმში პარკირების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით  დღეს სხდომაზე  დასვა.

ბათუმის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფების თანახმად, პარკინგით სარგებლობის ერთკვირიანი ბარათი 4-ის ნაცვლად 7 ლარი ეღირება, ერთწლიანის კი 40-ის ნაცვლად 80 ლარი. პარკინგის გაზრდილი საფასური ძალაში 10 თებერვლიდან შევა. „ავტომანქანის მეპატრონეს, რომელსაც ერთიანად 80 ლარი არა აქვს, მას შუძლია 6 თვის ფული გადაიხადოს 45 ლარი“– განმარტავს საკრებულოს თავჯდომარე გიორგი კირთაძე.

რამდენად არის ეს შეღავათი  ძნელი გასაგებია, რადგანაც გამოდის,  რომ  მას ვისაც ფული არ აქვს, ჯამში 10 ლარით მეტი უნდა გადაიხადოს. კირთაძე ამ ფორმულირებას არ ეთანხმება: „აპრობირებულია, როცა მოკლე ვადიან მომსახურებას იღებ უფრო მეტს იხდი“.

რა იყო პარკირების  ადგილების  საფასურის გაზრდის მოტივი?
გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა დასახვეწი და ეს სფერო უნდა განვითარდეს, „მართალია ქალაქის ბიუჯეტიდან ამ პრობლემის მოსაგვარებლად 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ პარკირების საფასურის გაზრდითაც მივიღებთ დამატებით შემოსავლებს, რომელიც ისევ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაიხარჯება“.

სწორედ დამატებითი შემოსავლების გამჭირვალედ ხარჯვაში ეპარება ეჭვი რესპუბლიკელ ირაკლი ჩავლეიშვილს: „შეიძლება აიპის ხელმძღავნელმა 14 000 ლარიც კი დაინიშნოს ხელფასი, არ არსებობს გარანტია ამ თანხების გამჭირვალედ ხარჯვის და შესაძლებელია აიპის ანგარიშიდან თანხა არჩევნების დროს მმართველ პარტიის ანგარიშზეც აღმოჩნდეს“.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს შპს “ბათუმის პარკინგის” ხელმძღვანელად ზაზა ნაჭყებია დანიშნეს.
„ბათუმის პარკინგი“ კი ჯერ არ გაუქმებულა, ამიტომ ნაჭყებია ორივე ორგანიზაციას ერთდროულად უხელმძღვანელებს. მას ორ თანამდებობაზე ერთდრულად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. რამდენიმე თვის განმავლობაში მას „ბათუმის პარკინგის და ბათუმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა მანამ ეკავა, სანამ ვიცე-მერს ავთანდილ დარჩიას ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე გადაიყვანდნენ.

დღესვე განისაზღვრა ტაქსების პარკირების ადგილები და ამ ადგილების საგებლობის საფასურიც. სპეციალურად ტაქსებისთვის 450-მდე ადგილი გამოიყო, პარკირების საფასური ტაქსის მძღოლებისთვის თვეში 30 ლარია.

სხდომაზე ასევე სხვადასხვა დაწესებულებებისთვის პარკირების ადგილების ნორმატიული საფასური დადგინდა. პარკინგის მოწყობისთვის დაწესებულებებმა წლის განმავლობაში ერთი კვადარტული მეტრის მიწის ნაკვეთზე 50 ლარი უნდა გადაიხადონ.
ბათუმისგან განსხვავებით დედაქალაქში წლის განმავლობაში პარკირების ადგილებით სარგებლობის საფასური მხოლოდ 40 ლარს შეადგენს. Read more of this post

ვის მოვთხოვოთ პასუხი ავტოავარიების გამო? ანუ ხუთი შეკითხვა ვიცე-მერს

ავტორი: ნათია ზოიძე

„ბათუმის ტერიტორიაზე  ხშირ შემთხვევებში  საგზაო ნიშნების არარსებობის, ან არასათანადოდ  თვალსაჩინოდ განთავსების გამო ხდება  ავტოავარიები, იღუპებიან  მოქალაქეები.  ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამის გამო ?“– ეს და კიდევ  ხუთი მთავარი  კითხვის ადრესატი  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის ვიცე მერი, ჯემალ ანანიძე იყო.
Read more of this post

შუქი, წყალი და ნაგავი ერთ ქვითარში

ავტორი: ლელა დუმბაძე

ბათუმის საკრებულოს 17 იანვრის გადაწყვეტილებით, ბათუმში კომუნალური გადასახადების გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება.  მოსახლეობა ელექტროენერგიის, წყლისა და სანდასუფთავების მოსაკრებელს, ერთდროულად გადაიხდის. ქვითრების ერთიანი ადმინისტრირებისთვის კომპანია „ენერგო პრო-ჯორჯიას“ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 370 000 ლარი გამოეყო. ქვითრების ერთიანი ადმინისტრირება, როგორც მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ტიტე აროშიძე ამბობს,  იმისთვის არის საჭირო, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა ერთიან სისტემაში მოექცეს: „ერთიანი ადმინისტრირების შემდეგ, ყველა აბონენტს ინდივიდუალურად მიუვა სახლში ქვითარი და  საშუალება ექნება თავად გაეცნოს თუ რამდენი აქვს გადასახადი, რამდენი დავალიანება.   მოსახლეობა ერთიან ქვითრებს ერთი თვის შემდეგ მიიღებს, რადგან მანამდე წინასწარი მოკვლევითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომ მოხდეს მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა სულადობის მიხედვით. კითხვაზე-დარჩება თუ არა მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე, თუკი ის ვერ შეძლებს მაგალითად წყლის ან სანდასუფთავების გადასახადის ერთად გადახდას?  ტიტე აროშიძე ამბობს: „ეს უკვე იქნება მარეგულირებელი კომისიის საკითხი და მან უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოხდება ურჩი გადამხდელებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესება“.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 29 other followers